რუსეთმა აფხაზური სოფელი აიბღა შეიერთა

რუსეთმა აფხაზური სოფელი აიბღა შეიერთაგულიკო ბალაძე, ახალი თაობა
აფხაზეთის სოფელი აიბღა რუსეთის სახელმწიფომ თავისი რეესტრის ბაზაში შეიყვანა. რუსეთის აღნიშნული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ 2009 წელს განხორციელდა. თუმცა, მთელი საქართველოსთვის ცნობილი ქართველი ბლოგერის ჯიხაიას მეშვეობით გახდა. მან აღმოაჩინა სოფელი აიბღა რუსული რეესტრის ბაზაში რეგისტრირებული და ინფორმაცია თავის ბლოგზე გამოაქვეყნა თანდართულ რუკებთან ერთად.
სოფელი აიბღა გაგრის რაიონს ეკუთვნის, მაგრამ რუსეთის ფედერაციამ რეესტრში დაარეგისტრირა, როგორც რუსეთის ტერიტორია. აიბღა კრასნოდარის მხარეს მიუერთეს.
ამ საკითხზე მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის აპარატმა კომენტარი გაავრცელა.
– ეს რეგისტრაცია რუსეთის საკადასტრო მონაცემთა ბაზაში ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა. ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა. მას არც საერთაშორისო სამართალი სცნობს, არც საერთაშორისო საზოგადოება და მით უფრო, არც საქართველოს იურიდიული სივრცე.
ნაბიჯები, რომელთაც რუსეთის ფედერაცია დგამს, სიმბოლურია და ბევრ რამეზე მეტყველებს. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ საოკუპაციო რეჟიმისათვის ადგილობრივების ინტერესს – საუბარია აფხაზებზე, ქართველებსა თუ ვინმე სხვაზე, მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც მას საკუთარი სამხედრო თუ პოლიტიკური ინტერესების გატარება სურს.
ამიტომ, ვფიქრობ, ამ და ძალიან ბევრ საკითხში, საჭიროა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, მოვძებნოთ შეხების წერტილები, რადგან საფრთხე, გამოწვევები საერთოა და საუბარს, დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
“ახალი თაობა” აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას დაუკავშირდა.
– ბატონო ჯემალ, რას აკეთებს საქართველოს კიონსტდაზვერვის სამსახური, ან უშიშროების სამსახური. აქამდე რატომ არ ვიცოდით, 2009 წელს თუ დაარეგისტრირა რუსეთმა ეს სოფელი თავის რეესტრში. მას შემდეგ ხომ 10 წელი გავიდა?
– რა თქმა უნდა, სწორი შეკითხვაა, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცის თვით აფხაზეთის მოსახლეობამაც. თუმცა, გამორიცხულია, იქაურმა დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს არ იცოდეს.
– ბლოგერმა თუ გაიგო, დე ფაქტო ხელისუფლებამ არ იცოდა?
– ბლოგერი იმიტომ არის ბლოგერი, რომ მან ეს აღმოაჩინა. ალბათ, ისეთ ვებგვერდზე შეაღწია, სადაც ამ ინფორმაციის მოძიება იყო შესაძლებელი. მე არ ვფიქრობ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რაღაც სპეციალური გადაწყვეტილებით ეს ტერიტორია რუსეთს გადასცა.
– აბა, ასე უხმაუროდ როგორ აღმოჩნდა რუსების ხელში?
– უბრალოდ, ალბათ, უთხრეს, თქვენ გაჩერდით, ჩუმად იყავით, ჩვენ მივიერთებთ, თქვენ ხმას ნუ ამოიღებთ, ამ ფაქტზე თვალი დახუჭეთო.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ღალატი ჩაიდინა, თორემ სოფლის გადაცემის თაობაზე რაიმე დოკუმენტი რომ გაფორმებულიყო, მაშინ ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენს სპეცსამსახურებს არ გაუჭირდებოდათ ამ ფაქტის ადრე გამომჟღავნება-გამომზეურება.
ჩემი ვარაუდით, აღნიშნული სოფელი ზეპირი შეთანხმებით არის გადაცემული რუსებისთვის. ახლა ბლოგერმა აღმოაჩინა, რომ 2009 წელს არის დარეგისტრირებული. არადა, ჩვენ 2009 წლის შემდეგაც სულ გვესმოდა, რომ აფხაზეთი ამ ტერიტორიას არ დათმობს. ამაზე ერთი ამბავი იყო აფხაზურ მედიაში. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც მკვეთრ განცხადებებს აკეთებდნენ.
შემდეგ რაღაც კომისია იყო შექმნილი, თითქოსდა საზღვრის დასადგენად, მაგრამ იმ კომისიის მუშაობის შედეგი არსად გამოქვეყნებულა. აი, ასე ჩუმად, აფხაზეთის მოსახლეობის ზურგს უკან, ეს ტერიტორია რუსეთისთვის არის გადაცემული.
– რატომ იკლავდა თავს რუსეთი ამ სოფლისთვის?
– საზღვარი ფსოუზე გადის. ფსოუს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს არის სოფელი აიბღა. ფაქტობრივად, ორი აიბღა. ერთი აიბღა რუსეთის შემადგენლობაშია, მეორე აიბღა – აფხაზეთის შემადგენლობაში. აფხაზეთის შემადგენლობაში მყოფი აიბღას ნაწილი წაღებულია რუსეთის მიერ.
იქ გადის ქედი, მთა. არ ვიცი, რუსებისთვის რა ღირებულებას წარმოადგენს ის მცირე ტერიტორია. 2009 წლის შემდეგ საუბარი იყო წიაღისეულზე, ხე-ტყეზე. მარმარილოს საბადოზე.
სოჭში ოლიმპიადა რომ ჩატარდა, ამაზე ბევრი იწერებოდა. ჩვენც თავის დროზე განცხადება გაგვიკეთებია, მაგრამ ეს ხე-ტყესა და რუსულენოვან მოსახლეობაზე იყო აქცენტი გაკეთებული, რომელიც უფრო სოჭთანაა დაკავშირებული, ვიდრე აქეთ – გაგრასთან.
ახლა ამბობენ, საზღვარი გაასწორესო. სხვათა შორის, იმ რუკაზე, რომელიც გამოქვეყნებულია, კარგად ჩანს, როგორ არის საზღვარი გადმოწეული. ახალი საზღვარია გავლებული.
– აიბღაში რუსები ცხოვრობენ?
– დიახ, რუსები ცხოვრობენ.
– მხოლოდ რუსები ცხოვრობენ თუ აფხაზებიც?
– მე-19 საუკუნეში, 50-იანი წლების ბოლოს, 60-იანი წლების დასაწყისში აიბღაში მაცხოვრებელი ხალხი სოფლიდან გაასახლეს, ტერიტორია დააცარიელეს და შემდეგ იქ რუსები ჩაასახლეს.
– ე.ი. ეთნოწმენდა მოხდა?
– დიახ, იქ მცხოვრები მოსახლეობის ეთნოწმენდა მოხდა და მათ ადგილზე იმპერიამ რუსი მოსახლეობა ჩაასახლა. სულ რამდენიმე ჰექტარია, დიდი ტერიტორია არ არის, მაგრამ ეს არის სუფთა ანექსია. სრულიად უკანონო ქმედებაა.
ეს რომ იყოს საქართველოსთან რაიმე შეთანხმებით, მაშინ გასაგებია, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლება, საერთოდ, კანონიერიც რომ იყოს, მას არ აქვს უფლება, უცხო ქვეყანას გადასცეს საქართველოს ტერიტორია.
ამიტომ იურიდიული თვალსაზრისით ეს არის უკანონობა, საქართველოს ტერიტორიის მისაკუთრება, არის ანექსია. როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია აღდგება, სრული უფლება გვაქვს, ამ ტერიტორიის დაბრუნებაც მოვითხოვოთ.
ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს მოხდება რუსეთთან საზღვრის დემარკაცია, დელიმიტაცია და ეს ტერიტორიები ისევ დაგვიბრუნდება. ეს არის მდინარე ფსოუს მარცხენა მხარეს.