სამეგრელოს გუბერნატორად გახარიას მარჯვენა ხელი, ლევან კაკავა, ინიშნება?

სამეგრელოს გუბერნატორად გახარიას მარჯვენა ხელი, ლევან კაკავა, ინიშნება?შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა
“ახალი თაობა” უკვე წერდა, რომ მთავრობაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება და ეს ცვლილებები გუბერნატორებსაც შეეხება.
შესაცვლელთა სიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორიც მოხვდა. რომელიც ამ თანამდებობაზე გასულ წელს დაინიშნა.
ალექსანდრე მოწერელიამ სამეგრელოს გუბერნატორის პოსტზე ლევან შონია ჩაანაცვლა, რომელიც არაერთ სკანდალში იყო გახვეული. როგორც ამბობენ, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შონიას მოხსნას დიდი ძალისხმევა შეალია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯერ ისევ მოქმედი გუბერნატორიც გახარიას კადრად ითვლება, მაგრამ მისი შეცვლა მაინც გადაწყდა. როგორც “ოცნებასთან” დაახლოებულმა წყარომ “ახალ თაობას” უთხრა, მოწერელიას გაშვება შს მინისტრმა გადაწყვიტა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შს მინისტრმა სამეგრელოს გუბერნატორის პოსტზე რეკომენდაცია თავის მარჯვენა ხელს და მოადგილეს ლევან კაკავას გაუწია.
ნორმალურ ქვეყანაში გუბერნატორების დანიშვნა შს მინისტრის საქმე არ იქნებოდა, მაგრამ საქართველოში ყველაფერი მოსულა და არც ის უნდა გავიოცოთ, თუ გუბერნატორი პოლიციის მაღალჩინოსანი გახდება.
მმართველ პარტიაში “ახალ თაობას” უთხრეს, რომ ეს საკადრო ცვლილება შეიძლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს. “ოცნებამ” მართალია ზუგდიდის მერის არჩევნები მოიგო, მაგრამ ამას არნახული ძალისხმევა შეალია.
სამეგრელოში მძიმედ ჩაიარა საპრეზიდენტო არჩევნებმაც და მმართველი გუნდი დარწმუნდა, რომ აქ ცოტა სხვანაირი მუშაობაა საჭირო. წინა გუბერნატორი თავისი სკანდალებით ხალხს აღიზიანებდა. მოქმედ გუბერნატორს ეფექტურობას უწუნებენ.
მოგეხსენებათ, რომ არჩევნების ამბავში სამეგრელოს მხარე გიორგი გახარიას აქვს ჩაბარებული და რა გასაკვირია, თუ ის წინასწარ დაიკავებს თადარიგს.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მმართველ პარტიაში მას ბევრი მოწინააღმდეგ ჰყავს. გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ ერის დიდი ნაწილი მის გადადგომას ითხოვდა, როგორც ამბობენ, ოპოზიციაზე და თვალებდათხრილ ხალხზე მეტად შს მინისტრის გადადგომა მეოცნებეებს სურდათ.
რამდენიმე მამალი ქოცი მზად იყო შს მინისტრის სავარძლის დასაკავებლად. ეს ამბავი გახარიამაც იცის. მან ისიც იცის, რომ მას რაღაცებს უჩალიჩებენ და არ გამორიცხავს, რომ სამეგრელო ჩაუგდონ.
ამიტომაც უპირებს კაკავას ამ მხარეში გადასროლას. ის იქ სიტუციას კარგად იცნობს. ამასთან, ზუგდიდისა და ცაიშის მეუფე გერასიმესთან ახლობლობს.
და, როგორც ამბობენ, მას სწორედ მეუფე გერასიმემ გაუწია რეკომენდაცია.