სანდრო ბრეგაძე – “გახარიას მოშორება “ოცნების” წევრებსაც უნდათ”

სანდრო ბრეგაძე - "გახარიას მოშორება "ოცნების" წევრებსაც უნდათ"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი შანდრო ბრეგაძე პასუხობს
– ბატონო სანდრო, თქვენი ინფორმაციით, ქვეყანას უმძიმესი შემოდგომა ელის, მსგავსი რამ ქვეყანას 1991 წლის მერე არ ახსოვსო. რას გულისხმობთ ამ განცხადებაში და რატომ გვექნება მძიმე შემოდგომა?
– ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრი არაპროფესიონალია, განსაკუთრებით კი მმართველ გუნდში. ასევე არ გვყავს პროფესიონალი ანალიტიკოსები. სამწუხაროდ დღეს მმართველ გუნდს არ ჰყავს შესაბამისი დონის ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები, რომლებიც მას დაუდებენ იმ შესაძლო განვითარების სცენარს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ყველაფერ იმას, რაც დაიწყო ე.წ. გავრილოვის ვიზიტის შემდგომ.
– თქვენი ინფორმაციები როგორია?
– მე მაქვს ინფორმაცია, რომ სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება ძალიან მძიმე ქუჩის პროცესები და იქნება საკმაოდ დიდი და მწვავე ქუჩის აქციები, რაც აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კატაკლიზმებს, რაც შემდგომ შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ დესტაბილიზაციაში.
დღეს პოლიტიკური პროცესები უკვე იმდენად რადიკალიზირებულია, რომ აქ აღარ არსებობს რაღაცა შუალედური რგოლის დაჭერის შანსი. აქ არსებობენ პოლუსები, ერთი პოლუსი, მეორე პოლუსი, რომლებიც უკიდურესად არის დაპირისპირებული ერთმანეთთან და რომლებიც ერთმანეთს არ დაუთმობენ არაფერს.
– ოპოზიციური ძალები გეგმავენ ამ ქაოსს და დესტაბილიზაციას?
– მე ამ ძალას ოპოზიციას არ ვუწოდებდი, ეს არის ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები. თუმცა ასეთი ძალების ნაკლებობას არც სახელისუფლო პარტია განიცდის.
მმართველ გუნდში შესაძლოა 20% იყოს პატიოსანი და ნორმალური ადამიანი, მაგრამ დანარჩენებიც იგივე წიაღიდან მოდიან, რომლიდანაც ეს ე.წ. ოპოზიცია. გიგა ბოკერია და მისი პარტია რომ საქართველოს მტერი და მოღალატეა, ამას არანაირი სერიოზული განსჯა და პოლიტოლოგიური ანალიზი არ ჭირდება. ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის ამ ქვეყნის მტერი.
– და ესენი ემზადებიან შემოდგომისთვის?
– რა თქმა უნდა, ესენი ემზადებიან შემოდგომისთვის. ეს ისეთივე დამანგრეველი და დანაშაულებრივი ძალაა, როგორიც ადრე კიტოვანის და იოსელიანის ბანდფორმირებები იყო.
– რა მოტივით გამოვლენ ქუჩაში?
– 20 სექტემბრიდან დაიწყებენ. მოტივი იგივე იქნება – გახარიას გადადგომა და ასე შემდეგ, ამ ხელისუფლების პირობებში მიზეზებს რა დალევს. ეს ყველაფერი კი აუცილებლად გადაიზრდება დესტაბილიზაციაში.
ერთი საინტერესო ფაქტი მინდა მოგიყვეთ. როდესაც გავრილოვი ჩამოვიდა თბილისში და იმ სავარძელში ჩაჯდა, იმ დღესვე ხელისუფლების გარკვეულ პირებს ჩემთან ჰქონდათ კომუნიკაცია და ისინი მეკითხებოდნენ, როგორც გამოცდილ ადამიანს, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მე მათ ვუთხარი, რომ თუ ახლავე არ გადადგამთ პოლიტიკურ ნაბიჯებს და პოლიტიკურ ნაბიჯში ვიგულისხმე კობახიძის გადადგომა პირველ რიგში, მაშინ პროცესები მიიღებდა უმართავ ხასიათს. მე მათგან მივიღე ასეთი პასუხი, რომ სანდრო, ნუ ახდენ სიტუაციის დრამატიზირებას, ყველაფერი კონტროლქვეშ არის და არაფერი ისეთი არ მოხდებაო.
– მაგრამ მოხდა.
– იმავე საღამოს რაც მოხდა, ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ. კობახიძე რომ გადამდგარიყო დილით, მაშინ ეს ამბები აღარ დატრიალდებოდა. გადადგა მეორე დღეს, მაგრამ მის გადადგომას ფასი აღარ ჰქონდა. ანუ ხელისუფლება ორი და სამი ნაბიჯის დაგვიანებით ახორციელებს თავის პოლიტიკურ ქმედებებს და ამიტომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. არც შემოდგომით მაქვს მისი დიდი გამჭრიახობის იმედი.
ჩვენს მოძმე ებრაელ ერს აქვს ერთი შესანიშნავი გამოთქმა, წყევლა – არც შენი იცოდე, არც სხვისი გაიგონოო. სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების პრობლემა. ჩვენი ხელისუფლება ახლა თვითკმაყოფილებას არის მიცემული.
– რით არიან კმაყოფილები? ქვეყანა თავზე გვემხობა.
– ისინი კმაყოფილები არიან იმით, რომ რუსთაველზე 7 საათზე მიტინგები არ მიმდინარეობს და ჰგონიათ, რომ მათ მოიპოვეს გამარჯვება, რაც არის უდიდესი შეცდომა. ჯერ ერთი, თვით ეროვნული მოძრაობის აღზევების პერიოდშიც კი აგვისტოში თბილისში მიტინგები არ იმართებოდა.
– პოლიტიკურად მკვდარი პერიოდია.
– რა თქმა უნდა, უმეტესობა ადამიანებისა დასასვენებლად მიდის, თან ძალიან ცხელა და ქუჩაში დგომა არის წარმოუდგენელი, მაგრამ მოდის ხოლმე შემოდგომა, როდესაც წიწილებს ითვლიან. დაბრუნდება დასვენებული ხალხი, ენერგია მოკრეფილი და მერე იყოს “ოცნება” თვითკმაყოფილი იმით, რაც რუსთაველზე დაიწყება.
– რუსთავი 2-სა და ტვ პირველის მიმართ პოლიტიკაზე რას იტყვით?
– მე გავმიჯნავდი რუსთავი 2-ის პრობლემას და ტვ პირველი პრობლემას. ტვ პირველი ნამდვილად არ არის პარტიული ტელევიზია, რუსთავი 2 იყო პარტიული ტელევიზია. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა.
ტვ პირველის გამორთვა ან რაიმე ფორმით შეჩერება იქნება უდიდესი შეცდომა და დანაშაული, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დაშვებული. თუკი ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც საღი აზრი აქვთ შემორჩენილი, მათ არ უნდა დაუშვან ეს პროცესები. კრიტიკული მედია ნამდვილად უნდა არსებობდეს. პირიქით, მას განვითარების საშუალება უნდა მიეცეს და არ უნდა შეიზღუდოს.
ხოლო რუსთავი 2 არანაირი თავისუფალი ტელევიზია არ იყო. ის იყო ჩვეულებრივად ნაცმოძრაობის ტელევიზია. რუსთავი 2-ის მესვეურებმა არ უნდა ისაუბრონ, რომ ეს არის თავისუფალ მედიაზე შეტევა. უფრო სწორი იქნება თქვან, რომ ეს არის პარტიულ მედიაზე შეტევა და ამაში მართლები იქნებიან, რადგან ნაციონალურ მოძრაობას თავისი ტელევიზია აღარ აქვს. ეს ტელევიზია ყოველთვის წართმევით და ძალადობრივი გზით გადადიოდა ხელიდან ხელში.
– კულუარებიდან გამოდის ხმები, რომ პრემიერობის 3 კანდიდატი განიხილება: გახარია, ცქიტიშვილი დანელია. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
– ეს ინფორმაცია მე კი არა, დარწმუნებული იყავით, თავად გუნდშიც არავის აქვს. მე არ მგონია, დღეს ერთი კაცის გარდა ვინმემ იცოდეს, რა ცვლილებები იგეგმება და ეს ერთი კაცი იცით, ვინც არის. ის, ვინც თავად გეგმავს და იღებს ყველანაირ გადაწყვეტილებას.
– იქნება ცვლილებები?
– რა თქმა უნდა, რაღაც ცვლილებები იქნება მაგრამ ისინი შედეგის მომტანი არ იქნება.
– თუ კვლავ ქუჩაში გადაინაცვლებს პროცესები, შეძლებს ხელისუფლება ვითარების გაკონტროლებას? ხომ არ მოხდება ისე, რომ ძალისმიერი მეთოდებით გაუშვან ეს ხელისუფლება?
– რა თქმა უნდა, როდესაც ქუჩის პროცესები იწყება, ყოველთვის არის ამის შანსი. მძიმე პროცესები აუცილებლად იქნება, რამდენად გაუძლებს ამას ხელისუფლება, ეს რთული სათქმელია.
– ამიტომ დატოვეს გახარია? დაჭირდებათ რთულ პერიოდში?
– დღეს ხელისუფლება განიცდის ინიციატივიანი და პრინციპული პოზიციის მქონე ადამიანების ნაკლებობას. გახარია კი სწორედ ასეთი პიროვნებაა, რომელიც განსხვავდება მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებისგან.
გავრილოვის ამბავი საბაბი იყო, ეს ყველაფერი იყო გახარიას წინააღმდეგ მიმართული კამპანია და ამ ყველაფერში ხელისუფლების წევრებიც მონაწილეობდნენ სწორედ გახარიას წინააღმდეგ. ის გუნდში ძალიან ბევრს არ მოსწონს.
– თავად ბიძინას მოსწონს?
– რომ არ მოსწონდეს, აქამდე გაუშვებდა. ამ ადამიანზე შეუძლია ხელისუფლებას დაყრდნობა, რასაც ვერ ვიტყვით სხვა მინისტრებზე. დანარჩენები დიდ გაუგებრობაში არიან მოხვედრილი, ისე აცეცებენ თვალებს. ბევრი მათგანი აზრზეც კი არ არის, თუ რატომ მოხვდა ამა თუ იმ თანამდებობაზე.
დღეს გახარია სჭირდება ამ ხელისუფლებას. ეს ყველაფერი ნაციონალებმაც ძალიან კარგად იციან და ამიტომ უტევენ მას ასე თავგამოდებით.
– გახდება გახარია პრემიერ-მინისტრი?
– ძნელია ამის პროგნოზი, რადგან ამას ერთპიროვნულად ერთი ადამიანი წყვეტს, თუმცა სწორედ გახარიაა ერთ-ერთი ის ფიგურა, ვინც შეიძლება მოიაზრებოდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.