თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის ლევან მაისურაძის განცხადებით სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს.
შემთხვევა 8 აგვისტოს თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ექსპრეს-ფილიალში მოხდა, სადაც შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, 10 ათასამდე ლარი გაიტაცა და მიიმალა.
შსს-ში ბრალდებულის ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ის 25 წლის ლადო გარუჩავა გახლავთ.
პოლიციამ დოლიძის ქუჩაზე გარუჩავას დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც მას სავარაუდოდ ბანკის დაყაჩაღების დროს ეცვა, სახლის სხვენიდან კი ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
ლევან მაისურაძის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით წარედგინა, რაც ყაჩაღობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 25 წლის ლადო გარუჩავას 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში ბანკებზე ყაჩაღური თავდასხმის 4 ფაქტი გახსნა. საერთო ჯამში, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 8 პირი. შსს-ში ამბობენ, რომ კიდევ 3 ფაქტზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
პრაიმ ტაიმი

