საშინელი ავარია რენესთან – დაიღუპნენ დედა-შვილი და მათი მეზობელი ბრილიდან – მერსედესის მძღოლს ჩაეძინა და ბორდიურს შეეჯახა

საშინელი ავარია რენესთან - დაიღუპნენ დედა-შვილი და მათი მეზობელი ბრილიდან - მერსედესის მძღოლს ჩაეძინა და ბორდიურს შეეჯახათბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სოფელ რენესთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი, ხოლო დაშავდა ერთი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.

„თბილისის მიმართულებით მოძრავმა „მერსედესის“ მარკის მსუბუქმა ავტომობილმა, რომელშიც ოთხი მგზავრი იმყოფებოდა, მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მათ შორის ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალია.

​პირველადი ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რამაც ავარია გამოიწვია“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს შსს-ში.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილიდან გარდაცვლილების ამოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩართვა გახდა საჭირო.

გადარჩა ავტომობილის მძღოლი, რომელიც გორში ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ​შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები მის გამოკითხვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, რადგან მამაკაცი შოკშია.

ავარიის შედეგად დაიღუპნენ 55 წლის ქალი, მისი 30 წლის ვაჟიშვილი და მათი მეზობელი, 31 წლის სამხედრო მოსამსახურე.
სამივე მათგანი სოფელ ბრილიდან ტაქსით თბილისისკენ მიდიოდა. გარდაცვლილები ხაშურის მუნიციპალიტეტიდან სოფელ ბრილიდან არიან.
„დედა-შვილი და მათი მეზობელი თბილისში მიდიოდნენ ბრილიდან, როდესაც  მოხდა ავარია. მეზობლის ბიჭი 31 წლის არის და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მსახურობდა. დედა 55 წლის არის, მისი ბიჭი კი 30-ის“ – უთხრა qartli.ge-ს სოფელ ბრილის ადმინისტრაციული თემის სპეციალისტმა, ვეფხია ჩუბინიძიმე.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით 6-დან 10 წლამდე.