სოსო ცინცაძე – “ივანიშვილს მისი გუნდი სამარეს უთხრის”

სოსო ცინცაძე - "ივანიშვილს მისი გუნდი სამარეს უთხრის"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
სოსო ცინცაძე:
– შევარცხვინე ის ხელისუფლება, რომელიც შეიძლება ერთმა ტელევიზიამ, თან სუბიექტურმა ტელევიზიამ, ჩამოაგდოს. ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს ის, რაც დღეს რუსთავი 2-ის ირგვლივ ხდება. მეტიც, ჭკვიანი ხელისუფლება ზუსტად ისეთივეს დატოვებდა და იტყოდა, რომ ის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერია. თან ორთქლის გამოსაშვები არხიც იქნებოდა. ორთქლის გამოსაშვებ არხს თუ არ დატოვებს, ეს სერიოზული შეცდომა იქნება.
ცხოვრება რომ უარესდება, მედიკამენტებზე ფასები ყოველდღიურად რომ იზრდება, ეს გაცილებით სერიოზული ხიფათის შემცველია ხელისუფლებისთვის, ვიდრე რომელიმე ბიზნესმენის დაკავება თუ რუსთავი 2-ის გამორთვა.
– მამუკა ხაზარაძეში “ოცნება” რეალურ ალტერნატივას ხედავს?
– ყოველ შემთხვევაში, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. გარდა ამისა, 2012 წელს სააკაშვილისთვის არჩევნებში დამარცხება მოულოდნელი იყო, ეს ვიცი დანამდვილებით. სააკაშვილი კოშმარულ სიზმარშიც ვერ იფიქრებდა, რომ არჩევნებში დამარცხდებოდა, მაგრამ დამარცხდა.
ივანიშვილი სააკაშვილის შეცდომებს ითვალისწინებს. თადარიგს იჭერს. ჩვენთან ყველაზე ცუდი ტრადიცია არის დამარცხებული ხელისუფლების ბედი. ყველა დამარცხებულ ხელისუფლებას საშინელება ელოდება. უარეს შემთხვევაში საეჭვო ვითარებაში სიკვდილი, როგორც ეს პირველი პრეზიდენტის შემთხვევაში იყო, ან უკეთეს შემთხვევაში ქვეყნიდან გაძევება და ემიგრაციაში ცხოვრება. მართალია, შევარდნაძე კი ცხოვრობდა საქართველოში, მაგრამ კრწანისის რეზიდენციაში იყო შეპირებული პრეზიდენტის პენსიის გარეშე გამოკეტილი.
ამიტომ, ეს ცუდი ტრადიციაც ძალიან ბევრს განაპირობებს მოქმედი ხელისუფლების ქმედებებში. სწორედ ამიტომ არის, რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეშინიათ არჩევნების წაგების არა მხოლოდ ამ ხელისუფლებას, ყველა ხელისუფლებას. თან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამას ემატება ისიც, რომ ყველაფერი ერთ ადამიანს ბრალდება სამართლიანად თუ უსამართლოდ. ესეც ბევრ რამეს განაპირობებს.
– ივანიშვილის მთავარი გამოწვევა მაინც რა არის?
– გაცემული და შეუსრულებელი დაპირებები! და, რაც მთავარია, კორუფცია, რომელიც ყვირის! დღეს კორუფცია აღარ არის ჩუმი. ტალეირანს ჭირის დღესავით ეზიზღებოდა ჩუმი ქრთამი. ტალეირანი ქრთამს ღიად იღებდა. პოლონეთისგან 10 მილიონი აიღო იმ პირობით, რომ დამოუკიდებლობას მისცემდა, ვერ მისცა და დააბრუნა. ამ მხრივ პატიოსანი იყო.
სადღაც მაინც ივანიშვილმა ხელიდან გაუშვა მართვის სადავეები. პარტიაში ვერ დაალაგა სიტუაცია. დაკმაყოფილდა მხოლოდ იმით, რომ პირადად მას ეუბნებოდნენ საქებარ სიტყვებს. ერთი სიტყვით, მაამებლობას დასჯერდა. მაამებლებს კი რა გამოლევს. ხომ იცით, პირში აქებდნენ, პირს უკან სამარეს უთხრიდნენო. ამ შემთხვევაში ივანიშვილს მისი გუნდი საქმით უთხრის სამარეს.
– ასეთ დროს, მრჩევლების როლო როგორია?
– რამდენადაც მე ვიცი, ბატონი ბიგვავა, შალვა რამიშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი არიან ამ მიმართულებით. მე არ მგონია, რომ მათი პროფესიონალიზმი თანამედროვე მოთხოვნების ადეკვატური იყოს. შეიძლება ჭკვიანი ბიჭები არიან, მაგრამ ამ გამოწვევბის, რის წინაშეც დგას ხელისუფლება, ადეკვატურები ნამდვილად არ არიან.
ამაში დავრწმუნდი თუნდაც პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ, რადგან ეს იყო პიროსის გამარჯვება. ეს გამარჯვება ხელისუფლებას არაფერში სჭირდებოდა.
– დამარცხებულის, თან ნაციონალურ მოძრაობასთან დამარცხებულის იმიჯი, ალბათ მარტივი არ იყო.
– პირიქით, ბევრად უფრო მოგებული იქნებოდა ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში. არგუმენტებიც შემიძლია მოგიყვანოთ: ერთი, ეს იქნებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან დიდი პლუსი დემოკრატიის განვითარების კუთხით და მეორე, ხელისუფლებას შეეძლო, ყველა მკვდარი კატა ვაშაძის კისერზე ჩამოეკიდა.
იმის თქმა, რომ ყველა შემთხვევაში მიზანი ამართლებს საშუალებას, ტყუილია, რადგან ყველა შემთხვევაში არ ამართლებს.