სოსო ცინცაძე – „თუ რუსთავი 2-ს გამორთავენ, სიტუაცია აფეთქდება“

სოსო ცინცაძე - „თუ რუსთავი 2-ს გამორთავენ, სიტუაცია აფეთქდება“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო შეუფარდა 40.000 ლარის ოდენობით.

გადავედით თუ არა პოლიტიკური დაჭერებიდან უკვე მედია დაჭერებზე და ხომ არ მივდივართ იმ გზით, რაც ხდება რუსეთში? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საუბრობს:

_ სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესები? ყველას გაანეიტრალებენ, ვინც საზოგადოებრივად აქტიურია და ჩათვლიან, რომ ხელისუფლებისთვის საფრთხის მომტანია?

_ მე ჯერ არ ვიცი, რა არის მიზანი. მე პოლიტიკოსი არ ვარ და წინმსწრებ დასკვნებს არ გავაკეთებ. იმ შემთხვევაში, თუ მართლა მიზანი ეს არის, რომ მოდით გავასუფთავოთ პოლიტიკოსები, ჩვენი საწინააღმდეგო ჟურნალისტების იზოლირება მოვახდინოთ და შემდეგ ამომრჩევლის პირისპირ დავრჩეთ, ეს ნამდვილად არ არის ჭკვიანური გათვლა. ეს შემიძლია გითხრათ პოლიტიკის თეორეტიკოსმა.

ყველაზე საშიში საქართველოს ხელისუფლებისათვის უკმაყოფილო ელექტორატის პირისპირ დარჩენაა.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ხალხი უკმაყოფილოა. მაშინ უნდა განვავითაროთ თეორია, რომ გამორთეთ რუსთავი 2 და ნახეთ, რა კარგი ცხოვრებაა.

_ ანუ ხალხს ორთქლის გამოშვების საშუალებასაც არ დაუტოვებენ, ეს კიდევ უფრო მძიმედ შემოუტრიალდება ხელისუფლებას?

_ დიახ, ეს ასეა. თუ ორთქლის გამოშვებას არ ტოვებ, მაშინ ფეთქდება და საშინელება ხდება. ამიტომ, ეს არაპოლიტიკური გათვლაა. მე კიდევ თავს ვიკავებ ტერმინოლოგიისა და ეპითეტებისგან და არ ვიტყვი, რომ ეს გათვლა სულელურია, თუმცა ვიტყვი, რომ იდიოტურია.

_ ვერ ხვდებიან ამ ყველაფერს ხელისუფლებაში?

_ ვინ უნდა მიხვდეს, როდესაც ერთი პროფესიონალი პოლიტიკოსიც კი არ არის. გგონიათ, რომ ვოლსკი პროფესიონალი პოლიტიკოსია? ვოლსკი არის პროფესიონალი პარტიული მუშაკი. პარტიული მუშაკი და პოლიტიკოსი სულ სხვა ცნებებია.

ანალიტიკური სამსახური რომ აქვთ და რაღაც გვარებს რომ ასახელებენ, თუ დღეს იმათზეა დამოკიდებული „ოცნება“, კარგად ყოფილა მაგათ საქმე. არ მინდა გვარები დავასახელო, შენც კარგად იცი, ვისაც ასახელებენ. ამიტომ, ხელისუფლებას არ უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკაც მეცნიერებაა. როგორც დილეტანტი ექიმი არ შეიძლება ოპერაციას აკეთებდეს, რადგან ავადმყოფს მოკლავს, ასევე არ შეიძლება პოლიტიკას აკეთებდეს უცოდინარი.

კი ბატონო, ის კაცი, ივანიშვილი, თვითონ არ მალავს, რომ თვითონაც არ არის პოლიტიკოსი და პოლიტიკა არ უყვარს. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ადამიანი ვერასოდეს გააკეთებს კარგად იმ საქმეს, რაც მას არ უყვარს. ამიტომ, გამოდის, რომ სხვების რჩევით ღებულობს გადაწყვეტილებებს.

_ თუ შურისძიებაზეა აგებული მისი პოლიტიკა?

_ თუ შურისძიებაა პოლიტიკაში, ეს დამღუპველია, ეს უკვე ხარაკირია. ეს იცის პოლიტოლოგიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტმა. თუ მიზანი ეს არის, რომ მოდით გავაჩუმოთ რუსთავი 2 და ტვ პირველი, ცარიელ მაცივრებს როგორ გააჩუმებენ?! სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებენ?!

ამ თვენახევრის წინ გულწრფელი იყო ზვიად ძიძიგური, რომელმაც ინგა გრიგოლიასთან თქვა, რომ თუ 1 წელში ხალხმა ეკონომიკური წინსვლა არ დაინახავს, „ოცნებას“ არავინ აღარ მოუსმენს. მაგრამ, ცხოვრების გაუმჯობესება კი არა, იმაზეა ლაპარაკი, რომ იქნებ როგორმე ლარის გაუფასურება გაჩერდეს, იქნებ როგორმე ფასებმა დაიწიოს. ზაფხულში თუ ასეთი ფასებია სურსათზე, ზამთარში რა იქნება, ეს ნებისმიერმა ქსენია დიასახლისმა იცის.

_ ხომ არ დაინახეთ, რომ რუსული სცენარით მივდივართ? ის, რაც ხდება რუსეთში დემოკრატიის დასამარება და ა. შ. ეს გზა ხომ არ დაინახეთ „ოცნების“ პოლიტიკაშიც?

_ მცდელობაა რუსეთთან არადიპლომატიური მცდელობა ურთიერთობის დალაგების. მე მომხრე ვარ რუსეთთან ურთიერთობის გარკვევის. გავარკვიოთ მოკლევადიანი სტრატეგია და გრძელვადიანი. ახლა ნატო დოქტრინაზე მუშაობს, მისი მონახაზი გამოქვეყნდა. მათ იციან, რომ რუსეთი საშიშია, მისი შეკავება აუცილებელია, მაგრამ რუსეთთან ლაპარაკიც აუცილებელია, როგორც საშიშ ძალასთან, რომელიც უნდა შეაკავო. ეს არის სტრატეგია.

_ მე ცოტა სხვა მიმართულებით დავსვი კითხვა. არა რუსეთთან ურთიერთობის, არამედ რაც რუსეთში ხდება, იმის გადმოტანა ხომ არ ხდება-მეთქი? დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კრიტიკული ტელევიზიების ჩახშობის მცდელობა ხომ არაა?

_ როდესაც პუტინმა ენ-ტე-ვეს წინააღმდეგ დაიწყო შეტევა, მაშინ პუტინი იმყოფებოდა პარიზში. მაშინ მან განაცხადა, მე რა შუაში ვარ, ეს არის ორი სუბიექტის დავა. ზუსტად ეს გვესმის დღეს რუსთავი 2-თან მიმართებით, რომ რა შუაში ვარ, ეს ორი მესაკუთრის დავა არისო.

ეს ძალიან სახიფათო პროცესია. ეს რომ მართლაც ასე იყოს, ევროპაში ეჭვი იქმნება ამაზე, რომ რაღა მაინცდამაინც კრიტიკულ ტელევიზიებს ემართებათ დღეს ასეთი ამბები და ვთქვათ რატომ არ ემართება იმედს.

იმედს დაემართა მაშინ, როცა ის კრიტიკული იყო. როცა სამთავრობო არხებს ვალებს აჭრიან და ნიკა გვარამიას რაღაც გაურკვეველ რაღაცას ედავებიან, ბევრ კითხვას აჩენს.

კაცმა არ იცის, სად იხარჯება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი ფულია. მე და თქვენ გადასახადს რომ ვიხდით, ის ფული იხარჯება ამაში. ამ დროს მაღლაფერიძე რეალურად მრავალფერაძეა, იმიტომ, რომ ყველა მთავრობას ერგებოდა. ამ დროს რას აკეთებს, რა გადაცემებს აკეთებს?! თითქოს ყველა შეეგუა, რომ ეს საზოგადოებრივი არხია და ის არ უნდა იყოს რეიტინგული. ამიტომ, ის უნდა იყოს ჩვენს ბიუჯეტზე წურბელასავით ჩამოკიდებული.

_ მედიის მიმართულებით ასე განვითარდა პროცესები – ჯერ იყო რუსთავი 2, როგორც კი საკუთარ ხელში იხილეს, უკვე ტვ პირველის კონტექსტი გაისმა. როგორც კი გვარამია აანონსებს ახალი ტელევიზიის გაკეთებას, იწყებენ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას. არის თუ არა ეს კრიტიკული არხების ჩახშობის მცდელობა?

_ ხელისუფლება ფიქრობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს კრიტიკული არხები, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მაშინ სწორია ის მაქსიმა, რომ გამოვრთოთ რუსთავი 2 და კარგი ცხოვრება იქნება ქვეყანაში. ტელევიზიას შეუძლია მოიტყუოს, მაგრამ მსოფლიოში არავის გამოუგონებია, არც მერდოკს და არც არავის, რომ ტელევიზია სიღარიბეს სიმდიდრედ აჩვენებდეს, ან პირიქით.

თუ ბაზარში სურსათი ძვირდება, ვერცერთი ტელევიზია ვერ დაარწმუნებს დიასახლისს, რომ ეს ასე არ არის.