სუსი – “გეგიძის გამოკითხვა მის წინა სამსახურს უკავშირდება”

სუსი - "გეგიძის გამოკითხვა მის წინა სამსახურს უკავშირდება”უმრავლესობის წევრი დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა.

გეგიძე სუს-ში დღეს, 11:00 საათზე იყო დაბარებული.

„როცა უწყება ჩამაბარეს, მაშინვე ვუთხარი, რომ 19 აგვისტოს, 11:00 საათზე მისვლას ვერ მოვახერხებდი. მიზეზებს ვიტყვი დღეს, 14:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე“, – განუცხადა გეგიძემ „ინტერპრესნიუსს“.

თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით უწყებაში იყო დაბარებული, ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს.

„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება”, – აცხადებენ სუს-ში.

ინფორმაციისთვის, ბიძინა გეგიძე 2014 – 2016 წლებში „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.