თაკო ჩარკვიანი – „ივანიშვილი ცოცვა-ცოცვით აბარებს სამშობლოს პუტინს“

თაკო ჩარკვიანი - „ივანიშვილი ცოცვა-ცოცვით აბარებს სამშობლოს პუტინს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

რუსი ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავ ოკუპაციას აგრძელებენ და ამჯერად სოფელ გუგუტიანთკარში დაიწყეს მავთულხლართების გაბმა. უმძიმესი კადრები ნახა საზოგადოებამ, როდესაც ადგილობრივი გივი რაზმაძის სახლი მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა და გივი რაზმაძე საკუთარ სახლს თავისივე ხელით შლიდა.

ადგილზე ჩასული იყო სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, რამაც რაღაც შედეგი გამოიღო და ოკუპანტებმა მავთულხლართების გაბმა შეაჩერეს.

სავალალო იყო ის ფაქტი, რომ ადგილზე არც პრემიერი, არც პრეზიდენტი და არც პარლამენტის თავმჯდომარე ჩასულან. მაშინ როცა დიპლომატები გუგუტიანთკარში ჩავიდნენ, პრემიერი სამეგრელოში იყო და ფაროსანასთან გამარჯვებას აღნიშნავდა, ხოლო პრეზიდენტს განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი საუბრობს.

_ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, ვნახეთ უმძიმესი კადრები გუგუტიანთკარში, როდესაც გივი რაზმაძე საკუთარ სახლს თავადვე შლის. ვნახეთ ადგილზე დიპკორპუსის წარმომადგენლები, მაგრამ იქ არც პრემიერი გვინახავს, არც პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტს განცხადებაც კი არ გაუკეთებია. როგორია თქვენი შეფასება?

_ ახლა როცა ჩვენ ამ ინტერვიუს ვწერთ, ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი ადგილზეა ჩასული. გეთანხმებით, მე არ მინახავს პირველი პირები იქ. ხანდახან არის, როდესაც დიპლომატიურ ენაზე საუბარი მწვავე ფორმები არსებობს, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია. ჩვენ, ოპოზიცია კი არ უნდა ვითხოვდეთ, მთავრობა უნდა ამბობდეს, რომ ჯაჭვი გამოცხადდეს. უნდა იყოს წერილები, საგანგაშო ზარები და საუბარი იმაზე, რომ „გვიშველეთ“, აი ასეთ მდგომარეობაში უნდა იყოს საქართველოს მთავრობა და მიმართავდეს საერთაშორისო თანამეგობრობას.

ეს ხომ არ არის თავდასხმა, თავდაცვის მდგომარეობაში ვართ. ამბობ, რომ არ მინდოდა ომიო, გავიგე. კი ბატონო, არავინ არ ამბობს, რომ კედელს შეასკდიო. არცერთი ფორმა გამოყენებული არ არის. თქვენ ახლა საქართველოში ხედავთ საფრთხეს, ვხედავთ რა დღეში არიან ადამიანები. თავი რად გვინდა ცოცხალი, რასაც ჩვენ ვუყურებდით გუგუტიანთკარში. ახლა ოპოზიცია კი არ უნდა ყვიროდეს, მთავრობა უნდა ყვიროდეს. ჩვენ ვეხვეწებით და აქეთ გვლანძღავენ.

გუშინ გამლანძღეს ფეისბუქში, რატომ ამბობო. რას ჰქვია რატომ ვამბობ? ჩემ თვალწინ მიდის ჩემი ქვეყნის გადაბარება. ომი არ მინდაო, მაგრამ მშვიდობიანად მოგვარების ინსტიტუციებსაც რომ არ იყენებ? კი არ უნდა გააბუქო, მართლა რეალურად უნდა ასახო და შეძრა ამის გამო მსოფლიო.

ჩასული იყო ადგილზე სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ადგილობრივებს მიმართა, რითი დაგეხმაროთო?! ამას რა ჰქვია არც კი ვიცი.

_ ციხელაშვილი შეწუხდა და ჩავიდა მაინც.

_ კი, მაგრამ მავნებლები არიან ესენი. ადამიანები საკუთარი ხელით შლიან სახლებს და როდესაც შენ ლაპარაკობ ასეთი „სიაფანდი“ ლაპარაკით, ეს რა არის, არ ვიცი. პრემიერი უნდა იდგეს და მსოფლიო ლიდერებთან რეკავდეს და მთელი ამბავი უნდა იყოს.

_ თქვენ ხელისუფლების მუშაობა ვერ დაინახეთ? თუნდაც ის რომ ადგილზე ჩავიდა დიპლომატიური კორპუსი და რაღაც შედეგი გამოიღო და ამ ეტაპზე ოკუპაცია გაჩერდა?

_ დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა დაინახოს, შენ როგორ იქცევი, ურეკავ და ეუბნები, რომ მოდი და ორი სიტყვა შემაწიე.

_ მაგას ვგულისხმობ ზუსტად. ვერ დაინახეთ ის, რომ ისინი ხელისუფლების მეცადინეობით ჩავიდნენ?

_ იქნებ ოპოზიციის მეცადინეობით? გავწყდით წელში. გასწორებული გვაქვს დღე და ღამე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ერთი დღით ვიყავით ბათუმში, პარტიული შეხვედრები მქონდა და ისე გავაკეთეთ, რომ წავედით და მთელი ღამე ვიარეთ, რომ როგორმე დროულად ჩამოვსულიყავით.

_ სამაგიეროდ გორის მერია აჭარაში, გონიოში და ისვენებს (გორის მერი თავზარაშვილი შვებულებიდან 18 აგვისტოს გამოვიდა, როცა ინტერვიუ უკვე ჩაწერილი იყო – რედ. შენ.).

_ დიახ, სამაგიეროდ, გორის მერი ”ზაგარს” იღებს. რა დროს დასვენებაა, როდესაც ქვეყანას გვართმევენ. ესენი ვინ არიან? ამაზე პასუხს ვაგებინებთ.

ფილმი, რომელიც აგვისტოს დღეებში გავიდა ტელეიმედზე, ამ ფილმს რომ გაუშვებ ბიძინას არხზე, მერე შენ დიპლომატიური კორპუსი დაგიჯერებს, რომ სამშობლო გტკივა? შენ ხომ ამით ოკუპანტი რუსეთის პოზიცია აჟღერებ? ეს იყო ლალიაშვილ-ნაცვლიშვილის ფილმი.

_ ნაცვლიშვილს როცა ახსენებთ სახელიც დააკონკრეტეთ ხოლმე, ცუდად მხვდება ყურში, მეც ნაცვლიშვილი ვარ.

_ საინტერესო იუმორისტული პასაჟი შემოიტანე. რა თქმა უნდა, ლაშა ნაცვლიშვილი, დავაკონკრეტებ ამის შემდეგ.

ამიტომ არ მჯერა ამათი, იმიტომ, რომ არც არის დასაჯერებელი. არ მუშაობს ხელისუფლება. პირიქით, ის ეკრანზე უშვებს მოღალატეობრივ ფილმს. ამის შემდეგ გასაკვირი აღარ არის, რომ ოკუპანტი მოგვექცეს ისე, როგორც გვექცევა. შეკრულები არიან ამ ხელისუფლებასთან. მეტი რით დაამტკიცოს? საქართველოს თავზე გაჩენილმა ამ უბედურებამ, ივანიშვილმა სხვა რითი დაამტკიცოს? 20 ივნისს გავრილოვის ღამეს თვალები დაგვთხარა, 11 აგვისტოს ფილმით თავი მოგვჭრა, მეტი რა ქნას?!

აგვისტოში ომის დროს ერთი ამბავი რომ ატყდა, სააკაშვილმა ის მაინც მოახერხა, რომ ნახევარი მსოფლიო აქ იდგა იმ უბედურების ჟამს. ივანიშვილი არის პუტინის დასმული. ფულიც არ არის-მეთქი მაგისი, ვამბობ. ამდენი მილიარდი რომ გქონდეს, ასე თავს არ გაალანძღინებ ხალხს. ორ კაპიკს გაიმეტებ ხალხისთვის და არა ლაგამ ამოდებულებისთვის. სახელისა და გვარის დატოვებას მაინც მოინდომებდა ისტორიაში, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს ივანიშვილი, რადგან პუტინის კაცია და მისგან მართული.

_ სააკაშვილი აკრიტიკებს კობი-გუდაურის მონაკვეთზე მაგისტრალის მშენებლობას. იზიარებთ მის პათოსს?

_ ვიზიარებ. სწორად თქვა. როკის გვირაბს დღეს ცხვირში ვირტყამთ. როცა საომარ ვითარებაში ვართ, მავნებელო და გონებასუსტო ხელისუფლება, ამის გაკეთება შეიძლება?!

_ თუმცა, მიშასაც გაუხსენეს, რომ მასაც ჰქონდა ეს პროექტი გეგმაში.

_ ჰოდა, მაშინაც არასწორი იყო. არ არის ამის კეთების დრო. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ რაღაცა აღვმართოთ, რომ არ შემოვიდნენ, ჩვენ აქეთ ვუხსნით?! მე ამათგან არაფერი აღარ მიკვირს, სათავეში გვყავს მოღალატეობრივი ხელისუფლება.

_ გგონიათ, რომ ეს მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო კეთდება და არა შეცდომის გამო იმ მხრივ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას უსაფრთხოების ნაწილი გათვალისწინებული არ არის?

_ მოღალატეობრივიც არის და ფულიც. გახსოვთ, ივანიშვილმა თქვა, რომ ინფრასტრუქტურაში მილიარდნახევარი გატანილია და სად არისო? გამოძიება არ არის დასრულებული.

_ კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდს გულისხმობთ?

_   დიახ და არანაირი გამოძიება არ არის. შენ როცა ახალ ინფრასტრუქტურაზე ფიქრობ და თუ ძველ პროექტში იყო კორუფცია და ფულის გაფლანგვა, სად არის გამოძიება? დიდი ფული კეთდება. ესე იგი ესენი ფულს აკეთებენ მოღალატეობრივი გზით. ორივე ერთად არის, ღალატი და ფული ერთად არის გადაჯაჭვული.

მე იმიტომ გადავუდექი მათ, თორემ ჩვენს ოჯახს განა პატივს არ სცემდა იმ წლებში? ლეგენდები დადიოდა ქველმოქმედ ივანიშვილზე და იმ წლებში მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმოდა ადამიანებს. მე კი არა, ნაციონალური მოძრაობის დროს პატრულს აფინანსებდა. მაგრამ როდესაც ხელისუფლება აიღო ხელში და დავინახე, რომ ეს ქველმოქმედება გარიგებაა იმისთვის, რომ სამშობლო დამათმობინოს, არ წავალ ამ გარიგებაზე.

რეალურად პუტინი მიზის სათავეში. ეს კიდევ უარესია, ვიდრე პუტინი. იმიტომ რომ შენი სამშობლოს გამყიდველი ყოველთვის უარესია, ვიდრე გარე გამყიდველი. პუტინი თავის ქვეყანაშია, დამპყრობელია და ვინც არის, მთელმა მსოფლიომ იცის. მსოფლიო გააკვირვა მისმა დიქტატურამ.

_ მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გივი რაზმაძის ოჯახს სახლს აუშენებს. როგორ მიიღეთ მისი ეს განცხადება?

_ ძალიან კარგი, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მამუკა ხაზარაძეს მივესალმე იმ ვითარებაში, როდესაც ანაკლიის პროექტის კონფლიქტი შეიქმნა. მას მივესალმე ივანიშვილთან კონტექსტში, მაგრამ ხაზარაძე იქნება თუ სხვა, გამიხარდებოდა, რომ ცოტა ადრე გამოფხიზლდნენ ხოლმე. გამიხარდება, რომ ბიზნესმენები ცოტა ადრე გამოფხიზლდნენ, იქამდე, ვიდრე მათ კართან „დაიჩოქებს სიკვდილი“, რა თქმა უნდა, ამ ფრაზის გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ.

პირადად ერთ მამუკა ხაზარაძეს მესამე ძალად არ აღვიქვამ. დაგვიანებულ ძალებს არ ვენდობი, თორემ მამუკა ხაზარაძე თვითონ საინტერესო ფენომენია, მაგრამ ის რომ მესამე ძალაა, ასე ნამდვილად ვერ დავტვირთავ. პოლიტიკაში შემოსასვლელად საინტერესო ფიგურაა, მაგრამ მესამე ძალის ფუნქციას ის ვერ აიღებს. მგონია, რომ მესამე ძალისთვის მან ძალიან დააგვიანა.

_ თანამშრომლობისთვის თუ ხართ მზად?

_ მზად ვარ ყველასთან თანამშრომლობისთვის, ვინც გაერთიანებულ ოპოზიციასთან თავად მოინდომებს ურთიერთობას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მე თვითონ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს გაერთიანება გაძლიერდეს.

თანამშრომლობა თუ მოუნდებათ, ეს კარგი იქნება. ნახავთ თქვენ შემოდგომაზე, როგორი იქნება გაერთიანებული ოპოზიცია, ჩვენ კიდევ ვუყურებთ, პროცესები როგორ წავა. ბლოკები არ შეიძლებაო და ახლა მიდის საუბარი იმაზე, რა ფორმით და რა სახელწოდების ქვეშ გავერთიანდებით.