თელეთში ავარიის დროს დაშავებული 20 ადამიანიდან 17 სომხეთის, 2 – საქართველოს და 1 აზერბაიჯანის მოქალაქეა

თელეთში ავარიის დროს დაშავებული 20 ადამიანიდან 17 სომხეთის, 2 - საქართველოს და 1 აზერბაიჯანის მოქალაქეაგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ავარიის დროს დაშავებული 20 ადამიანიდან 17 სომხეთის, 2 – საქართველოს და 1 – აზერბაიჯანის მოქალაქეა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში გამთენიისას მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა.

ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ოცივე დაშავებული სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. უფრო კონკრეტულად: „ნიუ ჰოსპიტალსში“ -8 ადამიანი შეიყვანეს, „საპატრიარქოს იოაკიმე და ანას კლინიკაში“ – 3, ინგოროყვას კლინიკაში – 2 , „პინეოში“ – 4 და გადაუდებელი ქირურგიის და ტრავმატოლოგიის ცენტრში – 3 პაციენტი.

საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, სოფელ თელეთში ავარიის დროს დაშავებულ სომხეთის 4 მოქალაქეს ერევანში გადაიყვანენ. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის საელჩო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენელთა შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება თბილისთან ახლოს მომხდარ ავარიაში დაშავებული სომხეთის 4 მოქალაქის ერევანში გადაყვანის შესახებ.

დღეს სომხეთიდან ჩამოსული 4 რეანიმობილი სომხეთის მოქალაქეებს სომხეთში გადაიყვანს.

აღვნიშნავთ, რომ ამ 4 ადამიანის გარდა საავადმყოფოებში ავარიის შედეგად დაშავებული სომხეთის რესპუბლიკის სხვა მოქალაქეები არ არიან“, -ნათქვამია სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იპნ