თინა ხიდაშელი – ”ხელისუფლების მთავარი სამიზნე დღეს ტვ პირველია”

თინა ხიდაშელი - ”ხელისუფლების მთავარი სამიზნე დღეს ტვ პირველია”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ზე საინფორმაციო გამოშვება გაჩერდა და ეთერში კურიერი აღარ გადის, ხელისუფლების სამიზნე უკვე ტვ პირველია, ასეთი განცდა გაჩნდა საზოგადოების დიდ ნაწილში. ეს კი იმან გაამძაფრა, რომ რუსთავი 2-ის პროცესებიდან მეორე დღესვე ტვ პირველის დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამას ავთანდილ წერეთელს ბრალი წაუყენეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალეულობასთან დაკავშირებით.

არის თუ არა ხელისუფლების მორიგი სამიზნე ტვ პირველი, მოახერხებენ თუ არა იმას, რაც მოხდა რუსთავი 2-თან მიმართებით და თუ ესეც გამოუვიდათ, ხომ არ გადავლენ ინფორმაციის ტოტალურ კონტროლზე, მათ შორის პრესისა და ინტერნეტის კონტროლის თვალსაზრისითაც? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საუბრობს.

_ ვნახეთ, რაც მოხდა რუსთავი 2-ის შემთხვევაში და უკვე საგანგაშო სიგნალები გაისმა ტვ პირველთან მიმართებითაც. არის თუ არა მორიგი სამიზნე ტვ პირველი?

_ მეც ვფიქრობ, რომ ასეა. ჩემი პოზიცია გამოვხატე საჯაროდაც და თქვენთან ინტერვიუშიც გავიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში ეს არის მაქსიმალური პრევენცია 2020-ის მარცხისთვის ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ამოცანა, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა დაუსახა თავის გუნდს, უფრო სწორად, იმ ადამიანებს, ვინც ახლა ჰყავს მას გარშემო. ამ ამოცანის შესასრულებლად რაც გახდება საჭირო, იმას გააკეთებენ. გამომდინარე იქიდან, რა ტიპის ადამიანებზეც ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ ისინი არაფერზე უკან არ დაიხევენ.

დამოუკიდებელი მედია, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოხატავს, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით არის დაკავებული და მედია, რომელიც ხელისუფლების გადაცდომებსა და უკანონო მოქმედებებზე საუბრობს, რა თქმა უნდა, პრობლემაა არჩევნებისთვის, ამიტომ მიაჩნიათ, რომ უნდა გააჩუმონ. ბიზნესმენები, რომელთაც შეიძლება სითამამე აღმოაჩნდეთ და გადაწყვიტონ, რომ სწორედ ამ განსხვავებულობას დაუჭირონ მხარი, უნდა გააჩუმონ. პრევენცია უნდა გააკეთონ შიდა რღვევისთვის. მაგალითად, ბიძინა გეგიძის საქმე ჩემთვის სწორედ ამის დასტურია.

ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ერთ სისტემაში უნდა დავინახოთ და არა _ როგორც ცალ-ცალკე შეტევები რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე, ან რომელიმე კონკრეტულ ბიზნესკომპანიაზე, იქნება ეს ტელევიზია თუ სხვაგვარი ბიზნესი.

დიახ, ამ ერთიან სქემაში დღეს ტვ პირველი არის მთავარი პრობლემა და სამიზნე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოხდა რუსთავი 2-ში, როდესაც კურიერი გააჩერეს.

_ გამოუვათ ეს სქემა, რაც ჩაფიქრებული აქვთ?

_ მოკლევადიან პერსპექტივაში გამოუვათ. ზუსტად ისევე, როგორც რუსთავი 2-ში   გამოვიდა. ხაზს ვუსვამ _ მოკლევადიანად, მცდელობას არ დააკლებენ ამას. მაგრამ, მოახერხებენ თუ არა იმას, რომ ტვ პირველი გათიშონ ფიზიკურად, ისევე როგორც კურიერი გააქრეს, ამის მოლოდინი მაინცდამაინც არ მაქვს.

_ საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხელისუფლება ეს გეგმა ჩაშალოს და ამ ყოველივეს დაუპირისპირდეს?

_ ამაზე დათო უსუფაშვილს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო პოზიცია და მოსაზრება. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის გასაკეთებელი საზოგადოების მხრიდან. მთავარი ამოცანა, რაც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ და რაც საკუთარ თავს უნდა განვუსაზღვროთ, არის ის, რომ პრევენციულად ვიმოქმედოთ და არა ისე, რაღაცა რომ მოხდება, მერე ვიშვიშის რეჟიმში დავიწყოთ ლაპარაკი.

თუ ამაზე შევთანხმდებით და ჩამოვყალიბდებით, მაშინ ბევრი ინიციატივა, მოსაზრება თუ პოზიცია გაჩნდება და დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემა არაფერი არ იქნება.

მაგრამ მთავარი სწორედ ეს არის, ვართ თუ არა პრევენციისთვის საბრძოლველად მზად და ვართ თუ არა შეთანხმებული ამ საკითხებზე. ჯერჯერობით, ამ წუთის მდგომარეობით, უკაცრავად ჟარგონისთვის და სახეზეა „პოსლეზე“ ვიშვიში და არა ის, რომ დღეს რა ვქნათ იმისთვის, რომ ეს აღარ დაგვემართოს.

_ რუსთავი 2-ის თემაში ხელისუფლებამ გაიმარჯვა?

_ მოკლევადიანად თავს გამარჯვებულად თვლის. საკუთარი გეგმის თვალსაზრისით ისინი გამარჯვებულები არიან. ანუ არის მნიშვნელოვანი საზღვრები, ზოგადად და საშვილიშვილოდ და ყველა თვალსაზრისით კი არ გაიმარჯვეს, მაგრამ ის, რა კონკრეტული ამოცანაც დაუსახა ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილმა, ეს ამოცანა მათთვის მიღწეულია. ამიტომ, ამ მომენტისთვის საკუთარი ამოცანა შეასრულეს და ისინი გამარჯვებულები არიან. ჩვენ, დანარჩენი საზოგადოება, რას ვფიქრობთ, ეს არის მეორე საკითხი.

ამ შემთხვევაში თემას უნდა შევხედოთ მათი თვალებით და მათი გადმოსახედიდან. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ვიცოდეთ, როგორ აპირებენ აქედან 2020 წლის არჩევნებამდე მოძრაობას.

_ თუ გამოუვიდათ ტვ პირველთან ის, რაც გაუვიდათ რუსთავი 2-თან, იმის რისკსაც ხომ არ ხედავთ, რომ უკვე ტოტალურ კონტროლზე გადავიდნენ. მათ შორის პრესისა და ინტერნეტის კონტროლის მხრივაც?

_ ამას პუტინი ვერ ახერხებს და გარწმუნებთ, რომ ამას ბიძინა ივანიშვილიც ვერ მოახერხებს. ასე, რომ, მაინცდამაინც ასე თვითგვემაშიც ნუ ჩავვარდებით. რაღაცა ისეთი გვაქვს, რის გაკეთებასაც ვერ მოახერხებენ. ვიმეორებ, ეს პუტინმაც კი ვერ მოახერხა და ამას ბიძინა ივანიშვილიც ვერ მოახერხებს.

ივანიშვილი საქართველოში ჩრდილოეთ კორეას ვერ გააკეთებს. ამიტომ, ასეთი მასშტაბის საფრთხეს მე ვერ ვხედავ. თუმცა, მათი ამოსავალი, მათი ამოცანა, მათი მიზნები, მათი მცდელობა, მათი ხედვები ძალიან შორს კი არ არის ჩრდილოეთ კორეასთან, როგორც ამას მათი ქმედებებიდან ვხედავთ, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება საქართველოში.