თორნიკე შარაშენიძე – “ოცნების” სიის სათავეში არც გახარია იქნება და არც ღარიბაშვილი”

თორნიკე შარაშენიძე - "ოცნების" სიის სათავეში არც გახარია იქნება და არც ღარიბაშვილი"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს
– ბატონო თორნიკე, სექტემბრის დასაწყისიდნ ხელისუფლება სერიოზული საკადრო ცვლილებებისთვის ემზადება. რას გვეტყვით თქვენ?
– ცვლილებებს კი გეგმავენ და იქნება, მაგრამ საიდან მოიტანენ კადრებს, ეს არ ვიცი. ეს ალბათ მათი მთავარი გამოწვევაა. ერთია, განახორციელო ცვლილებები და მეორეა, საიდან მოგყავს ხალხი ამ სიტუაციაში.
– ამ სიტუაციაში რას გულისხმობთ?
– ვგულისხმობ იმას, რომ ძალიან ბევრ ნორმალურ ადამიანს პოლიტიკაში მოსვლა საერთოდ არ უნდა, ეს ერთი და მეორეც, “ოცნებას” ძალიან გაფუჭებული აქვს სახელი და ვის მოუნდება მასთან საქმის დაჭერა, რთული სათქმელია. აი ეს ორი ფაქტორია, რაც ძალიან ურთულებს საქმეს “ოცნებას”.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ მისთვის პოლიტიკური ერთგულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიონალიზმი. ეს გამოჩნდა კიდეც ძალიან ბევრჯერ და ყველაფერი ეს საბოლოოდ გაურთულებს საქმეს.
– ასეთი ვარიანტი განიხილება, რომ გახარიას ღარიბაშვილი შეცვლის, ხოლო გახარია პრემიერი გახდება. ასევე საუბარია, რომ 2020 წელს სიის პირველი ნომერი გახარია იქნება. ეს რამდენად რეალურ გადაწყვეტილებად მიგაჩნიათ?
– მე არ მიმაჩნია რეალურად, რომ სიის სათავეში ვიხილოთ გახარია ან ღარიბაშვილი. 20 ივნისის შემდეგ გახარიას საზოგადოებაში იმიჯი შეელახა. ხოლო ღარიბაშვილი იმდენად არაკონსტრუქციული ტიპაჟია, რომ კიდევ უფრო უარესი იქნება ეს “ოცნებისთვის”.
– პრემიერად ვის მოიაზრებთ?
– ან მაია ცქიტიშვილს, ან გახარიას. თუ გახარიას პრემიერად დანიშნავენ, მაშინ ლოგიკურია, რომ ღარიბაშვილი შს მინისტრი გახდება, რადგან ივანიშვილს იქ თავისი კაცი სჭირდება. ბიძინასთვის კარგია, რომ ერთგულიც იყოს და საქმის მცოდნეც, მაგრამ გარშემო ეგეთები ძალიან ცოტა ჰყავს.
– ოპოზიცია მწვავე აქციებს აანონსებს სექტემბრიდან. შეძლებს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გადააგოროს ეს პროცესი და მშვიდად მივიდეს 2020 წლამდე?
– არ მგონია, ამ ხელისუფლებას აქციების ძალიან ეშინოდეს. მან გადააგორა ყველაზე მწვავე გამოწვევა ივნისის თვეში და კიდევ რა უნდა მოხდეს?! თუ რაიმე სასწაული და დიდი სისულელე არ ჩაიდინა “ოცნებამ”, გრანდიოზულ აქციებს არ ველოდები. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ “ოცნებამ” დიდი სისულელე ჩაიდინოს.
– გახარიას პრემიერად დანიშვნა არ გააღიზიანებს საზოგადოებას?
– გახარიას ტალღამ გადაიარა და ეს ფაქტია. გარდა ამისა, როცა გამოდის ახალგაზრდობა ქუჩაში, ასეთი აქციის ყოველთვის ეშინია მთავრობას, მაგრამ ახალგაზრდობა ყოველთვის ამბობს, რომ გვერდით პოლიტიკოსები არ უნდა. თუ პოლიტიკოსები არ ჰყავთ გვერდით, მათი პროტესტი საფრთხეს არ უქმნის მთავრობას, რადგან მათ არ იციან მუხტის მართვა, მიტინგის მართვა. ამას სხვა მუხტი ჭირდება, ამას პოლიტიკური გამოცდილება უნდა. ამიტომ ამ ფონზე რაიმე გრანდიოზულ აქციებს არ ველოდები. თანაც არის ერთი მომენტი.
– რომელი მომენტი?
– ოპოზიციას აქციებისთვის ფული სჭირდება. სად აქვს ოპოზიციას 2019 წელს აქციებში დასახარჯი ფული, როცა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებია და ფული სწორედ მაშინ დაჭირდებათ? აქციების დაფინანსებითაც ალბათ ყველა თავს შეიკავებს.
– ხელისუფლება ცდილობს, გაანეიტრალოს ყველა ახალი სახე, ვინც პოლიტიკაში შემოსვლას ცდილობს და ვისაც რაღაც რეიტინგი და მხარდაჭერა აქვს. მამუკა ხაზარაძის ნათელი მაგალითი გვაქვს. მიდის სერიოზული ზეწოლა ბიზნესზე, მედიაზე?
– ქართული პოლიტიკაც და ბიზნესიც საკმაოდ ბინძურია და რაღაც ცოდვები ყველას აქვს. შესაძლოა, ვიღაცამ რაღაც მართლა დააშავა, თუნდაც იგივე ხაზარაძემ, ცუდი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს შერჩევითი მართლმსაჯულება. ანუ მხოლოდ იმას უხსენებენ ცოდვებს, ვინც ხელისუფლებას რაღაც საფრთხეს უქმნის. რაღა მაშინ ახსენდებათ მათი ცოდვები, როცა ისინი პოლიტიკაში მოსვლას ცდილობენ?!
– ტვ პირველთან დაკავშირებით რას ელოდებით? მასაც ხომ არ შეექმნება იგივე პრობლემები, რაც რუსთავი 2-ს შეექმნა?
– კი, რასაკვირველია, შეუქმნიან. რაც რუსთავი 2-ზე მოხდა, იმის მერე ეს სრულიად ლოგიკურია. თანაც გათამამებულები არიან იმის მერე რაც სტრასბურმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირს და ამერიკას თავი მაინცდამაინც ისე არ მოუკლავთ, როგორც ამის მოლოდინი იყო.
– რატომ შეიცვალა ეს მიდგომები?
– ამერიკას საქართველოში ელჩი საერთოდ არ ჰყავს. ევროკავშირს მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს საქართველოში, რომ საქართველო იყოს წყნარად, არ გაამწვავოს ურთიერთობები რუსეთთან.
საქართველოს ხელისუფლება მაინც კანონის ფარგლებში მოქმედებს, კანონის ფარგლებში ხურავს ტელევიზიას, ისინიც ამბობენ, ჯანდაბას, ავიტანოთ, მთავარია, არ გადავიდნენ რაღაც ზღვარს და საქართველოს ხელისუფლება ზღვარს არ გადასულა, სულ ისე თამაშობს, რომ ზღვარზეა.
– ხელისუფლებამ პროპორციული სისტემა შესთავაზა საზოგადოებას. ოპოზიცია დუმს და რა ხდება?
– მე ეს სიტუაცია უფრო მაშფოთებს, იმიტომ, რომ კარგი მიღწევა რაც იყო ამ ივნისის პროტესტის, იყო პროპორციულ არჩევნებზე დაყოლიება. დღეს ოპოზიცია ამაზე დუმს. ვშიშობ, საერთოდ ისე არ მოხდეს, რომ არ მიიღონ ეს ცვლილება.
– რატომ არ უნდა მიიღონ?
– ხელისუფლება იტყვის, ოპოზიციას საერთოდ ხმა არ ამოუღია, არ მოუნდომებია, ჩვენ შევთავაზეთ ეს ცვლილება და ისინი გაჩუმდნენ. იმის საფრთხე, რომ აღარ მიიღოს ხელისუფლებამ ეს საკითხი, ნამდვილად არსებობს.
– რატომ დუმს ოპოზიცია, რა ხდება?
– ოპოზიციის შიგნითაც სერიოზული არეულობაა. ვერ დალაგდნენ. დიდი კონფლიქტი აქვთ “ევროპული საქართველოს” შიგნით, იქ უგულავა მიდის. ნაცმოძრაობაშიც ასეთივე კონფლიქტია, რასაც გარედან ვუყურებ. ხოლო დანარჩენ პარტიებზე რა გითხრათ? დანარჩენი პარტიები საკმაოდ სუსტია. სერიოზული ქაოსი აქვთ, სხვანაირად როგორ შეიძლება ოპოზიციამ ასეთი სერიოზული პოლიტიკური ინიციატივა უპასუხოდ დატოვოს?! ამას სათავისოდ გამოიყენებს “ოცნება” და ოპოზიციას დაბრალდება ყველაფერი.