წილოსანი – “მთხოვეს, გახარიას გადაეცი, არ წავიდესო”

წილოსანი - "მთხოვეს, გახარიას გადაეცი, არ წავიდესო"ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ექვსივეზე მთხოვეს, გიორგი გახარიასთვის გადამეცა, არ წავიდესო, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ბახმაროში, ტრადიციულ დღესასწაულზე პლაკატის „გახარია, წადი“ გამოფენას.

ნინო წილოსანმა სოციალური ქსელის პირად გვერზე ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატიის ე.წ. სქრინშოთი გააზიარა და დაწერა:

„საინტერესო რამეა საინფორმაციო სივრცე. ეს ნიუსი ამომიგდო ფბ და ეხლა გეტყვით სინამდვილეში როგორ არის:

ბახმარო „მრავალ მთიანი“ კურორტია და ერთ- ერთ უხილავ გორაზე, უხილავმა სამმა ადამიანმა პატარა ფარატინა პლაკატი რომ აიტანა და ზემოდან ნიუსი მიაყოლა, ამით სურთ შექმნან სურათი თითქოს სრულიად ერის სურვილს ვაჟღერებთო.
ხელისუფლების წარმომადგენლები ვიყავით ნამდვილად და დიდი სიყვარულით გვხვდებოდა ხალხი. ოპოზიციის წარმომადგენლები კი დავინახე მინელებულ რეჟიმში და როგორც კი ნახეს გურულებში შესაბამის მუხტს ვერ აწევდნენ, ისევე მინელებულები მიიმალნენ.
გახარიასთან დაკავშირებით კი მინდა გითხრათ, ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული 6 შეხვედრიდან 6-ვე შეხვედრაზე მთხოვეს გადამეცა „არ წავიდესო“.
ჰოდა, ამ პლაკატების გამოკვრას ხალხს რომ დაელაპარაკოთ არ ჯობია? როგორ იგივე შეცდომებს უშვებთ, რამაც ესე გაგაუფასურათ“, – წერს ნინო წილოსანი.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას 20 ივნისს თბილისსა და რეგიონებში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვებასა და შემდეგ ამ ფაქტის გამპროტესტებელი „მშვიდობიანი დემონსტრანტების“ წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა, გიორგი გახარიას გადადგომა ბახმაროში მოითხოვეს და ფერისცვალების დღესასწაულზე პლაკატი “წადი” გამოაკრეს.