ვახტანგ ძაბირაძე – “ივანიშვილი პრემიერად უფრო ცქიტიშვილს გაუშვებს, ვიდრე გახარიას”

ვახტანგ ძაბირაძე - "ივანიშვილი პრემიერად უფრო ცქიტიშვილს გაუშვებს, ვიდრე გახარიას"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, როგორც ამბობენ. წინასაარჩევნოდ ივანიშვილი მთავრობას შეცვლის. შემოდგომისთვის რამდენად რეალურია ცვლილებები?
– “ქართულ ოცნებას” აუცილებლად დასჭირდება ცვლილებები, რადგან ის კარგავს რეიტინგს, მაგრამ მთავრობის შეცვლა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. სხვა რაღაცაა საჭირო, რომელიც ძალიან კომპლექსურია. მართალია ხელისუფლებაში ნებისმიერი ცვლილება გარკვეულ იმედებს აჩენს, მას ახლავს ასევე გარკვეული პიარი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ძალიან სწრაფად ეძლევა დავიწყებას ხალხის მხრიდან.
სამთავრობო ცვლილებები არაფერს შეცვლის მომავალი წლის არჩევნებისთვის. ასეთი პოლიტიკური კაპიტალი ამ ლიდერებს არ გააჩნიათ.
– ძლიერ ხელზეა საუბარი.
– ასეთი ძლიერი ხელი არის გახარია, მაგრამ მერე რა?! “ოცნების” რეიტინგის ვარდნას აჩერებს, თუ რა?! თავის დროზე ასეთი ძლიერი ხელი გახდა პრემიერი, მაგრამ დაასრულა ისე, როგორც დაასრულა. ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის დროს ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებას.
– პრემიერად გახარიასა და ცქიტიშვილის კანდიდატურები განიხილება. რომელს უფრო მეტი შანსი აქვს?
– ბიძინა ივანიშვილის ფილოსოფიიდან გამომდინარე, ის ამ შემთხვევაში აქცენტს უფრო მაია ცქიტიშვილზე გააკეთებს. ეს უკვე შეიმჩნევა კიდეც. ბოლო პერიოდში ცქიტიშვილის გაპიარება ხდება.
– “ოცნება” არჩევნების მოგებას პიარით შეეცდება, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ?
– გულწრფელად რომ გითხრათ, იმ ებრაული პიარტექნოლოგების სასწაულების მე ნაკლებად მჯერა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოსახლეობა ასეთი არჩევანის წინაშე დადგა: ან ნაციონალური მოძრაობა ან “ქართული ოცნება” და მან არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთა. ეს იყო და ეს. მომავალ არჩევნებში ეს თემა კვლავ დარჩება. საკითხავია, ეს ებრაული პიარჯგუფი პირველი ტურის დროს რომ ჩამოეყვანა, შედეგი იგივე იქნებოდა?!
– საუბარია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი გახდება. ასევე ამბობენ, რომ ის სწორედ ამ პირობით დაბრუნდა.
– როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნეს, მე მაშინ ვთვლიდი, რომ ის დაბრუნდა იმიტომ, რომ შეიძლება გიორგი გახარიას გადაყვანა ხდება პრემიერის პოსტზე და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს მეორედ უბრუნდება ღარიბაშვილი. თუმცა, 20 ივნისის შემდეგ კითხვის ნიშნები გაჩნდა.
თუ იმაზე წავა ივანიშვილი, რომ 20 ივნისის შემდეგ გიორგი გახარია პრემიერი გახდეს, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” გუნდში ყველაზე რეალური კანდიდატურაა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე.
ღარიბაშვილი, როგორც ვიცი, გუნდისთვისაც მისაღებია და მას ამ პოსტზე აშკარა მხარდაჭერა ექნება. თუმცა, მე არ ველოდები, რომ ეს გადანაცვლება შემოდგომაზე მოხდეს. თუ ასეთ ცვლილებას აპირებს ივანიშვილი, მაშინ ეს უფრო მოგვიანებით იქნება, ალბათ უფრო არჩევნების მოახლოებულს.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი თითქოს შენელდა, თითქოს რაღაცამ ჩაიარა, “გახარია წადი” ტალღა მაინც მუშაობს. ამიტომ, მე ვეჭვობ, რომ გახარიას გაპრემიერება მოხდეს, თუ ამ ეტაპზე რაღაც არ მოხდა პოლიტიკურ ცხოვრებაში – რაღაც კატაკლიზმი უნდა იყოს, არეულობა, რაღაც ისეთი, რითაც იქნება გამართლებული გიორგი გახარიას დაწინაურება.
ანუ გახარიას გაპრემიერება გარკვეული აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული, რომ ხელისუფლებას სათქმელი ჰქონდეს ამ დაწინაურების გასამართლებლად.