ვახტანგ ძაბირაძე – “ნიკა გვარამიას დაკავება “ოცნებას” კარგს არაფერს მოუტანს”

ვახტანგ ძაბირაძე - "ნიკა გვარამიას დაკავება "ოცნებას" კარგს არაფერს მოუტანს"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანასი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ბოლო ფაზაში შევიდა, რადგან მიაჩნია, რომ რეპრესიებით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. შეიძლება მართლაც ასე ფიქრობდეს?
– ეს ტენდენციები ნამდვილად იკვეთება ბოლო პერიოდში და არ ვგულისხმობ მხოლოდ 20-21 ივნისის მოვლენებს. მას შემდეგ განვითარებული პროცესები, დაკავებები, ასევე, ტელევიზიებთან დაკავშირებით რასაც ვუყურებთ, თუ ამ ყველაფერს ერთ დიდ სურათად წარმოვიდგენთ, დავინახავთ, რომ ხელისუფლება ნამდვილად ცდილობს, უფრო მკაცრი ხელით დაარეგულიროს ვითარება.
აშკარად იკითხება, რომ ხელისუფლებას სურს აჩვენოს, რომ ის მართავს პროცესებს, რომ ის აკონტროლებს ყველაფერს. კი ბატონო, ასეც არის, ხელისუფლება უნდა მართავდეს პროცესებს და აკონტროლებდეს კიდეც, მაგრამ ეს ასე არ კეთდება.
არ შეიძლება შენმა ქმედებამ უკურეაქცია გამოიწვიოს. პირიქით, ხელისუფლებას უნდა აწყობდეს, რომ რაც შეიძლება ვითარება სტაბილური გახადოს, პროცესები დაამშვიდოს და ამ ფონზე აკონტროლოს და არა პირიქით.
ის ფიქრობს, რომ შეიძლება ამით უფრო დაალაგოს ვითარება, მაგრამ ეს ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დააყენებს თავად მას.
– სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდთან გაავლებდით პარალელს?
– ასე პირდაპირ პარალელს ნამდვილად ვერ გავავლებდი. ნაწილობრივ ჰგავს, მაგრამ ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება. სააკაშვილი რაც ხელისუფლებაში მოვიდა, თანდათანობით აძლიერებდა რეპრესიებს. სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში რეპრესიებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. დღეს ასეთი მასშტაბური არ არის. თუმცა, რეციდივები ნამდვილად არის.
– 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებვით ანზორ ჩუბინიძის საკითხი გააქტიურდა, ის კადრებშიც ჩანს. თუმცა, აქამდე დაკითხული არ არის. შეიძლება გიორგი გახარიას ბრალდების საკითხმა საზოგადოების მხრიდან უკანა პლანზე გადაიწიოს?
– არა მგონია, გიორგი გახარიას საკითხი ასე მარტივად ჩამთავრდეს და დღის წესრიგიდან მოიხსნას.
– თითქოს ბრძანება გახარიამ კი არა, სწორედ ჩუბინიძემ გასცა.
– ერთი მეორეს ხელს არ უშლის, რომ გახარიასთან ერთად ჩუბინიძის თემაც გააქტიურდეს. მე უფრო ასე ველოდები მოვლენათა განვითარებას. გახარიასთან ერთად იქნება ჩუბინიძეც.
მართლაც, კადრებში ჩუბინიძე ჩანს. საინტერესოა, რა უნდოდა, რას აკეთებდა, ეს ყველაფერი გამოძიების საგანია. აქამდე დაკითხულიც არ არის. მეტიც, პროკურატურაში გამოძახებულიც არ არის. ბუნებრივია, ჩუბინიძის მიმართ ჩნდება კითხვები: რა ფუნქციის მატარებელი იყო იმ დროს მისი ყოფნა სპეცდანიშნულების რაზმის რიგებში? რა პასუხი აქვს მას ამ კითხვაზე, ეს საინტერესოა.
– ნიკა გვარამიას დააკავებენ?
– “ქართული ოცნებისთვის” ეს პოლიტიკურად მომგებიანი ნამდვილად არ იქნება. ხელისუფლებას ძალიან მყარი არგუმენტები დასჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ გვარამიას დაკავება აუცილებლობით იყო განპირობებული და აქ შერჩევითი სამართალი არაფერ შუაშია.
– რამდენად შეძლებს ამ არგუმენტების დადებას?
– თუ ასეთი მყარი არგუმენტები არ ექნება ხელისუფლებას და ამაში ვერ დაარწმუნებს საზოგადოებას შინ და გარეთ, მაშინ ჩაითვლება, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და მეტი არაფერი.
ეს კი კარგს არაფერს მოუტანს ხელისუფლებას.