სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ, ვატო წერეთელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ხელისუფლებას უნდა მის ერთ-ერთ ოჯახის წევრზე, მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით მისი მანიპულირება.
„ამ საქმეს არც დაზარალებული ჰყავს და არც მომჩივანი. იმ ქვეყანაში სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, ეს არის დიდი ეჭვი. ბევრმა იცის, რომ ტელევიზიაზე იყო კონკრეტული შემოტევები და ყველაფერი უკავშირდება ტელევიზიას. კითხვები დამისვეს 11 წლის უკან ტრანზაქციის შიდა დეტალებზე, რომელიც მე არ ვიცი.
მათ უნდათ ჩემს ოჯახის წევრზე, მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით შეეცდებიან პირადად ჩემზე მანიპულირებას.“- განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.
გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ განცხადება 6 აგვისტოს გაავრცელა. თავად ვატო წერეთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემდა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკისგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.
ამ საქმესთან დაკავშირებით ვატო წერეთელმა სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის გაკვირვებას გამოთქვამდა, თუ რატომ არ დაკითხეს პროკურატურაში, რადგან ორი კომპანიიდან, რომლის გარშემოც მოვლენები ვითარდებოდა, წილებს სწორედ ის ფლობდა.
„სამგორი თრედისა“ და „სამგორი M“-ის მფლობელი ავთანდილ წერეთელი პროკურატურამ 2019 წლის მარტში დაკითხა.
სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც ცნობილია პროკურატურა მილიონიან გირაოს მოითხოვდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.
პრაიმ ტაიმი

