ვინ აღვივებს კონფლიქტს საქართველოსა და სომხეთს შორის?

ვინ აღვივებს კონფლიქტს საქართველოსა და სომხეთს შორის?მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
ვრცელდება პროგნოზები საქართველოსა და სომხეთს შორის მოსალოდნელი ომის თაობაზე. ეს ხდება იმ დროს, როცა საოკუპაციო ძალების მხრიდან მომდინარე გამალებული ბორდერიზაცია და კონფლიქტური რეგიონების ანექსიის მცდელობები ისედაც არღევს საქართველოს სტაბილურობას.
დასავლელი მიმომხილველები ისევ განიხილავენ კავკასიაში ახალი ცხელი კერის გაჩენის და რეგიონული ომის დაწყების შესაძლებლობას.
საქართველოსა და სომხეთს შორის ომის გაღვივების დაანონსება “სპუტნიკ არმენიადან” და სხვა საშუალებებიდან პროვოკაციულად ჟღერს და, როგორ ჩანს, შეესაბამება კრემლის ინტრერესებს.
თბილისი-ერევნის კონფლიქტის საკითხი წამოიჭრა მას შემდეგ, რაც ერევანში 13 აგვისტოს მოულოდნელად ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. იგი შეხვდა თავის სომეხ კოლეგა არმენ გრიგორიანსა და სომხეთის პრემიერ ნიკოლ პაშინიანს.
ფორმალურად, მხარეებმა იმსჯელეს სირიაში მყოფ რუსეთის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში სომხეთის ჯარისკაცებისა და ოფიცრების მცირე ჯგუფის მონაწილეობის შესახებ, ასევე “მესამე ქვეყნებისათვის” რუსული იარაღის მიყიდვის რეგლამენტაციაზე.
“მესამე ქვეყნებში” იგულისხმება აზერბაიჯანი, რომელთანაც მოსკოვი იარაღით ისევე ვაჭრობს, როგორც სომხეთთან.
თუმცა, კავკასიელი და რუსი ექსპერტების გამოხმაურება გამოიწვია არა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე გაჭიანურებული კონფლიქტის ახალმა ტალღამ, არამედ, შესაძლო ომმა საქართველოსა და სომხეთს შორის.
ამის საბაბი, მათი აზრით, გახდა გამომწვევი კომენტარები თბილისიდან. მას შემდეგ, რაც პატრუშევის ვიზიტის დროს პაშინიანმა საჯაროდ გამოაცხადა მთიანი ყარაბაღი სომხეთის განუყოფელ ნაწილად, საქართველოდან გაისმა განცხადებები, რომ ერევანი ზრდის თავის მხარდაჭერას ყარაბაღისა და ჯავახეთის მიმართ.
მიმომხილველები ამის საპასუხოდ აცხადებენ, რომ სომხეთის საქართველოსთან ურთიერთობის გარკვევის ერთადერთი გზა სამხედრო გზაა.
ეს ალოგიკური და აბსურდული გამონათქვამები საყურადღებოც არ იქნებოდა, რომ არა კავკასიაში შექმნილი ურთულესი მდგომარეობა და რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ყველა მეთოდის აქტივიზაცია საქართველოში.
ამ ვითარებაში სულ უფრო გაუგებარი ხდება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ორაზროვან განცხადებებს აკეთებს 2008 წლის ომზე და აცხადებს, რომ ის, ვინც მხარს არ უჭერს საქართველოს მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას რუსეთთან, მოღალატეა.
უკრაინელი ჟურნალისტი კირილ საზონოვი, რომელმაც შვებულება საქართველოში გაატარა, სახტად დარჩა ლოიალური დამოკიდებულებით ოკუპანტი რუსეთის მიმართ.
მისი თქმით, 8 აგვისტოს, რომელიც 2008 წლის ომის დაწყების დღედ ითვლება, ბათუმში თავისუფლად დასეირნობდნენ და ერთობოდნენ ტურისტები რუსეთიდან. მას აგვისტოს უმძიმეს დღეებში არ შეხვედრია ქართველი, რომელიც რუსეთს გააკრიტიკებდა და ოკუპაციას გააპროტესტებდა.
– ეს აუხსნელი ფენომენია. იქნებ, ყველა პატრიოტი უკრაინაში გადმოვიდა? – სვამდა შეკითხვას უკრაინელი ჟურნალისტი.
ამ კითხვაზე მან ზუსტი პასუხი ვერ იპოვა და თავი იმით დაიმშვიდა, რომ ქართველები ომის გამჩაღებლად სააკაშვილს თვლიან და რუსეთს არ ადანაშაულებენ.
თუ საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილში ასეთი აზრია გამჯდარი, მაშინ, ამ სეგმენტს არ უნდა გაუკვირდეს იმედზე 2008 წლის ომზე გასული ფილმის შინაარსი, რომლის გამო დავიდარაბა გრძელდება.