ვის მისცა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის გამოსყიდვისთვის საჭირო 20 მილიონი? 

ვის მისცა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის გამოსყიდვისთვის საჭირო 20 მილიონი? 

ეროსი კიწმარიშვილის გაუხმაურებელი ჩანაწერები

“2020NEWS”-მა ექსკლუზიურად მოიპოვა “რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელის და გენერალური დირექტორის, ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერები. კიწმარიშვილი, რომელმაც 5 წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში თავი მოიკლა, ჩანაწერებში აფიქსირებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დონორი და დამფინანსებელი სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელსაც ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა კიდევ ერთ ოლიგარქთან, ბადრი პატარკაციშვილთან.

“ვარდების რევოლუცია” ახალი მომხდარი იყო. ერთ დღესაც სააკაშვილმა დამირეკა და კრწანისის რეზიდენციაში ასვლა მთხოვა, ის ჯერ კიდევ იქ ცხოვრობდა. ავდივარ კრწანისში, ლავრენტი ბერიას ყოფილ სახლში. ძალიან ლამაზი სახლია, სადაც ორი ასასვლელია, თუ ეზოდან შედიხარ მარმარილოს ფოიეში ხვდები, მერე დიდი დარბაზია ბუხრით, საიდანაც აივანზე გადიხარ და თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. მიშამ მთელი ეს ტერიტორია, სახლიან-ეზოიანად 10 მილიონად გაყიდა. მაშინ ის ამბობდა, რომ ვითომ მას არაფერი ჭირდებოდა და მოკრძალებულად იცხოვრებდა. ახლა კი 200 თუ 300 მილიონიან სასახლეს იშენებს”, – წერს კიწმარიშვილი ჩანაწერებში.

“ბერიას სახლში მხვდება მიშა და კიდევ გამხდარი, ინტელიგენტური გარეგნობის, ფერმკრთალი სადღაც ასე 45 წლის კაცი. ძვირფას, მაგრამ სადა კოსტიუმში, ნაქსოვ პერანგში. მთლად ქართული იერი არ აქვს, გარეგნობასა და ჩაცმულობაზე ეტყობა, რომ მდიდარია. იმ პერიოდში, სადაც მივდიოდი, ყველგან პირდაღებულები მხვდებოდნენ, ცოცხალ ლეგენდასავით მიყურებდნენ. ამ კაცს, დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, მსგავსი არაფერი გამოუხატავს, თავისუფლად, მშვიდად შემხვდა. ამან გამაკვირვა და ცოტა დავიძაბე, ჩავთვალე, რომ ან ქართველი არ იყო, ანაც მე საერთოდ არ მიცნობდა. ამასობაში მიშამ ერთმანეთი გაგვაცნო და გავიგე, რომ ის ყველაზე მდიდარი ქართველი, ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა, რომელზეც მეც და მთელ ქვეყანასაც უამრავი ლეგენდა სმენია. ჩემთვის მოულოდნელად ის მიშასთან ძალიან დაახლოებული აღმოჩნდა. არჩევნებსა და რევოლუციის წინა პერიოდში ივანიშვილი მიშას მთავარი დონორი იყო. ჟვანიას და კიდევ სხვა პარტიებს პატარკაციშვილი აფინანსებდა. ჟვანია ცდილობდა, რომ სააკაშვილისგან ცალკე გამოსულიყო არჩევნებში, რასაც მე ვაპროტესტებდი, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ერთიანი ძალით უფრო იოლად დავამარცხებდით შევარდნაძის რეჟიმს. ეს მცდელობა ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისას მქონდა, მაგრამ ამათი გაერთიანება არც მაშინ მოხერხდა. ჟვანიას გარემოცვის წევრები, სააკაშვილს კრიმინალებისაგან დაფინანსების გამო აკრიტიკებდნენ. ამბობდნენ, რომ სააკაშვილი თვითმართველობის არჩევნებში კანონიერმა ქურდმა ტარიელ ონიანმა დააფინანსა, რაც ფანტაზიის სფერო სულაც არ არის. სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, მეგობრობს ბიზნესმენ მიხეილ სურგულაძესთან, რომელიც თავის მხრივ ტარიელ ონიანის უახლოესი მეგობარიცაა”, – წერს კიწმარიშვილი.

“მიხარია, რომ გაგიცანით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რაც გააკეთეთ. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ეს რევოლუცია არ მოხდებოდა. სულ მქონდა განცდა, რომ „რუსთავი 2“-ს გაყიდდით. მე ვიცოდი, რომ ბადრის თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ტელევიზიის ყიდვა. ამის გამო ვაფინასებდი „მე-9 არხს“, რომ მთელი სატელევიზიო სივრცე მას არ გაეკონტროლებინა. რადგან ბადრი დამარცხდა, მე მე-9 არხი აღარ მჭირდება, თქვენ გაჩუქებთ მის ტექნიკას, სიხშირეს, შენობებს და რაც მოგეწონებათ – ყველაფერი წაიღეთ”, – მითხრა ბიძინა ივანიშვილმა.

გამიხარდა. კაცი მეცენატია, გჩუქნის. რაც შეეხება პერსონალს, თუ ვინმეს საჭიროდ ჩათვლით, თქვენათან გადაიყვანეთ. დანარჩენებზე მე ვიზრუნებ, ქუჩაში რომ არ დარჩნენო. ივანიშვილმა იცოდა, რომ ჩვენ ტელევიზიის აქციების დარიგებას და მის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გადაქცევას ვაპირებდით. ამ თემაზე თვითონ ჩამოაგდო საუბარი. თავად შემომთავაზა დახმარება ამ პროექტის განსახორციელებლად. მან მითხრა, რომ „რუსთავი 2“-ის ანგარიშზე 20 მილიონ დოლარს ჩარიცხავდა, რათა ტელეკომპანიას დეფიციტი აღარ შექმნოდა, ხოლო მომავალი აქციონერების სია ერთად უნდა ჩამოგვეწერა. ის აპირებდა ჩვენთვის ტელევიზიის დამფუძნებლებისთვის მატერიალური კომპენსაცია გადაეხადა. მას სურდა, რომ ტელევიზიის გენერალურ დირექტორად ისევ მე დავრჩენილიყავი, თუმცა მე ვიუარე, ვინაიდან ზუსტად იმიტომ გავდიოდი ტელევიზიიდან, რომ ჩემი სახელი უკვე ხელს უშლიდა მას ობიექტურობაში.

“ერთადერთი თხოვნა მაქვს, ეს ჩვენი შეთანხმება საიდუმლოდ დარჩეს, მე რუსეთში ვშოულობ ფულს და არ მინდა პუტინმა და რუსეთის ხელისუფლებამ გაიგოს აქ რას ვაკეთებ. ამის გამო შესაძლოა, პრობლემები შემექმნას,”- მთხოვა ბიძინა ივანიშვილმა. მე ვუთხარი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ყველაფრის საქმის კურსში ვაყენებ, არის ჩემი პარტნიორი დათო დვალი, მას ჩემს თავზე მეტად ვენდობი და პასუხს ვაგებ. თან ჩემს ინტერესში არ შედის ამ პროექტის ხელისშეშლა-მეთქი. ამ საუბარს სააკაშვილიც ესწრებოდა, ისიც კმაყოფილი ჭყლოპინებდა. ერთმანეთს კარგად დავშორდით. ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ შევხვდით ერთმანეთს. “ქართუს” შენობაში ერთად ვისადილეT მე, ბიძინამ და კახა ლომაიას ძმამ, რომელიც “ქართუ ჯგუფს” ხელმძღვანელობდა. ჩვენი პროექტის ირგვლივ დეტალებს ვათანხმებდით, თითქმის დავმეგობრდით, მართლა სასიამოვნო იყო ჩემთვის ასეთი ალტრუიზმი. ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვეხმაროს, ამხელა მატერიალურ დანახარჯზე მიდიოდა. ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა გაქრა. მე მასთან შეხვედრაზე მივედი და მის ნაცვლად ლომაიას ძმა დამხვდა, რომელმაც გადმომცა, რომ ივანიშვილს ჩხარტიშვილმა დაურეკა და ჰკითხა – მართლა „რუსთავი 2“-ს ყიდულობო? ამის მერე ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აღარ მინახავს. არც მიცდია მისი მოძებნა, მაგრამ გამოვიდა, რომ მან რაღაც მთხოვა და მე ეს ვერ შევასრულე. ვიღაცამ ჩვენი შეთანხმება გაახმაურა, რაც პირობის დარღვევა იყო. ზუსტად ვიცი, რომ მე და დვალს არავისთვის არაფერი გვითქვამს, ეს არანაირად გვაწყობდა. ლომაიას ძმა ივანიშვილის თანამშრომელი იყო და ამას ნამდვილად ვერ გაბედავდა, ეს მისთვის თვითმკვლელობა იქნებოდა. რჩება მხოლოდ მიშა სააკაშვილი. შედეგიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება მან ჩაშალა. მას დამოუკიდებელი საზოგადოებრივი სატელევიზიო არხი არ ჭირდებოდა. ასეთ არხს ვერც ხელში ჩაიგდებდა, როგორც ეს მოგვიანებით გააკეთა და ძნელადაც თუ გააკონტროლებდა, ვინაიდან აქციებს საზოგადოებისთვის ნაცნობ წესიერ და პრინციპულ ადამიანებს ვჩუქნიდით. ისე როგორც აკონტროლებს ვითომ საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთებულ 1 არხს. ამიტომ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ მიშას ინტერესში არ იყო ჩემი და ივანიშვილის შეთანხმება”, – წერს გარდაცვლილი მედიამენეჯერი და ბიზნესმენი. ჩანაწერებიდანვე ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა შეასრულა. “ბიძინამ სიტყვა შეასრულა. ყველაფერი რასაც დაგვპირდა – გადმოგვცა, მაგრამ გაქრა. როგორც ვიცი, შემდეგ, მან ის 20 მილიონი ვანო მერაბიშვილს მისცა, რომლის მცირე ნაწილი “რუსთავი 2“-ის წილის გამოსყიდვისას დათო დვალს გადაუხადეს. დანარჩენი ვანომ და მაგ ბიჭებმა სად წაიღეს, მათ გარდა არავინ იცის”, – წერს ეროსი კიწმარიშვილი. შეგახსენებთ, “2020NEWS”-მა ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერები ექსკლუზიურად მოიპოვა.