35 წლის შ.ს.-მ მშობიარობის შემდეგ ახალშობილი, სავარაუდოდ, ნაგავში გადააგდო

35 წლის შ.ს.-მ მშობიარობის შემდეგ ახალშობილი, სავარაუდოდ, ნაგავში გადააგდო„პრაიმტაიმმა“ დედის მიერ ახალშობილის სავარაუდოდ განზრახ მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები გაარკვია.

ჩვენი ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში მცხოვრებმა შ.ს-მ რამდენიმე დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში იმშობიარა. 35 წლის ქალმა მშობიარობის შემდეგ ახალშობილი, სავარაუდოდ, ნაგავში გადააგდო.

6 სექტემბერს გამთენიისას კი ქალი N5 სამშობიაროში ძლიერი სისხლდენით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„ჩვენთან პაციენტი შემოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადით, მას ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. შესაბამისად მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. სხვა მხრივ ჩვენ ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ გვაქვს. თუ რა მოხდა და როგორ მოხდა“, – გვითხრეს N5 სამშობიაროში.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 35 წლის შ.ს-მ ოპერაციამდე, სამედიცინო პერსონალთან საუბრისას დაადასტურა, რომ ბავშვი გადააგდო, თუმცა ამ დროისთვის ჩვილი ნაპოვნი არ არის.

სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ. როგორც შსს-ში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შ.ს-ს ჰყავს კიდევ ერთი არასრულწლოვანი ბავშვი, რომელიც დღეს დილით სოციალურმა სამსახურმა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანა.

პრაიმ ტაიმი

თემქის საავადმყოფოში ახალნამშობიარევი ქალი შეიყვანეს ახალშობილის გარეშე