7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დღეს, 26 სექტემბერს, გამოაცხადა.
ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა თავად არასრულწლოვანი ბრალდებული და ასევე მოკლული ჩვილის მამა და მისი ნათესავები.
ბრალდებულის ახლობლები განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებიან.
ბრალდებულის ყოფილი მეუღლე და მისი ნათესავები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. გარდა ამისა, არ გამორიცხავენ, რომ შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულისთვის ამგვარი მცირე სასჯელის შეფარდება საქართველოს პარლამენტის წინ გააპროტესტონ.
განაჩენს არც არასრულწლოვანი დედის ადვოკატი იზიარებს.
ერმილე ჭეიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დაცვის მხარეს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გადაეცემა, განაჩენს გაასაჩივრებენ.
„სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში. რასაც არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით. აღნიშნული საქმის გამოძიების ეტაპიდან სასამართლო განხილვით დასრულებული, უამრავ დარღევევასთან გვაქვს საქმე, თუმცა დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწოდებთ.
დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც შესაბამის კომენტარს გავაკეთებთ”, – განაცხადა ერმილე ჭეიშვილმა.
განაჩენის გამოტანაზე გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 21 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, მ.შ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ, თავის 7 თვის შვილს სახეზე პლედი დააფარა და გაგუდა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მ.შ. 2019 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ მ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

