ადვოკატი ველიჯანაშვილი – “მშობლებმა არ იცოდნენ, მათ შვილებს რა ფოტოებს უღებდნენ”

ადვოკატი ველიჯანაშვილი - "მშობლებმა არ იცოდნენ, მათ შვილებს რა ფოტოებს უღებდნენ"არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული მშობლების ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მშობლებისთვის ფოტოსესიის შინაარსი უცნობი იყო. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მშობლები ბრალს არ აღიარებენ.

“ვაცნობიერებთ, როგორია საზოგადოების განწყობა ამ დანაშაულის მიმართ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ დანაშაული არავის დამტკიცებია. რაც ბრალდებას აქვს, ის ეჭვია. ამის საპირისპიროდ ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს, რომ მათ არანაირი შემხებლობა სურათების გადაღებასთან არ აქვთ.

ბრალდება ამბობს, რომ მშობლებმა იცოდნენ და ამის სანაცვლოდ რამე გარიგებაში იყვნენ, მსგავსს ადგილი არ ჰქონია. ბრალდება ედავება, რომ ბავშვი მიაქირავეს სურათების გადასაღებად, რისთვისაც ანაზღაურებას იღებდნენ. ჩემ დაცვის ქვეშ მყოფებს მსგავსი დანაშაული არ უდასტურდებათ. მათ არც თანხა აქვთ აღებული და მათთვის ისიც უცნობი იყო, თუ რა სურათებს უღებდა.

თავიდან რაზეც დათანხმდნენ, ეს ფოტოსესია იყო. ეს იყო ჩვეულებრივ სტუდიაში გადაღებული ჩვეულებრივი სურათები. ამის შემდეგ გაგრძელდა ფოტოსესია. მშობლებისთვის უცნობი იყო, შიგნით რა ფოტოსურათების გადაღება ხდებოდა“,-აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, რამდენიმე ფოტოსესია ჩატარდა თბილისში, თუმცა გადაღებები ძირითადად გორში მიმდინარეობდა. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ფოტომასალის გადაღება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ორი წლის მანძილზე სულ რამდენიმე ფოტოსესია არის გადაღებული. მშობლები მხოლოდ პირველს დაესწრნენ. ეს ის შემთხვევაა, რომ ეს ადამიანები არ აცნობიერებდნენ, რომ სადმე უნდა გამოქვეყნებულიყო ფოტოები. უღებდნენ ფოტოებს, რომელიც ბავშვსაც მოჰქონდა და იმაში არაფერი იყო ისეთი, მშობელს რომ ეჭვი გასჩენოდა. ბავშვი ყოველი ფოტოსესიის შემდეგ ხან „ფეისბუქზე“ დებდა სურათებს, ხან მიჰქონდა და იქ ჩვეულებრივი სურათები იყო. იმის იქით თუ რამე სურათს უღებდნენ და ბავშვიც მალავდა, ეს არ იცოდა მშობელმა“,-აცხადებს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.

მისივე თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფებს თანხა არ აუღიათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის თქმით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს ჩაინიშნა.

იპნ