“აშშ არც სააკაშვილს მფარველობს და არც ბოკერიას”

"აშშ არც სააკაშვილს მფარველობს და არც ბოკერიას"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

“ახალი თაობა” მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.

– რუსეთი საქართველოში გააქტიურდა?
– ეს თვალშისაცემია. კვირას აშშ-ის საელჩოსთან გაიმართა უპრეცედენტო მიტინგი. ეს ინიციატივა ეკუთვნის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს, რომელიც თავის დროზე რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე იყო. კირიენკოს გეგმის შესრულებაში მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლება.
– პატრიოტთა ალიანსის ლიდერები უარყოფენ ინფორმაციას, რომ მიტინგებზე მათ ხალხს “ოცნება” უკრეფს. მათი მტკიცებით, ნაცმოძრაობა იგონებს ჭორებს “პატრიოტების” ანტიდასავლურობაზე და “ოცნების” ჩართულობაზე მათ მიერ ორგანიზებულ მიტინგებში.
– ნაცმოძრაობის წევრი არა ვარ, მაგრამ მეც ვადასტურებ, რომ მიტინგებზე, სადაც პატრიოტთა ალიანსი ჩნდება, ხალხის მობილიზებას ახდენს ხელისუფლება. მაღალი ეშელონები იღებენ დავალებებს მოსკოვიდან. პროცესში მონაწილეობენ ძალოვნების მაღალჩინოსნები.
15 სექტემბერს აშშ-ის საელჩოსთან მისასვლელად დარაზმულ მასას პატრიოტთა ალიანსი ისე შეუერთდა, როგორც ყვარყვარე თუთაბერი ჯარს. ეგ პარტია ხალხის შემკრები არ არის. ნაცმოძრაობა არა ვარ, მაგრამ ამას ვამბობ. ეს ნაცმოძრაობის ჭორი არ არის. ნაცმოძრაობასთან ერთადერთი ის შეხება მაქვს, რომ ეს პარტია ჩემი დაფუძნებულია. სააკაშვილმა ვარდების რევოლუციამდე პარტიული გადატრიალება მომიწყო და პარტია მიითვისა. ერთადერთი ადამიანი ვიყავი საქართველოში, ვინც სააკაშვილს რეალურად ვუპირისპირდებოდი და 2003 წლიდან სასამართლოში ვებრძოდი. შემდეგ პოლიტიკურად დევნილიც ვიყავი.
– თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება ასრულებს ისეთ დავალებებს, რომლებიც მისთვისაც ძირგამომთხრელია?
– მართლაც, აშშ-ის საელჩოსთან ხალხმრავალი მიტინგების მოწყობა, სხვა ანტიდასავლური მოქმედებები აზიანებს ივანიშვილისა და “ქართულ ოცნებას”. რუსეთმა ეს ამ მიზნით ჩაიფიქრა. მოსკოვში უკმაყოფილონი არიან ბიძინა ივანიშვილით. იქ ფიქრობენ, რომ ივანიშვილი ორმაგ თამაშს ეწევა. ასეთი აქციებით უნდათ, ივანიშვილს მთლიანად მოუსპონ დასავლეთთან მისასვლელი გზა.
– პატრიოტთა ალიანსის ინფორმაციით, მიტინგები აშშ-ის საელჩოსთან კიდევ გაიმართება, ვინაიდან ამერიკა მფარველობს “სააკაშვილებსა და ბოკერიებს”.
– ამ მიტინგების ინიციატორი და ორგანიზატორი არ არის პატრიოტთა ალიანსი. აშშ არ მფარველობს არც სააკაშვილსა და არც ბოკერიას, რომლებსაც ამერიკის გავლენიან წრეებთან შეხება არა აქვთ.
– საქართველოში მათ სხვანაირად ახასიათებენ.
– რუსეთი ყველა გზით ცდილობს შეაცუროს თავისი აგენტურა ბოკერიას სახით ამერიკის პოლიტიკურ სივრცეში. ეს უკვე სამი წელიწადია, გრძელდება. ხან რა მოიგონა რუსეთმა ბოკერიას და მისი ჯგუფის რეკლამირებისთვის და ხან რა. ბოლო სერიალის დასაწყისი მაკეინის ინსტიტუტის მონაწილეობით გამართულ კონფერენციაზე ვიხილეთ.
– სადაც მივიდა პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი?
– დიახ. ეს დრამატურგია აუცილებელი იყო შემდგომი მოვლენების დასაქოქად. სხვა ამოცანებთან ერთად, გაძლიერდა ბოკერიას გაპიარება. ჩვენდა სასიხარულოდ და რუსეთისთვის სავალალოდ, ამ პროცესებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა რუსეთის პოლიტტექნოლოგიების დეგრადაცია. საზოგადოება ინფორმირებულია და ანკესზე არ ეგება. დასავლეთს, მით უმეტეს, ვერ აყრიან თვალში ნაცარს.
საქართველოს მიმართ რუსეთში მრავალგვარი პოზიცია იკვეთება. პუტინის ადმინისტრაციაშიც არ არის ერთიანობა. ბოლო ხანს საქართველოთი დაკავდა კირიენკო, საქართველო არც პუტინის თანაშემწე სურკოვს ეთმობა. სურკოვის ფავორიტებზე – სააკაშვილსა და რულოვსზე ადრე მისაუბრია.
რუსეთში ასევე ქიშპია პატრიოტთა ალიანსის გამო. ეს პარტია სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტში კალაშნიკოვთან თანამშრომლობს, მისი დაქვემდებარება კი რუსეთის კომუნისტურ პარტიას უნდა.
– კალაშნიკოვი თვითონ კომპარტიიდანაა და რას ვერ იყოფენ?
– ინაშვილის პარტია დუმის კომიტეტთან ურთიერთობს. ზიუგანოვს ურჩევნია, რომ ის რუსეთის კომუნისტური პარტიის დანამატი იყოს.