პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე სამი პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება უკვე დაწყებულია.
„სამივე პირი, მათ შორის ბეჟან გუნავაც დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის“, – აცხადებენ უწყებაში.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის“ შეკრების შემდეგ პარტიის მხარდამჭერები და ბეჟან გუნავა პარლამენტთან მივიდნენ და უნდოდათ, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები ტერიტორიიდან გაეყვანათ, რათა აქცია თავად გაემართათ.
ბეჟან გუნავა და მისი მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას და ტერიტორიიდან „სირცხვილიას“ აქციის მონაწილეების გაძევებას ცდილობდნენ.

