კახეთში, სოფელ ბოდბისხევში სამართალდამცვებს თავს დაესხნენ. საქმეში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღი და ნაჯახი.
ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოქალაქე მამუკა ყაჭრიშვილის დაკავება სცადა, რომლის დროსაც შს სამინისტროს წარმომადგენელს მამაკაცის ოჯახი ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციელს დაზიანება ჯოხით მიაყენეს.
მამუკა ყაჭრიშვილის დედა ირწმუნება, რომ პოლიცია მის შვილს ფიზიკურად უსწორდებოდა და ყაჭრიშვილის დახმარება ოჯახმა და მეზობლებმა სცადეს.
ყაჭრიშვილმა მიმალვა მოახერხა. პოლიციამ კი ბრალდებულის 83 წლის მამა დააკავა.
“ჩემი შვილი იძახდა მკლავენო… ერთი პოლიციელი ურტყამდა. მეც ავიღე ჯოხი და პოლიციელს ჩავარტყი”- აცხადებს მამაკაცის დედა.
ყველაფერი 25 სექტემბერს დაიწყო, როცა მამუკა ყაჭრიშვილმა ერთ-ერთ სამართალდამცავს რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნა, მეორე დღეს კი შს სამინისტროს წარმომადგენლები მასთან დაკავების მიზნით გამოჩნდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სამართალდამცავების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით 1936 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.
გომელაურის უწყებაში აცხადებენ, რომ ავტომობილის შემოწმებისას დაკავებულის შვილი სამართალდამცავების მითითებებს არ დაემორჩილა, ხოლო მისმა მშობელმა მათ წინააღმდეგობა გაუწია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ამოღებულია ცეცლსასროლი იარაღი, რომელიც დაკავებულის შვილმა მეზობლის ეზოში გადააგდო, ხოლო თავად ადგილიდან მიიმალა.
რაც შეეხება სამართალდამცავთა ჯანმრთელობას, მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა ფაქტის გამო, პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 253 პრიმა მუხლით. ასევე, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამართალდამცავებზე თავდასხმას გულისხმობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

