დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში მივიდა – “თუ დაიბარებენ, სალომე ზურაბიშვილიც მივა”

დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში მივიდა - "თუ დაიბარებენ, სალომე ზურაბიშვილიც მივა"საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. დიმიტრი გაბუნია საგამოძიებო უწყებაში პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტის თაობაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

როგორც გაბუნიამ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის უპასუხებს ამ საქმის გარშემო გამომძიებლების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. მისივე თქმით, თავადაც აინტერესებს, რატომ გაჟღერდა მისი სახელი და გვარი ამ საქმესთან მიმართებით.

კითხვაზე, უნდა მივიდეს თუ არა გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი, დიმიტრი გაბუნიამ ასე უპასუხა: “თუ დაიბარებენ ალბათ, მოვა” .

“რა შეკითხვასაც დამისვამენ, ყველა კითხვას ვუპასუხებ. შეწყალების თაობაზე არაფერი ვიცი. სიაც არ ვიცი, რასაც მკითხავენ იმას ვუპასუხებ, ყველაფერს გეტყვით, როცა გამოვალ”, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

იპნ