ეკა ბესელია გიორგი კვირიკაშვილს კაფეში შეხვდა – “ვნახულობ ხოლმე, როგორც მეგობარს”

ეკა ბესელია გიორგი კვირიკაშვილს კაფეში შეხვდა - "ვნახულობ ხოლმე, როგორც მეგობარს"გიორგი კვირიკაშვილს ვნახულობ ხოლმე, როგორც მეგობარს, მაგრამ რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე არაფერი შემიძლია გითხრათ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ არაფორმალურ გარემოში, ერთ-ერთ კაფეში გიორგი კვირიკაშვილთან გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, კვირიკაშვილს გუშინ ნადვილად შეხვდა, თუმცა აცხადებს, რომ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბარი არ აქვს.

„ის არის ადამიანი, რომელთანაც საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავე. რაიმე პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბარი არ გვაქვს. გუშინ უბრალოდ, მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით შევხვდი და ვისაუბრეთ. დაგეგმილი გვქონდა ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, ვეხებით ყველა თემას, რომელიც პრობლემურია და ამაში დასამალი არაფერია, მაგრამ რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე არაფერი შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა სამომავლოდ ყოფილ პრემიერთან თანამშრომლობას, ბესელიამ განაცხადა, რომ არ იცის, ამას თავად გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს.

„მე, პირადად, ყოველთვის მოხარული ვიქნები მასთან თანამშრომლობით, იმიტომ, რომ მასთან მუშაობა ძალიან კომფორტული იყო. როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო, პრინციპულ საკითხებში მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. იცით, რომ ახლა, ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს. როგორც მისგან ვიცი, არ აქვს გადაწყვეტილი პოლიტიკური საქმიანობა. ამიტომ, თუ თავად გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვითანამშრომლებ, მაგრამ არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება არც აქვს მიღებული და ამაზე გუშინ, თვითონაც ისაუბრა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.