გახარია თუ ცქიტიშვილი – ვინ შეცვლის ბახტაძეს – დღეს 6 საათზე “ქართულის ოცნება” იკრიბება

გახარია თუ ცქიტიშვილი - ვინ შეცვლის ბახტაძეს - დღეს 6 საათზე "ქართულის ოცნება" იკრიბებამმართველ პარტიაში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ლიდერები 18:00 საათზე შეიკრიბებიან.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიაში დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეცვლის საკითხზე უნდა იმსჯელონ. მის შემცვლელად კი ორი კანდიდატურა განიხილება – შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

„კიდევ უნდა შევჯერდეთ გარკვეულ საკითხებზე და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა სახის ცვლილებები არის დაგეგმილი“, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

კიდევ ერთი ვერსიით, ცვლილება პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს არ შეეხება, არამედ მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვლება და მის ადგილს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთხელ უკვე იყო. მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია კი უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე დარჩება.

საქართველოს კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილებაც წყდება. პროცედურის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის, სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, პრემიერმინისტრის გადადგომის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

იმედინიუსი