გიორგი ოთხმეზური – “სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას არ ვაპირებ”

გიორგი ოთხმეზური - "სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას არ ვაპირებ"არ ვაპირებ შევხვდე სალომე ზურაბიშვილს, არც იმ შემთხვევაში, თუ თავად დააპირებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა განუცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ მისი შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების საკითხზე კომენტარი გააკეთა.

გიორგი ოთხმეზურის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მიზეზთან დაკავშირებით „ათობით ვერსია“ შეიძლება არსებობდეს.

„არ ვაპირებ შევხვდე სალომე ზურაბიშვილს, არც იმ შემთხვევაში, თუ თავად დააპირებს. არც გასაჩივრებას ვაპირებ და არც ვერსიებზე საუბარს. რა მოხდა ამაზე ათობით ვერსიაა, თუმცა მე დავდგე და ვიმარჩიელო?!“, – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულზე შეწყალებულ პირებს შორის ერთ-ერთი 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულია.

ცნობისთვის, დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით ასლან ბეჟანიძე 2016 წელს დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში ძებნაში იმყოფებოდა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის გამართლდა. ხოლო, უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დამნაშავედ სცნო და მას 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალების გადაწყვეტილებით, ბეჟანიძემ პენიტენციური დაწესებულება 28 აგვისტოს დატოვა.

იპნ