გურამ ჩალაგაშვილი – “ელექტროენერგია 2 თეთრით გაძვირდება, გაზი – 3-4 თეთრით”

გურამ ჩალაგაშვილი - “ელექტროენერგია 2 თეთრით გაძვირდება, გაზი - 3-4 თეთრით”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს.
– ბატონო გურამ, ბოლო პერიოდია აქტიურად დაიწყო საუბარი ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე. თქვენ, როგორც სემეკის ყოფილი თავმჯდომარე, როგორ უყურებთ ამ საკითხს. გარდაუვალია ტარიფების მატება?
– ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, გარკვეული წილი სომხეთიდანაც. შესყიდვები ხდება დოლარით. ასევე საკმაოდ მძიმე სიტუაცია გვაქვს ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, ვინაიდან ბუნებრივი აირი სრულად შემოდის აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. როდესაც საბოლოო ტარიფის დაანგარიშება მოხდა, მაშინ 2.66 იყო ლარი დოლართან მიმართებაში, დღეს კი 2.96-ზეა. უკვე სერიოზული ცვლილებაა. ასეთ შემთხვევაში კომისიას არ აქვს უფლება, რომ ტარიფს არ გადახედოს. ტარიფის გადახედვა აუცილებლად მოხდება.
– კომპანიებმა შეიტანეს განაცხადი?
– კომპანიებს განაცხადები უკვე შეტანილი აქვთ. ამ შემთხვევაში ჩვენ კომისიას ვერ დავადანაშულებთ რადგან კომისია ვალდებულია, ეს დაითვალოს ისე, როგორც არის წესი და კანონი.
ეს ყველაფერი არის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ბრალი. ვხედავთ, ლარი რა დღეშია, ლარი პრაქტიკულად კუპონად არის ქცეული, შესაბამისად, ეკონომიკა არ იზრდება, ინვესტიციები არ შემოდის, მოხმარება იმატებს როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირის.
– რამხელა მატებას უნდა ველოდოთ?
– ბუნებრივი აირი მინიმუმ 3-4 თეთრით გაიზრდება, ელექტროენერგია – 2 თეთრით.