გურამ ჩალაგაშვილი – ”ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდანაც იბრძოლებს”

გურამ ჩალაგაშვილი - ”ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდანაც იბრძოლებს”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

20 ივნისის აქციის დარბევისას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუდგინდა და სასამართლომ აღნიშნული გარემოება გაითვალისწინა.

სამაგიეროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა აქციის მონაწილეთა მხრიდან ერთ-ერთი დაკავებული პირის ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

არის თუ არა შერჩევითი სამართალის მორიგი გამოვლინება, რა განწყობაზეა ირაკლი ოქრუაშვილი და როგორ აფასებს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების სიას? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი, გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი საუბრობს.

_ ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამართალდამცველი, რომელმაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა, მაშინ როცა ანალოგიური რამე არ ხდება აქციის მონაწილეების მისამართით. არის თუ არა ეს შერჩევითი სამართალის მორიგი გამოვლინება?

_  მე მგონი, ამას დიდი ანალიზი და შეფასება არ სჭირდება. ეს არის ხელისუფლების ქმედება და დასცინიან ადამიანებს, დაგვცინიან თითოეულ ჩვენთაგანს და მათ, ვინც ამ საქმეზე პატიმრობაში იმყოფებიან.

ხელისუფლება გვეუბნება, რომ ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, ეს დასჯადია და ისჯება ციხით, ხოლო ადამიანებისთვის თვალების დათხრა არის ღირებულება. აი ეს განცხადება გააკეთა ხელისუფლებამ ამ საქციელით. ამაზრზენია ხელისუფლების საქციელი. ერთი კაცის ჯიბის პროკურატურა მოქმედებს კანონის გარეშე, უბრძანეს და აკეთებს.

სასამართლოს არ აინტერესებს არანაირი მტკიცებულებები და ისიც გადაწყვეტილებას იღებს ისე, როგორც უკარნახებენ. ყველა დაპატიმრებულის სასამართლო პროცესს ვესწრები, ყველა პროცესი წყლის წვეთივით ჰგავს ერთმანეთს. ერთნაირია მოწმეთა ყველა ჩვენება. ასე გაგრძელება წარმოუდგენელია.

_ რას დაუპირისპირებთ ოპოზიცია ქმედებების თვალსაზრისით ხელისუფლების და სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებებს?

_ ჩვენ ვგეგმავთ აქციას და ეს უნდა იყოს ქმედება. ის უნდა იყოს არა მხოლოდ ოპოზიციის ქმედება, არამედ ყველამ უნდა გაითავისოს ეს ყველაფერი. მოსახლეობამაც, ოპოზიციამაც და ყველამ ერთად უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი. ისე არაფერი არ გამოვა. ამის გარეშე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება.

ივანიშვილი ამბობს, რომ მას არაფერი არ აინტერესებს და რასაც უნდა, როგორც უნდა და როდესაც უნდა, იმას გააკეთებენ. ვისაც უნდათ, იმას დაიჭერენ და ვისაც უნდათ, იმას გაწირავენ. ეს არის ის, რაც ხდება. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება უკვე. სხვა რა კომენტარი გავაკეთო არც კი ვიცი. ეს ხდება რუსეთში და ეს ხდება საქართველოშიც. ამ ორ ქვეყანაშია ასეთი გაუგონარი მოქმედებები.

_ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს თქვენი პარტია უწევს სამართლებრივ დახმარებას. ამ პოლიტპატიმრების თემაზე რაიმე სიახლე ხომ არ გაქვთ?

_ ვაგრძელებთ მუშაობას და პროცესი გრძელდება ამ თვალსაზრისით. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ჩვენი პარტიის წევრები და ყველას ვთხოვთ, რომ გამოვხატოთ პროტესტი, ერთად დავდგეთ მთელი ქვეყანა, რომ იქნებ როგორმე რაიმე შედეგი გამოიღოს. იმიტომ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. იმედია, შემოგვიერთდებიან პარტიებიც, საზოგადოებაც და ამ პუტინის ხელისუფლებას საქართველოში დავასრულებთ.

_ ანუ პარტიებთანაც გაქვთ მოლაპარაკებები და ისინი მზად არიან, რომ პროტესტი გამოხატონ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

_ ყველას მივმართეთ, ყველას შევთავაზეთ და მოვუწოდეთ, რომ თუ ყველანი ერთად არ დავდგებით, მაშინ შეუძლებელია, რომ რაღაც შედეგი მივიღოთ ამ ხელისუფლებისგან.

_ ხომ არ გქონიათ ბოლო პერიოდში შეხვედრა ირაკლი ოქრუაშვილთან და რა განწყობა აქვს მას ბრძოლის თვალსაზრისით?

_ არა, მასთან შეხვედრა არ გვქონია, რადგან მასთან შეხვედრის უფლებას არ გვაძლევენ. არც მისი ოჯახის წევრებს აძლევენ შეხვედრის უფლებას, მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით გვაქვს კონტაქტი. მას აქვს ძალიან მაღალი განწყობა. ის არის ბრძოლის ჟინზე და რა თქმა უნდა ის ბოლომდე იბრძოლებს ციხიდანაც.

მაგრამ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ივანიშვილის რეჟიმი დიდხანს ვერ შეძლებს, რომ ეს ბიჭები ჰყავდეთ ციხეში. იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს ბიჭები უდანაშაულოები არიან და ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, თანაც არაერთხელ, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები. ირაკლი ოქრუაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი.

_ საუბრობთ შერჩევით სამართალზე და ზუსტად ის პროცესი მიმდინარეობს ახლა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ გამწესების თაობაზე. როგორ აფასებთ ამ პროცესს?

_ დამატებითი თავის ტკივილია, როდესაც ფაქტობრივად ივანიშვილი ნიშნავს თავის ჯიბის მოსამართლეებს და რომლებიც მიიღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ისინი ღებულობენ. ანუ, რასაც უწერენ და ავალებენ, იმ გადაწყვეტილებებს ღებულობენ ეს მოსამართლეები. არავის აქვს იმის იმედი, საქართველოში იქნება სამართლიანი სასამართლო.

ზოგადად ტენდენცია არის მარტივი, რომელიც დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც მან ციხიდან შეწყალებით გამოუშვა პოლიციელის მკვლელი, ახალგაზრდების მკვლელები, ნარკორეალიზატორები. შემდეგ ”ქართული ოცნების” საგამოძიებო ორგანომ პროკურატურამ დაკითხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დაიწყეს საუბარი, რომ მას ეს არ უნდა ექნა და რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ საბოლოო ჯამში თვითონ გააკეთეს იმაზე უარესი, რაც გააკეთა პრეზიდენტმა. მათ ერთად მოაწერეს ხელი თვალების დამთხრელი სპეცრაზმელის ციხიდან გამოშვებას.

_ ბესელიამ გვითხრა, რომ ივანიშვილი მას სთხოვდა, ჩინჩალაძის გაყვანაში დახმარებოდა და ასევე თქვა, როგორ მივიდა ზარდიაშვილი მასთან უთხრა, რომ ივანიშვილთან ერთად ისიც იქნებოდა სასამართლოს პატრონი, თუ მათთან იმეგობრებდა. შეაფასეთ ეს ყოველივე.

_ ბესელია ამბობს იმას, რაც მოხდა. ეს არის ალბათ სიმართლე. როგორც ჩანს, ივანიშვილი ერიდებოდა მაინც ბესელიასთან ურთიერთობის დაძაბვას. იმიტომ, რომ ბესელია იყო ივანიშვილის და ”ქართული ოცნების” მხარდამჭერი და კბილებით იცავდა ივანიშვილის გადაწყვეტილებებს. მას არ უნდოდა, რომ ეს ყველაფერი დაეშალა, შესაბამისად ეს მოლაპარაკება ვერ შედგა.

ბესელიას არ უნდოდა და არ აწყობდა ჩინჩალაძის ყოფნა უზენაეს სასამართლოში და აქედან გამომდინარე მოხდა ის, რაც მოხდა. ამიტომ მოხდა მათ შორის განხეთქილება და დღეს ბესელია არის დამოუკიდებელი. ამიტომ, ის უპირისპირდება ”ქართულ ოცნებას” მოსამართლეების დანიშვნის გამო. სიტყვების მოძებნაც კი მიჭირს, იმდენად შოკი იყო მათი გადაწყვეტილებები.

_ რაც ამის შემდეგ გაუკეთეს ბესელიას და როგორ ქილიკიც დაიწყეს უკვე მის მიმართ, ეს როგორ შეიძლება შეფასდეს?

_ ის, რაც ”ქართულმა ოცნებამ” ბესელიას მიმართ იკადრა, ეს რომ არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება, ამას წყალი არ გაუვა. არა მხოლოდ ზარდიაშვილის ქმედებებს ვგულისხმობ, არამედ იქამდე რაც იკადრა ”ქართულმა ოცნებამ” მასთან მიმართებაში, ისიც მაქვს მხედველობაში. არავინ დაიჯერებს, რომ ვიღაცამ ატვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სომხეთის ციხიდან.

ცხადია, რომ მათ შორის იყო დაპირისპირება და ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ გზით დარტყმა მიეყენებინა ბესელიასთვის. ზარდიაშვილის მორალზე, ზნეობაზე და კაცობაზე ლაპარაკი კი საერთოდ არც ღირს. რაც მან იკადრა, ეს არის უკადრებელი, რაც არც პოლიტიკურ ჩარჩოებში ზის და არც _ ზნეობრივ ჭრილში.