ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე პატიმრობაში რჩებიან

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამივე პირი – ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებმა ბრალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ სცნობდნენ.

რაც შეეხება ბეჟან ლორთქიფანიძეს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მან სასამართლო სხდომაზე დაკავებული პირების გათავისუფლება ითხოვა და განაცხადა, რომ როგორც თავად არ მიემალა გამოძიებას, ასევე ისინი არ მიიმალებიან.

დატოვეთ თქვენი კომენტარი