ირაკლი ოქრუაშვილის მომხრეებმა პარლამენტის წინ კარავი გაშალეს

ირაკლი ოქრუაშვილის მომხრეებმა პარლამენტის წინ კარავი გაშალესპარლამენტის წინ, ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების მხარდამჭერებმა კარავი გაშალეს. ადგილზე იმყოფებიან 20-21 ივნისს დაკავებული 4 პირის უფლებადამცველი ვახტანგ იაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის ხელმძღვანელი ირაკლი კიკიანი, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი და 20-21 ივნისის დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ბიძა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

როგორც გურამ ჩალაგაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კარვის გაშლა არის პროტესტის ფორმა, რითაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული პოლიტპატიმრების მხარდაჭერას გამოხატავენ. მისივე თქმით, კარავი პარლამენტთან იქამდე იქნება, ვიდრე 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული პირები არ გათავისუფლდებიან.

“კარვის გაშლა არის პროტესტის ფორმა, რომელიც დაიდგა როგორც “გამარჯვებული საქართველოს”, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის ინიცატივით. ეს კარავი არ დაიდგა ირაკლი ოქრუაშვილისთვის, ეს დაიდგა ყველა პოლიტპატიმრისთვის და ყველა ოპოზიციური პარტიის ვალდებულებაა მოვიდნენ აქ და გამოხატონ პროტესტი. აქ ვიქნებით ჩვენ, ყველანი. ჩემი პარტიის წევრები, გვექნება ყოველდღიური შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, რათა ამ სისხლიან ხელისუფლებას შევაგნებინოთ, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტპატიმრები და ადამიანები, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ, არ უნდა ისჯებოდნენ”, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.

„იმედი გვაქვს, რომ რაღაცას მოვახერხებთ, თუ არადა მთელი საქართველო გამოვა”, – აღნიშნა ჩალაგაშვილმა.