პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კავშირები ზურაბიშვილის შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან – „ევროპული საქართველო“ გენერალურ პროკურატურას საქმის შესწავლისთვის ერთთვიან ვადას აძლევს.”ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებით, მათ წყაროსგან, რომელიც დაკავშირებულია საადვოკატო წრეებთან, მიიღეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები გვარდება უშუალოდ დიმიტრი გაბუნიას მეშვეობით.
ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ “ამავე წყაროს ინფორმაციით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან უშუალოდ ფინანსურ საკითხებს. ანუ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული”.
დეპუტატმა ბრიფინგზე თქვა, რომ წყაროს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად კორუფციულ საკითხებს გადის თუ არა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ აქვს ვარაუდი, რომ პრეზიდენტის გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი.
ოთარ კახიძემ კი გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა:
„საქართველოს გენერალური პროკურატურის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ოფიციალურად დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება. პროკურატურამ უნდა გადაამოწმოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შესაძლო კავშირები შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან, მათ ადვოკატებთან და ჩაატაროს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ამ გარემოებებს ნათელს მოჰფენს. თუ გენერალურ პროკურატურას პოლიტიკური ნება არ ეყოფა, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას და გამოიძიოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა, მაშინ „ევროპული საქართველო“ გამოვა ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და ჩვენ, დეპუტატებმა გამოვიძიოთ აღნიშნული გარემოებები, თუმცა არც იმის ილუზია მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნებაც ეყოფა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერების მოყვანილი, ამიტომ პრეზიდენტის ყველა მავნებლობაზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. თუ სურთ, რომ ამ ტიპის პასუხისმგებლობას დაურთონ უკვე შემდგომი შესაძლო დანაშაულში მისი შემხებლობის საკითხიც, მაშინ ნუ გამოიძიებენ. თუმცა არაფერი არ დარჩება დაფარული. საზოგადოება აუცილებლად გაიგებს, რეალურად რა მოტივაცია იდგა ამ შეწყალებების უკან. ჩვენ ერთთვიან ვადას ვაძლევთ გენერალურ პროკურატურას, თუ ერთ თვეში არ იქნება ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები გაცემული, მაშინ დავაყენებთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ნიუპოსტი

