ისრაელის პრესა: „სკამზე მიწებებულ“ ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს საელჩოდან წასვლა არ სურს

ისრაელის პრესა: „სკამზე მიწებებულ“ ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს საელჩოდან წასვლა არ სურსისრაელის გავლენიანი გამოცემა „იედიოთ ახრონოთი“ (14.09.2019) საქართველოში ისრაელის ელჩისთვის, შაბთაი ცურისთვის ამ თანამდებობაზე ვადის 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას უძღვნის სტატიას, სათაურით „მუდმივი ელჩი“ და ისრაელის საგარეო უწყებაში წყაროზე დაყრდნობით, მას „სკამზე მიწებებულად“ მოიხსენიებს. ავტორიტეტული გამოცემა ხაზს უსვამს, რომ შაბთაი ცური პარტია ლიქუდის (ისრაელის მმართველი პარტია – რედ) წევრია და 2016 წელს საქართველოში მისი ხელმეორედ ელჩად დანიშვნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. იმის მიუხედავად, რომ 2018 წლის დეკემბერში ისრაელის მთავრობამ საქართველოში ელჩად პროფესიონალი და ავტორიტეტული დიპლომატი რან გიდორი დანიშნა, შაბთაი ცურს თანამდებობა არ დაუტოვებია. მან ისრაელის მთავრობაზე მოახდინა პოლიტიკური ზეწოლა და თანამდებობაზე ვადის გაგრძელება მოითხოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროში შიშობენ, რომ შაბთაი ცური საქართველოში ელჩობას მესამე ვადითაც მოითხოვს.

სტატიის ავტორი ითამარ ეიხნერი წერს, რომ შაბთაი ცური თავს არიდებს გამოცემის კითხვებს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში ამჟამად მოქმედ ელჩს, შაბთაი ცურს ამ თანამდებობაზე ვადა 2019 წლის დეკემბრამდე აქვს გაგრძელებული.

ცნობისთვის: შაბთაი ცური, იგივე შოთა ცოციაშვილი საქართველოში, ვანშია დაბადებული. გასული საუკუნის 70-იან წლებში ის რეპატრირდა ისრაელში. ერთხანს ეკავა ქალაქ აშკელონის ვიცე-მერის თანამდებობა. 2014 წელს ქალაქ ვანში ერთ-ერთ ქუჩას შაბთაი ცურის სიცოცხლეშივე მიენიჭა მისი სახელი. იმავე წელს  შაბთაი ცურმა მოინდომა მისი სახელობის ქუჩა ყოფილიყო აშკელონში (ისრაელი). ვინაიდან ამ იდეას წინააღმდეგობა შეხვდა, ქალაქის მერმა უკან დაიხია – წერდა „იედიოთ ახრონოთი“.  სხვა გამოცემის თანახმად კი, შაბთაი ცურს სურდა, მისი სახელი აშკელონში იმ ქუჩას დარქმეოდა, სადაც თავად ცხოვრობდა და ეს მაშინ, როცა ქალაქში ისრაელის ცნობილი პრემიერების სახელობის ქუჩებიც არ არსებობდა. „ამ კვირაში მოვისმინეთ ახალი ანეკდოტი, რომელსაც ჰქვია ქუჩა შაბთაი ცურის სახელობის, მისი სახლის გვერდით. ადამიანები კარგავენ რეალობის შეგრძნებას“, – წერდა ადგილობრივი გაზეთი.

საქართველოში ისრაელის მოქმედი ელჩი მედიასთან ურთიერთობით არ გამოირჩევა. ის იშვიათად ჩნდება საქართველოში ისრაელის მხარდამჭერ ღონისძიებებზეც.

ორი დღის წინ „იედიოთ ახრონოთში“ შაბთაი ცურზე გამოქვეყნებულ სტატიას სოციალურ ქსელში მოყვა არაერთი კომენტარი, რომელთა ავტორების უმრავლესობაც ისრაელის მოქალაქეა ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებელი წერს: “ისრაელი მოსავალს იმკის. რაც დათესა, ის მიიღო. საერთოდ, დიდი შეცდომა იყო მისი (შაბთაი ცურის – რედ) დანიშვნა ამ თანამდებობაზე… ყოველგვარი საშუალება უნდა იხმაროს ისრაელმა, რომ ეს კაცი ამ თანამდებობას ჩამოაშოროს, სირცხვილია, დიდი სირცხვილი და საერთოდ დადგა დრო ასეთების ბოგინს ბოლო მოეღოს!“, – წერს მანჩო გაჩკა.

კიდევ ერთი ფეისბუკმომხმარებელი გიორგი ბერნშტეინი წერს: “შაბთაი ცურის ელჩად დატოვება ლახავს ისრაელის იმიჯს, რადგან ერთი და იმავე ქვეყანაში ერთი და იმავე ადამიანის რამდენიმეჯერ ელჩად გაშვება დამახასიათებელია აფრიკული ქვეყნებისთვის, სადაც ადამიანური რესურსის დეფიციტია. ისრაელის მთავრობის პარტიული გადაწყვეტილება კი ისრაელს აფრიკულ ქვეყანად წარმოაჩენს. ვფიქრობ, შაბთაის ელჩობა შეურაცხმყოფელი უნდა იყოს საქართველოსთვისაც – ქვეყანა იმსახურებს მაღალკვალიფიციურ, პროფესიონალ დიპლომატს”.

ისრაელის მოქალაქე მარიამ სიარი  ასე ეხმაურება გამოცემის სტატიას: „სირცხვილია! ეს არის პირველ რიგში, ისრაელის სირცხვილი, შემდეგ კი საქართველოსი. რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე პრესაში? რატომ არ იციან ორი სახელმწიფოს მოქალაქეებმა  სიმართლე იმის შესახებ, თუ რა ხდება საელჩოში? რატომ არ  ლაპარაკობენ ამ თანამდებობაზე მის შესაფერისობაზე? ელჩი, რომელიც  ჭამს, ცეკვავს და ქეიფობს, მისი ადგილი მხოლოდ სახლშია!“.

ისრაელში რეპატრირებული მეირ მიხელაშვილი კი შაბთაი ცურის „სკამზე მიწებებულობაზე“ ამახვილებს ყურადღებას.

მედიანიუსი