ივანიშვილი – „ახალ მთავრობას გიორგი დააკომპლექტებს, მაგრამ ჯერ არ მიულოცოთ“

ივანიშვილი - „ახალ მთავრობას გიორგი დააკომპლექტებს, მაგრამ ჯერ არ მიულოცოთ“დღეს მამუკა ბახტაძე პრემიერობიდან გადადგება და ამის შესახებ ის განცხადებას თოქ-შოუების წმაყვანებთან გააკეთებს, რომელიც 15:00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება.
ბახტაძე საკუთარ მიღწევებზე ისაუბრებს, თუმცა „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, თანამდებობას ისე დატოვებს, რომ შემცვლელის ვინაობას არ დაასახელებს. ასევე,
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით, იგივე მოხდა გუშინ გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე, ანუ ბახტაძემ საკუთარ მიღწევებზე საუბარს 40 წუთი დაუთმო. ამის შემდეგ მას სიტყვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვლმა შეაწყვეტინა და თქვა, რომ მისი კანდიდატი პრემიერობაზე გიორგი გახარიაა. უფრო კონკრეტულად, ივანიშვლილმა თქვა ფრაზა: „ახალ მთავრობას გიორგი დააკომპლექტებს.“

ივანიშვილის ამ ნათქვამს, როგორც გვეუბნებიან, შეხვედრის მონაწილეთაგან აღფრთოვანება არ მოჰყოლია და ცოტა უხერხული სიტუაციაც შექმნილა. ივანიშვილს გაუღიმია და უთქვამს, გიორგის ჯერ არ მიულოცოთ, საჭირო არ არისო. როგორც ცნობილია, უმრავლესობის სხდომის შემდეგ, შეხვედრა სოლოლაკში, „შუშის სასახლეში“ გაგრძელდა, სადაც ასევე, დაჟინებით მოუთხოვია ივანიშვილს, რომ გახარიასთვის ჯერ არაფერი მიელოცათ, სამი დღე მოვიცადოთ და ვნახოთ, რა იქნებაო. ამ ფრაზიდან გამომდინარე, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი საზოგადოებრივ განწყობებს ტესტავს. საზოგადოებრივი განწყობა კი გახარიას მიმართ მკვეთრად უარყოფითია. შესაბამისად, ივანიშვილი პრემიერობის სარეზერვო კანდიდატად, დიდი ალბათობით, მაია ცქიტიშვილს მოიაზრებს.

რაც შეეხება გახარიას, იგივე უმრავლესობაში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ანუ „ოცნების“ დეპუტატებს არ უნდათ, რომ გახარიას გამო სირცხვილის დერეფანში მოუწიოთ გავლა და ამ განწყობის შესახებ, როგორც ჩანს, ივანიშვილმაც იცის.

რაც შეეხება ბახტაძეს, მან დღეს იმიტომ უნდა დატოვოს თანამდებობა, რომ ივანიშვილი კატეგორიულად წინააღმდეგია, მთავრობა პარლამენტში ანგარიშით მივიდეს, სადაც დეპუტატებისგან ბუნტის ალბათობა ძალიან დიდია. ერთი სიტყვით, მომავალი სამი-ოთხი დღის განმავლობაში ივანიშვილი ტესტირების რეჟიმში იქნება და, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ დანიშნოს პრემიერად.

ნიუპოსტი