ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე გადადგა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მინისტრის მოადგილის რანგში, დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე მემუშავა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, ერთი მხრივ, მათი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი მუშაობისთვის და მეორე მხრივ, იმ თანაგრძნობისათვის, რასაც თითოეული ადამიანის მიმართ იჩენენ.

ამ პერიოდში, სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ათასობით ადამიანის ცხოვრება შეიცვალა, გაუჩნდათ საკუთრება და მომავლის რწმენა. მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ვახერხებდით თითოეული დევნილის პრობლემები პირადად მოგვესმინა და მათი გადაჭრის გზები ერთობლივად გამოგვენახა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და კვლავ არაერთი ოჯახი ელოდება საკუთარ ჭერს. მჯერა, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, მათი პრობლემებიც უახლოეს მომავალში გადაიჭრება.

ვრჩები, თქვენს ერთგულ გულშემატკივრად და თქვენი პოზიციების დამცველად, რათა დაბრუნებამდე თითოეულმა თქვენგანმა შეძლოს ღირსეული ცხოვრება“, – წერს გრიგოლ გიორგაძე სოციალურ ქსელში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი