ხათუნა ლაგაზიძე – “ოქრუაშვილს ოპოზიცია უსინდისოდ ექცევა“

ხათუნა ლაგაზიძე - “ოქრუაშვილს ოპოზიცია უსინდისოდ ექცევა“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელია გააფრთხილა იმის გამო, რომ ის ტელეკომპანია „კავკასიაში“ მივიდა. საგამოძიებო უწყება პოლიტიკოსს აფრთხილებს, რომ განმეორებითი შემთხვევისას რეაგირება უფრო მკაცრი იქნება. მელია, რომელსაც შინაპატიმრობა აქვს მისჯილი ამბობს, რომ რომელ ტელერადიო კომპანიაში მისვლასაც ჩათვლის საჭიროდ, იქ მივა.

პოლიტიკურ მოტივაციასთან გვაქვს საქმე თუ სამართლის ნორმებთან? ხომ არ ჩანს ის, რომ ოქრუაშვილის ეპიზოდთან მიმართებაში საქმე გვაქვს შურისძიებასთან? რა როლი მიუძღვით დასავლელ დიპლომატებს „ოცნების“ ქმედებების შეკავების თვალსაზრისით? ხომ არ გამოიწვია ხელისუფლებამ საზოგადოება? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს:

_ ნიკა მელიას ეპიზოდს თან სდევს პოლიტიკური შეფერილობა თუ ეს წმინდა სამართლებრივ საკითხად უნდა განვიხილოთ?

_ ერთიც არის და მეორეც. ორივე ასპექტი აქვს ამ საკითხს. იმიტომ, რომ ერთი მხრივ მელიას მხრიდან ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი და გამოწვევა, ერთი მხრივ ხელისუფლების და მეორე მხრივ პროკურატურის. მან ფაქტობრივად დატესტა თავისი ნაბიჯით ხელისუფლება _ თუ რას მოიმოქმედებს ის.

ბუკვალურად თუ მივყვებით კანონს და თუ გამოჩნდება, რომ მელიამ კანონი დაარღვია, მაშინ მას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაქცია. თუ შესაბამისი რეაქცია არ მოჰყვა, გამოდის, რომ მელიას პოლიტიკურმა ნებამ აჯობა ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას და ხელისუფლება აიძულა, რომ კანონის მოთხოვნებისთვის გადაეხვია. აქ მთავარია, რომ ამ შემთხვევაში მელიამ ხელისუფლებას ფსიქოლოგიური ომი გამოუცხადა. თუმცა, ხელისუფლება ორივე შემთხვევაში წამგებიან პოზიციაშია. თუ ის არ მიყვება კანონის მოთხოვნებს, გამოდის, რომ ერთი მხრივ ფსიქოლოგიური ომი წააგო და მეორე მხრივ კანონის მოთხოვნები ვერ შეასრულა. თუ მიყვება კანონის მოთხოვნებს, კიდევ ერთხელ მისცემს ოპოზიციას საშუალებას, რომ პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრონ.

მეორე საკითხია, რატომ მოუნდა ახლა მელიას პოლიტიკური დემარშის გაკეთება და ხელისუფლებისთვის ხელთათმანის სროლა. ნაციონალური მოძრაობის ამოცანა ამ არჩევნებში არის ის, რომ მუდმივად იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის ნომერ პირველი. პროპორციული არჩევნები კი ნაციონალური მოძრაობისთვის თავისთავად რისკია.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ იმ ამომრჩევლიდან, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი, მივიდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ვაშაძეს მისცა ხმა, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი ალბათ ნახევარია. დანარჩენი კი პროპორციულ არჩევნებზე გადანაწილდება სხვა პოლიტიკურ პარტიებზე. ეს ნაცმოძრაობისთვის სერიოზული დარტყმაა, ამიტომაც მუდმივად ეცდება, რომ იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის შემქმნელი.

_ როდესაც საუბრობთ პროკურატურის ქმედებებზე, თუ რა გზა აქვს, თუ ის კანონის შესაბამისად არ იმოქმედებს, ხომ არ გამძაფრდება განცდა, რომ ოქრუაშვილის მიმართ შურისძიებას ჰქონდა ადგილი?

_  სანამ პროკურატურას მივადგებით ოქრუაშვილთან მიმართებით, ვიტყვი იმას, რომ ოპოზიციური სპექტრი ოქრუაშვილის მიმართ დიდი სინდისიერებით არ გამოირჩევა. არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ის დაეცვა, მაშინ როდესაც ის მათ მხარდამხარ იყო 20 ივნისის მოვლენების დროს.  პირდაპირ ვთქვათ, მასთან მიმართებით უსინდისოდ იქცევიან.

_ ეს განცდა გიჩნდებათ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ის ბრძოლაში მიატოვეს?

_ ასე გამოდის: სინდისიერი და პარტნიორული დამოკიდებულება არ არის მათი მხრიდან. ხელისუფლების პოზიცია იმით აიხსნება, რომ დანარჩენები, ვისზეც საუბარი იყო, დეპუტატები არიან და მათ მიმართ გაცილებით რთულია ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება და ეს გაცილებით დიდ ხმაურს და აჟიოტაჟს გამოიწვევს.

_ გიგი უგულავა არ არის დეპუტატი.

_ გასაგებია, მაგრამ იმაზეც არის საუბარი, ვის რომელი პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს და ვის როგორი მხარდაჭერა აქვს დასავლეთში. ყველაფერი შედარებითია, მათ შორის პოლიტიკაშიც. ხელისუფლება გაცილებით ფრთხილი იქნება, ყოველ შემთხვევაში იძულებული იქნება ფრთხილი იყოს. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ჩვენ ამერიკელი დიპლომატების მხრიდან მოვისმინეთ ბოლო დღეებში.

შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში, 2003 წელსაც კი რთულად მახსენდება ისე დაუფარავად, კატეგორიული ტონით გაკეთებული კრიტიკული შეფასებები. მეტსაც ვიტყოდი, ამერიკელი დიპლომატები ამ დღეებში ლამის ქართული ოპოზიციის ენით ალაპარაკდნენ. ამიტომაც, ხელისუფლება გაცილებით მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს. უბრალოდ, ოქრუაშვილი მოჰყვა პირველი ბადეში.

ამერიკელი დიპლომატები ასეთ მწვავე შეფასებებს აკეთებენ და „ქართულ ოცნებას“ ძალიან უმართლებს, რომ ისინი მოქმედი სახელმწიფო მოხელეები არ არიან. თუმცა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ ესენი მოქმედი დიპლომატები არ არიან, მათ მარტივად მაინც არ აქვთ საქმე. ამერიკის სახელმწიფო სისტემა მემკვიდრეობითობაზე დგას. ამერიკელი დიპლომატი როცა სახელმწიფო სამსახურიდან მიდის, ეს არ ნიშნავს, რომ მას ვინმე აგდებს სახელმწიფო სამსახურიდან.

_ თან ამერიკაში სისტემა ხომ ისეა მოწყობილი, რომ ანალიტიკოსები ქმნიან ფონს შემდგომი მუშაობის თვალსაზრისით?

_ ზუსტად მაგას ვამბობ. ის, რომ რომელიმე მათგანი დღეს არ წარმოადგენს ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციას, სახელმწიფო დეპარტამენტს, არ ნიშნავს, რომ ხვალ ისინი არ დაბრუნდებიან ან დღეს არ ქმნიან განწყობებს ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში.

როგორც ჩანს, ხელისუფლება უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იმყოფება რუსეთის მხრიდანაც: სააკაშვილის ბოლო განცხადება, რომ პუტინი ემუქრება ივანიშვილის, რომ თუ საქართველო ოფიციალურად არ იტყვის უარს ნატოსა და ევროკავშირზე, რუსეთი წლის ბოლომდე, ყირიმის მსგავსად, სამაჩაბლოსაც შეიერთებს, ძალზედ დამაფიქრებელია.

ამ ფონზე სრულიად სხვა დატვირთვას იძენს რასმუსენის მიერ საქართველოს საზოგადოების 1 კვირის წინანდელი დატესტვაც: როგორც ჩანს, ეს თემა მართლაც მუსირებს და ზეწოლა იმაზე მეტად სერიოზულია, ვიდრე წარმოგვედგინა. ამ ფონზე ხელისუფლებას როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია და მხარდაჭერა ესჭიროება. მაგრამ უპირველესად ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, რასთან გვაქვს საქმე და ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რა სახის კოორდინაციას, ჩართულობას და აქციებს მოითხოვს ჩვენგან კარსმომდგარი გამოწვევები.

_ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „ტვ პირველის“ ეთერში გახარიას თემაზე გვითხრა, რომ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დამოკიდებულებაა, თუ არ ჩავთვლით იმ მცირე ჯგუფს ვინც 2 თვე აქციაზე იდგა. ის, რომ ბოლოს პროტესტი აღარ იყო ძალიან მწვავე, ხელისუფლებას დამშვიდების საშუალებას აძლევს?

_ რა თქმა უნდა, არა. ხელისუფლება ამ თვალსაზრისით ივნისის აქციებამდეც ძალიან მშვიდი იყო და ისიც კი ისმოდა ხელისუფლების წრეებიდან, რომ ჩვენ 2020-ის არჩევნები კი არ გვაქვს სადარდებელი, ფაქტობრივად ეს უკვე გადაგორებული გვაქვს და დროა 2024-ზე ვიფიქროთო. უეცრად მიიღეს 20 ივნისი, როცა დაინახეს, თუ რამდენად ძლიერია საზოგადოებაში უკმაყოფილების მუხტი.

საზოგადოების განწყობა მიძინებულ გველეშაპს ჰგავს. მათ დამშვიდების საშუალება არც იმით აქვს, რომ დღეს რუსთავი 2, როგორც ოპოზიციური ტელევიზია, ვეღარ მაუწყებლობს ისეთი მასშტაბით, როგორი განწყობის შემქმნელიც იყო ის რამდენიმე თვის წინ. „მთავარი არხი“ თავის სათქმელს იტყვის და მას კიდევ ერთი ოპოზიციური ტელევიზია წამოეწევა, აგერ არის ტვ პირველიც, კავკასიაც, პალიტრაც… მოკლედ იმის განცდა, რომ  მედიასივრცე ვეღარ იქნება ისეთი კრიტიკული როგორიც იყო და შესაბამისად საზოგადოება იქნება კმაყოფილი და ბედნიერი, აბსოლუტური ილუზიაა.

თუმცა, თუ რამე დამშვიდების საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, ეს ოპოზიციის სიხარბე და უგუნურებაა, რასაც ბოლო დღეებში ვუყურებთ: არჩევნაბმდე ერთი წლით ადრე ოპოზიციამ უკვე გახსნა ფრონტი ერთმანეთის წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ ისინი ერთმანეთის დასაძირად იმუშავებენ და ამით ხელისუფლების საქმეს გააკეთებენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რამდენი ჩადგება რიგში ხელისუფლებისთვის მისაყიდად.

_ ასეთი განცხადებებითა და ქმედებებით საზოგადოებასაც და მედიასაც გამოწვევას ხომ არ უკეთებენ?

_ არა, გამოწვევას აკეთებენ-მეთქი, ვერ ვიტყვი. სისუსტე ამ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო. თუ ასე გაგრძელდებოდა, ის 2020 წლამდე წააგებდა არჩევნებს, პირველ რიგში თავის შიდა სტრუქტურებში და წევრებში. ამიტომაც ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მკაცრი ხელი, რასთანაც ასოცირდება გახარია,იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი 2020 წლის არჩევნებისთვის.

საღ ჭკუაზე მყოფი ხელისუფლება არჩევნებამდე 1 წლით ადრე ხელთათმანს არ ესვრის საკუთარ საზოგადოებას და მისთვის მიუღებელ ნაბიჯს არ გადადგამს. „ოცნებამ“ ორ უარესობას შორის ნაკლებად უარესის პრინციპით იმოქმედა.

იდეალური იქნებოდა, ხელისუფლება წასულიყო რადიკალური რეფორმების გზით, რასაც მოჰყვებოდა ანტიკორუფციული წმენდა საკუთარ რიგებში და რასაც მოკლევადიანი ეფექტიც ექნებოდა. რადგან ეკონომიკურ და სოციალურ ძვრებს ერთ წელში ვერავინ მოახდენს, „ოცნებას“ უნდა ეძებნა სხვა ეფექტური ნაბიჯები. თუმცა, ჯერჯერობით „ოცნება“ ასეთი ცვლილებების ინიციატივით არ გვევლინება და ძირითადად მაინც მისი საარჩევნო ტაქტიკა განვლილი 8 წლის გადამღერება იქნება ანუ პოლიტიკური სივრცის გაწმენდა სხვა პოლიტიკური მოთამაშეებისგან და ძირითად კონკურენტად ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ დასახვა.

ამას აუცილებლად შეუწყობს ხელს მიხეილ სააკაშვილიც. იმიტომ, რომ მისთვისაც საფრთხეა პროპორციული არჩევნები და მისთვისაც მნიშვნელოვანია, მისი პარტია ოპოზიციურ ველზე ნომერ პირველ მოთამაშედ დარჩეს.

ასე რომ, ”ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებენ ერთ ნავში ჯდომას, ისე როგორც ამას ვხედავთ 2013 წლიდან დღემდე და ერთი მიმართულებით უსვამენ ნიჩბებს. მათთვის ყველაზე დიდი საფრთხე ახალი პოლიტიკური მოთამაშეებია.

კარგი იქნებოდა, „ოცნებას“ პოზიტივზე აგებული კამპანია ეწარმოებინა, რადგან მხოლოდ ძლიერი ხელის და ანტინაციონალური კამპანიის დემონსტრირებით არჩევნების მოგება რთულიც იქნება და არასამართლიანიც.