კრამერი ინაშვილს – “ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, კონფერენციაზე შეჭრა უხეშობაა”

კრამერი ინაშვილს - "ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, კონფერენციაზე შეჭრა უხეშობაა"„ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, კონფერენციაზე შეჭრა, გულწრფელად რომ ვთქვა, უხეშობაა“, – ამის შესახებ განცხადება, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილთან შელაპარაკებისას გააკეთა.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაესწროს ამ კონფერენციას. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, რეგისტრაციაა. ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, შეგიძლიათ, მიიღოთ მონაწილეობა. თუმცა კონფერენციაზე შეჭრა, გულწრფელად რომ ვთქვა, უხეშობაა. ვიმედოვნებ, ახლა ყველა დამშვიდდება და განვაგრძობთ იქიდან, სადაც შევჩერდით“, – აღნიშნა კრამერმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ მიმდინარეობს, ხმაური იყო.

კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიერი ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა.

ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.