ლევან ბერძენიშვილი – „თუ გახარია პრემიერი გახდება, 2007 წლის მსგავსი საპროტესტო მოძრაობა დაიწყება“

ლევან ბერძენიშვილი - „თუ გახარია პრემიერი გახდება, 2007 წლის მსგავსი საპროტესტო მოძრაობა დაიწყება“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
მედიაში პრაქტიკულად ყოველდღე ჩნდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახდება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი. ორივე ამ ფიგურას საზოგადოებაში საზოგადოებაში შერყეული რეპუტაცია აქვს. შს მინისტრის პოსტიდან გახარიას გადადგომას საზოგადოების ერთი ნაწილი დღემდე ითხოვს.
რას მოუტანს “ქართულ ოცნება” გახარიას დაწინაურება, რას ფიქრობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებზე და სად იყვნენ ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხების დროს ქვეყნის ფორმალური ლიდერები? – ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი საუბრობს.
– მედიაში სულ უფრო ხშირად იწერება, რომ გახარიას უპირებენ გაპრემიერებას. რა შედეგს მოუტანს რეალურად “ქართულ ოცნებას” ეს და რა პროცესებს გამოიწვევს?
– უნდა დაველოდოთ ასეთი ცვლილებების განხორციელებას, მაგრამ თავისთავად თუ ასეთი გეგმა არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ეს არის შურისძიება საზოგადოებაზე, ანუ ივანიშვილი მიდის ვა-ბანკზე და აპირებს, რომ ოპოზიციისა და ხალხის დაშინების გზით გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. როცა საზოგადოება ითხოვს მის გადაყენებას და ამ დროს შენ აწინაურებ, ეს გამოწვევაა, საზოგადოებისთვის სულში ჩაფურთხებაა და ყველაფერია, რაც დამთავრდება ცუდად ხელისუფლებისთვის.
– ანუ ეს ძალადობრივი პოლიტიკისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება?
– ეს იქნება დაპირისპირებისკენ გადადგმული ნაბიჯი. აგერ ევროპელები ჩამოვიდნენ და თქვეს, რომ მოწინააღმდეგე მხარე პარტნიორიაო, ამათ კი თქვეს, რომ არა, მტერიაო. ეს იქნება ის, რომ ევროპელებისა და ამერიკელების აზრი ფეხებზე მკიდია, ქართველი ხალხის აზრიც ფეხებზე მკიდიაო და ივანიშვილი რასაც უნდა, იმას იზამსო.
მაგრამ, თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ისიც და მისი მომხრეებიც პატარა ნიავს დათესენ, რაც დიდ ქარიშხალს მოიტანს, რაც ბევრჯერ გვინახავს ამ ქვეყანაში. როგორც ჩანს, ივანიშვილი ერთადერთი ბრმაა, რომელმაც საქართველოს ეს ისტორია ვერ დაინახა. ჩვენ დავინახეთ. ყველა ასეთი ნაბიჯი ცუდად დამთავრდა.
– ერთია გახარია, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კი ღარიბაშვილის დაბრუნებაა შს მინისტრის პოსტზე, რომელსაც ასევე ცუდი რეპუტაცია აქვს.
– ეს ერთი ჯაჭვის ორი მხარეა. ღარიბაშვილი-გახარია ერთი გადაწყვეტილების ორი მხარეა. თუ ეს დანიშვნები იქნება და პარლამენტი მათ მხარს დაუჭერს, ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც შემდეგ მოხდება. ამას მოყვება მრავალათასიანი აქციები, ამას მოყვება დარბევები, მსოფლიო შეშფოთება და ა. შ. ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს. როგორც ჩანს ივანიშვილს არ აქვს გავლილი და ჩარჩა ისტორიის რაღაც მონაკვეთში.
– წრეზე ტრიალის რაღაცა ძალადობრივი მონაკვეთის გამეორება იქნება?
– მარტო წრეზე ტრიალი არ არის. ეს პირადულია, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მაღლა ავდივართ და საქართველო მაინც ვითარდება.
– ახსენეთ შურისძიება და ევროპიდან იყო გზავნილი, რაღაცნაირად შურისძიება იყოს თავიდან აცილებული და პოლარიზაცია არ მოხდეს. პოლარიზაციის თავიდან აცილებაში საზოგადოებამაც ხომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა?
– ჩვენ, საზოგადოებამ, არ უნდა დავუშვათ პოლარიზაცია, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს. ჩვენი გაკეთებული არ არის, მისი გაკეთებულია. ის ამბობს, რომ მას პოლიტიკური მოწინააღმდეგე კი არა, მტრები ჰყავს. მისი აზრით, ნაციონალური მოძრაობა პარტია კი არა, დემონია, არც სხვები არიან პარტიები. მარტო ვოლსკი, თალაკვაძე და ესენი არიან კაი კაცები. დანარჩენები არაფერს წარმოადგენენ.
ევროპის ერთ-ერთი პირველი პოეტი უნდა იცემოს, ეს, სხვათა შორის, გახარიამ და მისმა უწყებამ გააკეთა, ამისთვის მადლობა მას, ბავშვებს თვალები უნდა დასთხარონ, ამისთვის კვლავ მადლობა გახარიას. საზოგადოება, რომელიც ამას უყურებს, ბუნებრივია გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს არჩევნებზე, თუ მიიყვანენ არჩევნებამდე პროცესს, შეიძლება მიიღოს აქციებზე, თუ აქციებამდე მიიყვანენ.
ჩვენ პროტესტის გარდა სხვა მეტი არაფერი არ შეგვიძლია. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. იმათ შეუძლიათ, რომ თავის თავში იპოვონ ძალა, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და თქვან, რომ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, რომელთან საუბარსა და პოლიტიკურ დისკუსიებში ჩვენ უნდა შევცვალოთ საარჩევნო კანონი.
აბა როგორ აპირებენ საარჩევნო კანონის შეცვლას?! თუ პარლამენტში სხვებთან არ ითანამშრომლებენ, თვითონ ამ კანონის შესაცვლელად ძალები არ ჰყოფნით. არ ჰყავთ ის უმრავლესობა, რომელიც ერთპიროვნულად აძლევდათ მათ ამის საშუალებას. ახლა სჭირდება მრავალმხრივი მოლაპარაკება. ასეთ დროს დაპირისპირება ნიშნავს, რომ ისინი არ აპირებენ იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც ხალხს შეპირდნენ. ეს იქნება კიდევ ერთი ტყუილი.
ეს დანიშვნა ნიშნავს, რომ არავითარი საკონსტიტუციო ცვლილებები არ იქნება და პროპორციულ სისტემაზე არავითარი გადასვლა არ იქნება. დანიშვნა ნიშნავს ომს, ცვლილებებს კი სჭირდება მშვიდობა და, როგორც ევროპამ გვასწავლა, კონსტრუქციული თანამშრომლობა და არა – პარტნიორების ციხეში ჩასმა.
– როდესაც გახარიაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ხელწერა კლუბების დარბევა იყო.
– მე უფრო ადრეც ვნახე, გახარია რასაც წარმოადგენს. როდესაც ის ბიზნესომბუდსმენი იყო, მე მაშინ როგორც საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ შევიტანე ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების შესახებ. გახარიამ დაბლოკა მეორე და მესამე მოსმენა. უკვე მაშინ იყო ცნობილი, რომ ის იცავდა კონკრეტულად ბიზნესის ინტერესებს და არავითარ შემთხვევაში ხალხის. საზოგადოების აზრი ფეხებზე ეკიდა.
– კონკრეტულ ბიზნესებს ლობირებდა?
– არა მარტო კონკრეტულ ბიზნესებს. საერთოდ ლობირებდა იმას, რომ ბიზნესმენს ვერაფერი ვერ უთხრა. ცუდ რაღაცას რომ მოგყიდის, ვერ დააბრუნო და უფლება არ უნდა ჰქონდეს მომხმარებელს. ანუ საზოგადოების წინააღმდეგ მუშაობდა ვითომ ბიზნესის სახელით. ანუ თავიდანვე იყო ის, რაც ახლაც არის. შეიძლება ითქვას გახარიაზე, რომ თანმიმდევრულია. ის ყოველთვის სიბნელის მხარეს იყო.
– სექტემბრის აქციებისგან რა მოლოდინი გაქვთ?
– ის მოლოდინი მაქვს, რომ თუ ასეთი დანიშვნა მოხდება, დაიწყება ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა. შემიძლია 2007 წელს შევადარო, რაც ახლა დაიწყება. შეიძლება იმასაც კი გადააჭარბოს. იმიტომ, რომ ეს მეტისმეტად თავხედური ნაბიჯია ძალიან პატარა კაცის მხრიდან, რომელიც არ სარგებლობს იმ ავტორიტეტით მსოფლიოში, რითიც მაშინდელი ჩვენი ხელმძღვანელი სარგებლობდა.
ერთი დარჩა, რომ ზოგიერთი გენერალურ დირექტორად თუ მოადგილედ დააბრუნოს. ერთი, ორი ნაბიჯი დარჩა.
– ლაშა ნაცვლიშვილს გულისხმობთ?
– ვინც ჰყავს, ალბათ ყველას დააბრუნებს. როდესაც აბრუნებ ირაკლი ღარიბაშვილს, ეს არის „სექენდ ჰენდი“. ის უკვე იყო და არ ივარგა და გადავაგდეთ, ახლა უვარგისს ვაბრუნებთ. იმიტომ, რომ ბიძინას ფეხებზე ჰკიდია, ივარგა თუ არა, მას უნდა, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს და სულ ეს ხდებოდა. ყველას ეს უნდოდა, მაგრამ ორ ჯერზე მეტი ვერავინ შეინარჩუნა ძალაუფლება და ვერც ბიძინა ვერ იზამს.