ლევან ჩაჩუა – “ლაშა ნაცვლიშვილი ნაციონალების გაწეწვაში აქტიურად მონაწილეობდა”

ლევან ჩაჩუა - “ლაშა ნაცვლიშვილი ნაციონალების გაწეწვაში აქტიურად მონაწილეობდა”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაბა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას.
– ხალხის უმძიმეს მდგომარეობას სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს. ამავე დროს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ზოგიერთი ექსპერტი გადაჭრით აცხადებენ, რომ ახლანდელი მმართველი პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავა. უფრო მეტიც, შეიძლება მთავრობა თვითონ დააკომპლექტოს.
– ეს ადამიანები მართლაც გაბადრულები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ზღაპართან უფრო ახლოსაა, ვიდრე რეალობასთან. “ქართული ოცნება” აცდენილია რეალობას. ეს პრივილეგირებული ფენა ცხოვრებას თავისი კაბინეტებიდან და ძვირფასი ჯიპებიდან აკვირდება. ამ ხალხს წარმოდგენა არა აქვს, რას ფიქრობს საზოგადოება, როგორ გაწბილდნენ “ოცნების” ყოფილი მხარდამჭერები.
ხალხს ეგონა, რომ მილიარდერის ხელისუფლება არ იქნებოდა ფულზე გადაგებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანებიც ისეთივე მომხვეჭელები არიან, როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებების კორუმპირებული პირები. ადამიანებს მძიმე ტვირთად აწევთ ამათი დიდი მადაც.
– გახარიას და ღარიბაშვილის მოყვანა მთავრობაში რისი მომასწავებელია?
– ხელისუფლება მოსახლეობას ეუბნება, რომ გადახალისებული მთავრობით რეფორმებს იწყებს. ეს კიდევ ერთი ტრიუკია. გახარია ნაციონალურ მოძრაობას ემუქრება, დაგასრულებთო. ესეც სასაცილოა.
– რატომ არის სასაცილო?
– გახარია წარმოადგენს იმ ხელისუფლებას, რომელიც გარიგებულია ნაციონალურ მოძრაობასთან. მათ შორის კინკლაობა ყალბია. გახარიას გადანაცვლებასთან ერთად მთავრობაში დააბრუნეს ღარიბაშვილი. გახარიას და ღარიბაშვილის დუეტს საზოგადოების ერთი ნაწილი ზარ-ზეიმით შეხვდა. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას შეუტევს. ეს სიბეცეა.
– არ შეუტევენ ნაციონალურ მოძრაობას?
– გარიგება ნაციონალებთან დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრი, შემდეგ კი – პრემიერმინისტრი იყო. იმის მაგივრად, რომ აღედგინათ სამართლიანობა, გამოეძიებინათ 30.000 საქმე ნაცმოძრაობის წარმომადგენლების მონაწილეობით, დაიწყო ბინძური პროცესები.
– რა პროცესები?
– ხელისუფლებამ გაწეწა ნაციონალები (ბევრი მათგანი), რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული და მოიგონა კოაბიტაცია. ხალხს უთხრეს, რომ კოაბიტაცია დასავლეთის დირექტივაა. სინამდვილეში, თვითონ ამოიღეს ფული დამნაშავე ნაციონალებისგან და ამის გასამართლებლად მოიფიქრეს კოაბიტაცია.
ნაციონალების გაწეწვაში აქტიურად მონაწილეობდა ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც იმ დროს მთავარი პროკურორის მოადგილედ მუშაობდა. გაურიგდნენ კრიმინალურ ბანდებს და მერე მათთან ითანამშრომლეს. როცა ასეთი გარიგებაა, რა ნაციონალების დასრულებაზეა ლაპარაკი?
– ამ დღეებში დღის წესრიგში დადგა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხი. მსჯავრდებულების შეწყალებაში მან უმძიმესი შეცდომები დაუშვა.
– ვფიქრობ, რომ ამას კორუფციის სუნი უდის. პირდაპირ ამაში პრეზიდენტს ვერ დავადანაშაულებ. ნებისმიერ შემთხვევაში იგი პასუხიმგებელია იმაზე, რასაც ხელი მოაწერა. პრეზიდენტი არასწორად მოიქცა მაშინაც, თუ გაუაზრებლად შეიწყალა ისინი, ვისი გვარებიც მისმა ადმინისტრაციამ მიაწოდა და განსაკუთრებით მაშინ, თუ თავად არის გარეული ფულის კეთებაში.
პარადოქსია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას და დაპატიმრებასაც კი ითხოვენ ის პირები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მისი გულმხურვალე მომხრეები იყვნენ და მე მამუნათებდნენ. მაშინ ვამბობდი, რომ თუ დამნაშავეა ნაციონალური მოძრაობა, ასევე დამნაშავეა “ქართული ოცნება”. ხალხს იმ ვაი-არჩევნების ბოიკოტისკენ მოვუწოდებდი. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ ქვეყნისთვის ცუდი მინდა. ის სიყალბე და ვირეშმაკობა არჩევნები არ იყო. ვაშაძის არჩევაც და ზურაბიშვილის არჩევაც ზიანის მომტანი იქნებოდა საქართველოსთვის. ადამიანის არჩევანი ფიქსირდება ღვთის წინაშე. ყველა ადამიანი პასუხს აგებს თავის გადაწყვეტილებაზე.
– მომავალ არჩევნებს ბოიკოტს, ალბათ, არავინ გამოუცხადებს.
– ალბათ. ჩვენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ვიბრძოლებთ. სასურველია, შეიქმნას ერთი დიდი ეროვნული გაერთიანება, რომელზეც იმედს ამყარებს მოსახლეობის დაახლოებით 70%. “ქართული იდეა” მის შემადგენლობაში იქნება. პირადად მე სიაში ადგილზე პრეტენზიას არ გამოვაცხადებ.
– არჩევნებამდე სტიქიური პროტესტიც გაჩნდება?
– დესტაბილიზაცია არ მინდა, მაგრამ უმძიმესი ზამთარი მოგველის. ხალხს გაუჭირდება კომუნალური გადასახადების გადახდა. ამის გამო გაზაფხულზე, ალბათ, იქნება აქციები სოციალური მოთხოვნებით.
“ქართულმა ოცნებამ” თუ ასე გააგრძელა, ხალხი მას კაბინეტებიდან გამოყრის.