ლევან გოგიჩაიშვილი – მთავრობის დამტკიცებას შეირაღებული ხალხის გარემოცვით პოლიციური რეჟიმი ჰქვია და არა დემოკრატია

ლევან გოგიჩაიშვილი - მთავრობის დამტკიცებას შეირაღებული ხალხის გარემოცვით პოლიციური რეჟიმი ჰქვია და არა დემოკრატიაადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ მართონ ქვეყანა, იმის შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ, რომ რამოდენიმე აქტივისტის თუნდაც არასასიამოვნო პროტესტი მოისმინონ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, „საპოლიციო რეჟიმი, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში პარლამენტში მოქმედებდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი“.

„ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ მართონ ქვეყანა, იმის უნარიც უნდა ჰქონდეთ, რომ რამოდენიმე აქტივისტის, თუნდაც არასასიამოვნო პროტესტი მოისმინონ. ამისდა მიუხედავად, 2 დღის განმავლობაში აკრძალული მქონდა საშვი გამომეწერა ადამიანებისთვის და აქ შემოსულიყვნენ. ამას ჰქვია პოლიციური რეჟიმი და არ არის დემოკრატია. არც საპარლამენტო ცხოვრებას უხდება და არც არაფერს უხდება და მითუმეტეს მთავრობის დამტკიცებას შეიარაღებული ხალხის გარემოცვით“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, მსგავრი რამ აღარ გააკეთოს.

„ეს არ არის სწორი. საპოლიციო რეჟიმი არ უხდება პარლამენტს. ამას აკეთებდნენ ის ადამიანები, ვინც გგონიათ, რომ თქვენი მთავარი ოპონენტები არიან პოლიტიკურ სივრცეში. პარლამენტში შეუძლია ყველას შემოვიდეს და ძალიან გთხოვთ, ნუ შეგვზღუდავთ დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებაში. ეს ქმნის მომავალში და ქვეყანაში პრობლემებს და კანონის უზენაესობას ეს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საპარლამენტო დემოკრატია პირველ რიგში ის არის, როდესაც ოპოზიცია ასრულებს თავის ფუნქციას პარალმენტში, მონაწილეობს სხდომებში და ოპონირებას უწევს ხელისუფლებას

„საპოლიციო რეჟიმში თუ სასტვენებს გულისხმობდით, სასტვენების ხმა ჩვენ აქ მოვისმინეთ და თან მშვიდად. რაც შეეხება საშვების საკითხს, შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით და იმ რეგულაციებით, რაც მოქმედებს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება ასეთი ზომები გამოიყენოს, თუ ამის საჭიროება არსებობს. ასევე როგორც კოლეგას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო დემოკრატია პირველ რიგში არის ის, როდესაც ოპოზიცია ასრულებს თავის ფუნქციას პარალმენტში, მონაწილეობს სხდომებში და ოპონირებას უწევს ხელისუფლებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.