მალხაზ მაჩალიკაშვილი – “გიორგი გახარია ჩემთან დიდ ვალშია”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - “გიორგი გახარია ჩემთან დიდ ვალშია”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ახალი თაობის” კითხვებს მალხაზ მაჩალიკაშვილი პასუხობს.
– ბატონო მალხაზ, თქვენ გქონდათ მოლოდინი, რომ სასამართლო თქვენს ძმიშვილს არ დატოვებდა პატიმრობაში და გირაოს შეუფარდებდა, თუმცა ის პატიმრობაში დარჩა. რატომ მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება?
– ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ მორის მაჩალიკაშვილი არ არის დამნაშავე.
– მაშინ რა მოხდა?
– ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, პოლიტიკური ანგარიშსწორება.
– რატომ, რისთვის?
– იმიტომ, რომ ის ჩემ გვერდით იდგა და ჩემთან ერთად იბრძოდა სამართლიანობის აღსადგენად. იმ დღეს, როცა მე დავაპირე კარვის გაშლა, გამიწიეს წინააღმდეგობა, რომ არ გამეშალა მე ეს კარავი. მე კანონის საწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებდი. მე მქონდა ამის უფლება. დილით არ გამაშლევინეს კარავი, მაგრამ საღამოს დავდგი. სწორედ იმ დღეს დაურეკეს ჩემს ძმისშვილს, თუ ბიძაშენი გაშლის კარავს, ხვალე ციხეში გამოგამწყვდევთო.
– ანუ წინასწარ იყო ეს მუქარა?
– დიახ. ეს ანგარიშსწორებაა, აბა რა არის?!
– ვინ დაურეკა?
– ვინ დაურეკავდა, ხელისუფლების წარმომადგენელი, ძალოვანი სტრუქტურებიდან. მე არ დამიწყია იმის გარკვევა, თუ ვინ იყო. ასევე მეორე საკითხი – მორის მაჩალიკაშვილი იმ აქციაზე სულაც არ ყოფილა მისული. მორის მაჩალიკაშვილმა არც იცის, ვინ არის გავრილოვი და ეს არც აინტერესებს. მორის მაჩალიკაშვილი იდგა ჩემთან ერთად ერთი წლის განმავლობაში, დღე და ღამე და ითხოვდა იმას, რომ ამ ნაძირლებს გაეცათ ჩვენთვის პასუხი – რატომ მოკალით თემირლანი?!
– რას აპირებთ, ბატონო მალხაზ? გაზაფხულზე, როდესაც პანკისში სერიოზული არეულობა იყო, სპეცრაზმი შეიყვანეს, თქვენ აქტიურად დაუდექით ხელისუფლებას გვერდით და მუხტი ჩააცხრეთ. მაშინ თქვით კიდეც, ეს არ ეკადრება ჩვენს ხეობასო. ახლა რა იქნება, ხეობა დადგება თქვენ გვერდით? აქციებს ხომ არ გეგმავთ?
– ზუსტად მაგაზე ვარ მე გამწარებული. რომ გავიგე, რაც ხდებოდა ხეობაში, დავტოვე რუსთაველი და მაშინვე წავედი პანკისში. მანამდე ფეისბუქზე განცხადება დავწერე, მივმართე ხეობას, რომ არანაირი შეტაკება, არანაირი წინააღმდეგობა არ იყოს პოლიციის წინააღმდეგ. მივმართე, რომ ეს იქნება დიდი პროვოკაცია, დიდი ალიაქოთი და დიდი ქაოსი. თხოვნით მივმართე ჩვენებს.
აქედან რომ წავედი, გზაში დამიჭირეს და სამი საათი მამყოფეს მანქანაში. მიუხედავად ამისა, მე მაინც ავედი ხეობაში, ყველა იქ მყოფი ადამიანი შევკრიბე და ვთხოვე, რაც მოხდა, მსგავსი აღარაფერი განმეორებულიყო. მე რომ ამათ გზაში არ დავეკავებინე, ისიც არ მოხდებოდა, რაც მოხდა. მე პირდაპირ ვეტყვი მაშინდელ შს მინისტრს და ახლანდელ პრემიერ-მინისტრს, რომ ის და მისი უწყება ჩემთან ვალშია, დიდ ვალში! თუმცა ვნახეთ, რაც მოხდა. მორის მაჩალიკაშვილს საერთოდ არაფერი დაუშავებია, მაგრამ ის დააკავეს.
– რას აპირებთ?
– აბა რა გითხრათ, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში რა არ დავაპირე და რა არ გავაკეთე. აქვს ამ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს იმის ღირსება, იმის კაცობა, იმის სინდისი და ნამუსი, რომ რამე პასუხი გამცენ?! არა აქვთ! ვნახოთ, დრო რას მოიტანს, დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
– თუ საჭირო გახდა, დადგება ხეობა თქვენ გვერდით?
– ხეობა ყოველთვის ჩემ გვერდით დგას. ისინი თბილისში არ ცხოვრობენ, მათ თბილისში არც ნათესავები ჰყავთ, არც სახლ-კარი აქვთ აქ. მათი აქ ჩამოსვლა და უკან წასვლა ყოვეთვის დიდ თანხებს უკავშირდება.
გუშინდელ პროცესზე მთელი ხეობის იმამი იყო ჩამოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ხეობა აქ არის, ჩემ გვერდით დგას. თუ საჭირო გახდა, უკლებლივ ყველა ჩამოვა. თუმცა სადღაც იმედს მაინც ვიტოვებ, რომ ეს საჭირო არ გახდება და ესენი მორის მაჩალიკაშვილს გამოუშვებენ. რაღაც პატარა სინდისი მაინც ხომ უნდა ეყოთ?! ამათმა ხომ მორისის ძმა მოკლეს?! მისი ღვიძლი ძმა! ამ მკვლელობისთვის ჯერ კაციშვილი არ დაუჭერიათ, არ დაუსჯიათ. პასუხი არავის უგია ჩემი შვილის მკვლელობისთვის.
– 20 ივნისის საქმეზე სხვაც ბევრია დაკავებული, მათაც დატოვებენ პატიმრობაში?
– დატოვებენ, აბა რას იზამენ. ესენი ყველანი პოლიტპატიმრები არიან. უბრალოდ გული მერევა ყველაფერზე. ამ ქვეყანაში არ არის სამართალი, სასამართლო. ამ ქვეყანაში ხალხში ღირსებას კლავენ. ამ ქვეყანაში ადამიანის სულებს ასახიჩრებენ!
– იმიტომ ხომ არ დატოვეს პატიმრობაში თქვენი ძმის შვილი, რომ თქვენზე მოახდინონ ზეწოლა?
– ჩემზე ზეწოლას ვერ მოახდენენ. მე უკვე ყველაფერი დავკარგე. ჩემზე ზეწოლა შეუძლებელია!
– აპირებთ, რომ ბოლომდე იბრძოლოთ?
– მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს. ჩემი ძმისშვილი ციხიდან მაინც გამოვა. ჩემს ძმას სამი ვაჟი ჰყავს, ღმერთმა კარგად უმყოფოს. მე ერთი მყავდა და ისიც მომიკლეს. ჩემი ძმის გვერდით ათასობით თემირლანი დადგება, ათასობით!
– გაიმართება ხეობაში საპროტესტო აქცია?
– მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ესენი ყველა გარემოებას გაითვალისწინებენ და მორის მაჩალიკაშვილს გაანთავისუფლებენ. აქციას რაც შეეხება, ზუსტად დღევანდელ ხელისუფლებას უნდა, რომ ხეობაში არეულობა მოაწყონ და იქაც აქტიური და არჩეული ბიჭები გამოკეტონ ციხეში.
ამიტომ არ ვიცი, რა ვქნა, ასე თუ მოვიქცევი, ხელისუფლების წისქვილზე ვასხამ წყალს. ესენი ხომ ყველანაირ ნაძირლობას ჩადიან, ყველაფრის მკადრებლები არიან. ესენი კანონის და სამართალის ჩარჩოებიდან გამოდიან. ზუსტად ვიცი, რომ სწორედ ამას ელოდებიან, ხეობაში არეულობას, რომ დანარჩენებიც დაიჭირონ. სწორედ ეგ უნდოდათ, იფიქრეს, რომ თუ მორის მაჩალიკაშვილს არ გამოუშვებდნენ, მე ხეობასი არეულობას მოვაწყობდი, მაგრამ ეს არ მოხდება.
მე ვიბრძოლებ სამართლიანად. დაიჭერენ, არა უშავს, ერთი წელი რჩება არჩევნებამდე. ერთი წლის მერე ამათი საქმე წასულია. მე ამაში დარწმუნებული ვარ. პირადად მე ამ ხელისუფლების შესაცვლელად ყველაფერს გავაკეთებ!
– 19 სექტემბერს ირაკლი ოქრუაშვილის სასმაართლო პროცესი უნდა გაიმართოს, როგორ ფიქრობთ, არც მას არ გამოუშვებენ?
– არც ოქრუაშვილს გამოუშვებენ. ყველაფერს იზამენ, რომ ციხეში გამოკეტონ, რას არ დააბრალებენ. სხვებსაც აიძულებენ, მის წინააღმდეგ ჩვენება მისცენ.
თქვენ არ იცით, რა ბინძური პოლიტიკური თამაში მიდის აქ! ყველამ ყველაფერი კარგად იცის, თუმცა ყველას ენა აქვს ჩავარდნილი და ყველას სირაქლემას პოზიცია აქვს ამ ქვეყანაში.
ამ ქვეყანაში არც ოპოზიცია ვარგა. ოპოზიციას რომ თავის ადგილი ჰქონდეს, ესენი ასე ვერ “იბლატავებდნენ”. დღეს ამ ქვეყანაში არ არის სამართალი, დღეს არ არის სასამართლო. იმდენი ჩადენილი დანაშაული და პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდა ამ ხელისუფლებას, რომ არ ვიცი.
თუ გამოაშკარავდა თემირლანის მკვლელობის ძირეული სიმართლე, დარწმუნებულები არიან, რომ ამათ ეს ხელისუფლება თავზე დაემხობათ. აი, ამიტომ უჭირავთ კბილებით თემირლანის საქმე! ამიტომ მე საბრძოლველი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს.