მამუკა ხაზარაძე – ”ივანიშვილმა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გამომატანინა”

მამუკა ხაზარაძე - ”ივანიშვილმა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გამომატანინა”საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა მას საკონსტიტუციო სასამართლოში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამოტანა სთხოვა.

ამის შესახებ ხაზარაძემ განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“.

„ვანო ჩხარტიშვილმა ჩვენი ბანკის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო და 30 მილიონ დოლარს ითხოვდა. ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული თემა და ჩვენ დავიწყეთ სამართლებრივი ბრძოლა. ავიყვანეთ იურისტები და აღმოვაჩინეთ, რომ მას ანალოგიური საქმეები აღძრული ჰქონდა სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მიმართ და ყველა ეს საქმე ხვდებოდა ერთ მოსამართლესთან, სადაც იმერული ხაჭაპურივით „ცხვებოდა“ და მისი მოგებით სრულდებოდა.

ჩვენ მივხვდით, რომ მსგავს რიგში ვიდექით და საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ სარჩელით“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მასსა და ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„როდესაც გერმანიაში ვიყავი, დამირეკა ივანიშვილმა და დაახლოებით 1 საათი მარწმუნებდა, რომ 3 დღეში საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმის გარჩევა არ მომხდარიყო. მე ვუთხარი, რომ ბანკის ერთ-ერთი აქციონერი ვარ და შეზღუდული ვარ.

ივანიშვილთან ძალიან მეგობრული საუბრის შემდეგ მე დავურეკე უცხოელ პარტნიორებს და დავარწმუნე ისინი, რომ სარჩელი უნდა გამოგვეტანა.

ამის შემდეგ მოხდა შეხვედრა სოლოლაკის სასახლეში, რომელსაც ვესწრებოდით მე, ბადრი ჯაფარიძე, ვანო ჩხარტიშვილი, ბიზნესმენი [სავარაუდოდ, გოჩა] ფიფია, არ ვიცი რატომ, და ბიძინა ივანიშვილი. გასაკვირი იყო ის, რომ შეხვედრას ესწრებოდა მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც.

მე თბილისში  გავიზარდე, ბავშვობაში ყველას გვიჩხუბია, შემდეგ უფროსს დავუძახივართ და შევურიგებივართ, მაგრამ მილიციელი იმ შეხვედრებზე არავის მოუყვანია.

მოვხვდი პატარა სასამართლოზე, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარეც და საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც. საათნახევრის განმავლობაში შოთაძე ჩუმად იჯდა და ბოლოს ჩაიჩურჩულა, რომ ამ საქმეში იურიდიულად არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამიტომ როდესაც ივანიშვილი ამბობს, რომ ხაზარაძემ მადლობაც კი არ გადაიხადა, აქ ალბათ იმაზეა საუბარი, რომ რაღაც მაინც რატომ არ გადავუხადეთ ჩხარტიშვილს“, – განაცხადა ხაზარაძემ.