„მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის“ – ვანო ჩხარტიშვილი

„მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის“ - ვანო ჩხარტიშვილი„მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის“ – ამბობს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში, სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წუთი ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები ვიდრე ის ტყუილები, რომლითაც იგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა.

სააკაშვილთან ალიანსში ბიზნესმენთა დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურცხვი ტყუილით გადაიფარება, როგორც ეს წუხელ სცადა ხაზარაძემ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რამდენად იმსახურებს ახალგამომცხვარი პარტიის ცრუპენტელა ლიდერი ნდობას.

ხაზარაძესთან ჩემი სასამართლო დავა ეხებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემთვის ფოთის წისქვილკომბინატის და მასთან მიბმული ნავმისადგომების საქმეს, რომლებიც მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორედ მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკის“ მეშვეობით უკანონოდ წამართვა. რაც მთავარია, ეს რეკეტი ბანკმა ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჩემი ლონდონში დევნილობის დაწყებიდან მეორე დღესვე დაიწყო. ორივე ეს დავა ერთ მოსამართლესთან იმ უბრალო მიზეზით მოხვდა, რომ დავა ერთ საქმეს ეხებოდა. მე ხაზარაძეს სამართლიანად მოვუგე ორი ინსტანციის სასამართლო, მაგრამ პროცესი შევწყვიტე იმიტომ, რომ საკითხი ორ სუბიექტს შორის დავაზე უფრო დიდი აღმოჩნდა და შეეხო უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობისა და ქვეყნის საფინანსო სტაბილურობის განმსაზღვრელი ინსტიტუტისადმი ნდობის სახელმწიფოებრივ თემებს.