მამუკა ტუსკაძე – “პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადება საშინელებაა”

მამუკა ტუსკაძე - “პრეზიდენტის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადება საშინელებაა”გულიკო ბალაძე, ახალი თაობა
უფლებადამცველი მამუკა ტუსკაზე “ახალ თაობასთან” შეწყალების სკანდალურ თემაზე საუბრობს.
მამუკა ტუსკაძე:
– რაც პრეზიდენტმა ჩაიდინა, კანონის დარღვევა არ არის. თუმცა, დოკუმენტებზე პრეზიდენტის ხელმოწერამდე შეიძლება შეწყალებული ადამიანების ისტორიის, ბიოგრაფიის შესწავლის პროცესში დაშვებული იყო გადაცდომა.
შეიძლება ვიღაცის კორუფციის, ქრთამის აღების, ან სხვა მიზნების გამო ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ჩანს, მაგრამ პრეზიდენტს შეცდომა არ დაუშვია და კანონი არ დაურღვევია.
– აბა, რა დაარღვია?
– უფრო მეტად მორალურ-ზნეობრივი კოდექსი დაარღვია, რომელსაც ჩვენთან კანონმდებლობა არ არეგულირებს, მაგრამ პრეზიდენტს მკვლელები არ უნდა შეეწყალებინა იმიტომ, რომ ისინი არიან მკვლელები, თუმცა, ამას კანონი არ უზღუდავს. ამით ვიღაცამ ისარგებლა, პრეზიდენტს შეუტანა დოკუმენტები.
– საინტერესოა, ვინ იყო ის ვიღაცა.
– ის ვიღაც არ არის დიმიტრი გაბუნია. დიმიტრი გაბუნია არის კვალიფიციური იურისტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს საქმე არ აბარია.
– თუმცა, გარკვეული პირები მას პირდაპირ ადებდნენ ხელს.
– ვინ ადებდა?
– მაგალითად, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი.
– ირმა ნადირაშვილის განცხადებებში არის პოლიტიკური მომენტი. ის პასუხს აგებს, ასე არ შეიძლება ადამიანი დაადანაშაულო იმაში, რის დასადასტურებლად პატარა ნატამალიც კი არ არის. გამორიცხულია, დიმიტრი გაბუნიას გადაცდომის პატარა ნატამალი ჰქონდეს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვიღაცამ ისარგებლა კანონის ხარვეზით.
– რა ხარვეზით ისარგებლეს?
– ხარვეზს დავარქმევ იმას, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტი არ უნდა იყოს გამოყენებული მკვლელობისა და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების მიმართ. მკვლელობასა და სხვა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ შეღავათი.
– რა შეღავათი უნდა ჰქონდეთ?
– 20 წლის შემდეგ უვადოდ მსჯავრდებულებსაც კი აქვთ უფლება, მათი საქმე გადაიხედოს. ეს არის სასამართლოს პრეროგატივა. სასამართლომ უნდა განიხილოს და ან 20 წელი აკმაროს ან უვადო პატიმრობა 22-25 წლამდე დაუყვანოს.
– შეიძლება გამოვრიცხოთ ის, რომ გარკვეული პირები, რომლებიც შეწყალების აქტში მოხვდნენ, უდანაშაულონი იყვნენ?
– იმ მოტივით შეწყალება, პირი არ იყო დამნაშავე და მის მიმართ სასამართლომ განაჩენი არასწორად დაადგინაო, არასწორია. სასამართლოს გადაწყვეტილებების გასწორება პრეზიდენტის პრეროგატივა არ არის.
– ხომ შეიძლება პრეზიდენტმა ეს მოტივი გაითვალისწინოს?
– შეიძლება, მაგრამ პრეზიდენტის შეწყალების აქტი გარკვეული წესების საფუძველზე გამოიცემა.
– მაგალითად, რა წესების დაცვაა საჭირო?
– სასჯელის მინიმუმ ნახევარი უნდა ჰქონდეს მოხდილი, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს.
ამ სამი შემთხვევიდან ორ შემთხვევაში მსჯავრდებულებს სასჯელის ნახევარი მოხდილი არ ჰქონდათ, ანუ მინიმალურ კრიტერიუმსაც არ აკმაყოფილებდნენ.
– ერთი, მგონი, ციხეში, საერთოდ, არ მჯდარა.
– ეგ მეოთხე პირია. ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, რომელიც შეიწყალეს, 10 წელი ჩეხეთში მოიხადა, 3 წელი აქ. სულ 11 წელი და 3 თვე ჰქონდა მისჯილი.
– მგონი, მამა ამბობდა, მკვლელი ციხეში 3 თუ 4 წელი იჯდაო.
– 3 წელი აქ მოიხადა, 10 წელი კი ჩეხეთში. ამას ყურადღებას არავინ აქცევს. მოკლულის მამას თუ ბაბუას, რომელიც ყველა ტელეეთერში იყო წარმოდგენილი, უნდოდა, მკვლელს ის 10 წელი და 3 თვე საქართველოში მოეხადა. არადა, ამ ადამიანს ერთხელ უკვე ამ საქმეზე სასჯელი მოხდილი ჰქონდა ჩეხეთში. რაც აკლდა, აქ მოიხადა. ის რამდენიმე თვეში სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებდა. სხვა გზა არ იყო, უნდა შეეწყალებინა.
მე მაინც მგონია, რომ ამ საქმეში კორუფცია იყო, რადგან მართლა ისეთ ადამიანებს აქვთ შეწყალებაზე განცხადება დაწერილი, რომელთა შეწყალება თავისუფლად შეიძლებოდა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად მიწევს ამ საქმეებში ჩართვა. უწვრილმანეს დანაშაულზეც კი, ნახევარი რომ აქვს მოხდილი, პრეზიდენტი მაინც არ იწყალებს. ეს ადმინისტრაციის დანაშაული უფროა, ვიდრე უშუალოდ პრეზიდენტის.
– შეწყალება იმთავითვე პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებას ნიშნავს?
– არა.
– როდესაც პირი განცხადებას წერს, შემიწყალეო, ეს არ ნიშნავს, რომ პირი დანაშაულს აღიარებს?
– სწორი კითხვაა. სააკაშვილის დროს მსჯავრდებული შეწყალების თხოვნის განცხადებაში წერდა: ვინანიებ ჩადენილ დანაშაულს და გთხოვთ, შემიწყალოთ.
2013 წლის 27 მარტიდან, ალეკო ელისაშვილის დროს მიღებული დებულებით, განცხადების ფორმულირება შეიცვალა. აღარ იწერება, ვინანიებო. ოჯახის წევრს, დედას, მამას, პირდაპირ შეუძლია დაწეროს განცხადება შეწყალებაზე. ხვდებით, რამხელა განსხვავებაა? სააკაშვილის დროს განცხადებაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩაწერილი, ჩადენილ დანაშაულს ვინანიებო.
2013 წელს შემუშავებულმა იმ დებულებამ თქვა, რომ არ გვჭირდება პირის მონანიება. აპირებდნენ, მასობრივად შეეწყალებინათ რეჟიმის დროს უდანაშაულოდ დასჯილი ადამიანები. თუმცა, მერე ეს მაინც არ გააკეთეს.
– რომელი ფორმულირება სჯობს, ვინანიებ დანაშაულსო თუ ახლანდელი, სადაც მსჯავრდებულის განცხადებაში ეს არ წერია?
– სჯობს, ვინანიებ დანაშაულსო, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და ინანიებს. განცხადების ტექსტში უნდა იწერებოდეს, ვინანიებო. დედას, მამას და ბებიას არ უნდა ჰქონდეს შეწყალებაზე განცხადების დაწერის უფლება. შეწყალება არის პერსონალური და განცხადება აუცილებლად პირადად პატიმარმა ან მისმა ადვოკატმა უნდა დაწეროს.
– ფაქტია, რომ პრეზიდენტს ადმინისტრაციის თანამშრომელმა ხელმოსაწერად შეწყალების თაობაზე დოკუმენტები შეუტანა და აუხსნა, რა დოკუმენტები იყო. ახლა საუბარია შესაძლო კორუფციაზე. შეიძლება კვალი პრეზიდენტამდე მიდიოდეს?
– არა და გეტყვით, რატომ. მე პირადად ვიცნობ ქალბატონ სალომეს, მისი ხასიათიც ვიცი. ამიტომ გამორიცხულია, პრეზიდენტი კორუფციაში იყოს გახვეული, მაგრამ არ გამოვრიცხავ, სხვა ვიღაც ადმინისტრაციის თანამშრომელი კორუფციაში იყოს გახვეული.
– დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში იტყვის მის ვინაობას.
– შესაძლებელია. თუ აქვს მტკიცებულებები, დაასახელებს. ეს საქმე ისე არ ჩაივლის, ვიღაც დაისჯება. თუმცა, პრეზიდენტი უკვე დასჯილია, მომხდარით გაოგნებულია. თან საშინელება ჩაიდინა, როცა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა – პატიმრებს, რომლებიც ყოველ დღესასწაულზე ელოდებიან შეწყალებას, ეს უფლება მოუსპო.
ამის გაკეთება ყოვლად დაუშვებელია. პრეზიდენტი ამერიკიდან რომ ჩამოვა, მორატორიუმის მოხსნაზე პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად აქციას გავმართავ.
– როდესაც პრეზიდენტი შეუდგა თავისი უფლებამოსილების შესრულებას, განაცხადა, რომ შეწყალების უფლება სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში უნდა გადასულიყო და იუსტიციის სამინისტრო დაასახელა.
– კიდევ კარგი, ეს არ გაკეთდა, მაგრამ ახლა, ვინც ეს საქმეები შეუტანა, მისთვის უნდა დაესვა კითხვა, მოკლა, დააყაჩაღა თუ რა ჩაიდინა. მათაც შეიძლება შეეხოთ შეწყალება, მაგრამ სასჯელის ნახევარზე მეტს რომ მოიხდიან.
– შეიძლება ისე მოაწერა ხელი, რომ ასეთ სიღრმეებში არ შევიდა?
– ალბათ, ასეა, მაგრამ პრეზიდენტი უნდა კითხულობდეს ამგვარ საქმეებს. თუ არ კითხულობს, არც ეს არის კატასტროფა. დღეს ელექტრონული ხელმოწერები ხდება. პრეზიდენტთან ყველაფერი რომ შეთანხმდება, შემდეგ ხელი ელექტრონულადაც ეწერება. ამიტომ მთავარია შეთანხმება.