მირიან მირიანაშვილი – “სალომე ზურაბიშვილს მაისში შევუთვალე, რომ შეწყალების პროცესში პროვოკაციას მოუწყობდნენ”

მირიან მირიანაშვილი - "სალომე ზურაბიშვილს მაისში შევუთვალე, რომ შეწყალების პროცესში პროვოკაციას მოუწყობდნენ"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს.
– პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა გამოსაძიებელია უკვე მომხდარი. შეწყალების პროცესში გამოკვეთილი გადაცდომების გამო გამოითქვა აზრი, რომ სალომე ზურაბიშვილს ეს გაუჩალიჩეს.
– სალომე ზურაბიშვილი უნაკლო არ არის. ამასთან, მას უამრავი არაკეთილმოსურნე და მტერი ჰყავს, მათ შორის, ახლო გარემოცვაში. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მის გაპრეზიდენტებას. ამ პოლიტიკურ ჯგუფებში ნაციონალების გარდა არიან ხელისუფლებაში მყოფი რუსეთიდან მართული პირები. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტი იქნებდა პროვოკაციების სამიზნე. 9 აპრილს ამის მოწმენი გავხდით.
– გულისხმობთ იმას, რომ პრეზიდენტმა გამოსვლისას 1989 წლის 9 აპრილის გმირებში არ დაასახელა თამუნა ჭოველიძე?
– რასაკვირველია. მაშინდელ სიტყვაში პრეზიდენტმა გამოიყენა დაწერილი სია. პოლიტიკაში ოდნავ ჩახედულებმაც იციან, რომ ჭოველიძის გვარის გამორჩენა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას დამსახურებაა. იქ აღარ არის ჟვანია, მაგრამ არიან სხვები.
სალომე ზურაბიშვილი თვითონაც უნდა მიმხვდარიყო, რომ სხვა შარშიც აუცილებლად გახვევდნენ. მაისის შუა რიცხვებში პრეზიდენტი კულუარულად გავაფრთხილე, რომ შეწყალების პროცესში მას დიდ პროვოკაციას მოუწყობდნენ. იმ დროს, როცა არასანდო გარემოა და შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა არ არის დაკომპლექტებული, ჯობია, დროებით გამოცხადდეს მორატორიუმი შეწყალებაზე. ეს იყო რჩევა.
– როგორც ჩანს, იმ დროს პრეზიდენტმა ეს რჩევა ყურად არ იყო. მორატორიუმის გამოცხადება მას ახლა მოუწია. პროვოკაციები კიდევ მოსალოდნელია?
– ასეთი გეგმები შემუშავებულია. ჩაფიქრებულია ტოტალური შეტევა პრეზიდენტზე. ამის პრევენციისთვის, ალბათ, საჯაროდ მომიხდება განცხადების გაკეთება.
– გაზეთის მეშვეობით?
– რატომაც არა. პოპულარული გაზეთით გავრცელებული გაფრთხილება ინსპირატორებს კონკრეტულ გეგმებს ჩაუშლის. რუსეთი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მოქმედებებს გააგრძელებს. ვისაც ჰგონია, რომ ზურაბიშვილი მოსკოვის მიერ შემოგზავნილი კანდიდატურაა, იმასთან კამათს აზრი არა აქვს.