მკვლელობა წურწუმიებში – ძმამ შვილის საფლავზე გერმანიიდან ჩამოსული ძმა მოკლა

მკვლელობა წურწუმიებში - ძმამ შვილის საფლავზე გერმანიიდან ჩამოსული ძმა მოკლაზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში ძმამ ძმა მოკლა. სასაფლაოზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 41 წლის მამაკაცს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ძმები წურწუმიები აფხაზეთიდან დევნილები არიან და ზუგდიდში ცხოვრობდნენ.

დაკავებულია 36 წლის მამაკაცი. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. დაკავებული ბრალს აღიარებს.

სოფელში მერის წარმომადგენელმა ზურაბ ფაჟავამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ გარდაცვლილს შვიდი ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, მისთვის უცნობია. ამბობს, რომ ორივენი ნასვამები იყვნენ.

“მოკლულს ჩვენ არ ვიცნობდით. გერმანიაში ცხოვრობდა და რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, დევნილები არიან. ერთ-ერთი ჩვენს სოფელშია ჩასიძებული. მეორე გერმანიიდან იყო ჩამოსული. ჩვენს სოფელში მცხოვრებს შვილი ჰყავს გარდაცვლილი და მის სასაფლაოზე იყვნენ. მერე რა მოხდა, არავინ არ იცის”, – ამბობს ზურაბ ფაჟავა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1985 წელს დაბადებულ ძმას, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენა. ცხელ კვალზე სამართალდამცავებმა დანაშაული გახსნეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს”, – განმარტეს სამინისტროში.