მამუკა გვაძაბია – “ნატოში უნდა შევიდეთ იმ ტერიტორიებით, რომელთაც დღეს ვაკონტროლებთ”

მამუკა გვაძაბია - “ნატოში უნდა შევიდეთ იმ ტერიტორიებით, რომელთაც დღეს ვაკონტროლებთ”გულიკო ბალაძე, ახალი თაობა
დამოუკიდებელი ექსპერტი და აფხაზეთიდან დევნილი მამუკა გვაძაბია “ახალ თაობასთან” რასმუსენის ცნობილ განცხადებასა და ამასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.
მამუკა გვაძაბია:
– ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაცრია. როგორც კი ამის თაობაზე ინფორმაცია ფეისბუქზე გამოჩნდა, მაშინვე ვნახე განცხადება ორიგინალ ვნაზე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდა.
– რას გულისხმობთ?
– რასმუსენს არსად უთქვამს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიის ნაწილები არ არისო. რასმუსენი გამოკვეთილად ამბობდა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ეს ნაწილები ოკუპირებულია. ამიტომ საქართველოს მიღება ნატოში შეიძლება დე ფაქტო ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ანუ სანამ ეს ტერიტორიები საქართველოს შემოუერთდება, დანარჩენი ტერიტორიებით, იურიდიულად მთლიანი საქართველოს ნატოში მიღებაზე ლაპარაკი დაიწყოს. ამაში ცუდი რა არის? მე ყოველთვის ამის მომხრე ვიყავი.
თუ ქვეყნის ნატოში მიღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება დამოკიდებული, რუსეთი ყოველთვის შეეცდება, დიდხანს გააჭიანუროს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. თუ რუსეთს ეცოდინება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთანავე, საქართველო ნატოს წევრი გახდება, ის იმ ტერიტორიებს არასოდეს გაუშვებს.
ჩვენთვის მომგებიანია საქართველოს ნატოში იმ ფორმით მიღება, როგორც გერმანიის შემთხვევაში მოხდა, ვიდრე ველოდოთ იმას, როდის დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს.
– ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ტერიტორიებს თმობ? რუსეთი ამას ასე გაიგებს. 
– ეს ტერიტორიის დათმობას არ ნიშნავს. ამ ტერიტორიებს არ ვთმობთ. რუსეთი კი, როგორც ენდომება, ისე გაიგებს. გერმანიასთან შედარება რატომ არ გინდათ, პირდაპირი ანალოგია არ არის? დასავლეთ გერმანია ნატოს წევრი რომ არ ყოფილიყო, დღეს გერმანია გაერთიანებული არ იქნებოდა.
– გერმანიის შემთხვევაში ორივე ნაწილი წმინდა წყლის გერმანია იყო. ჩვენ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ოსი და აფხაზი სეპარატისტები გვიმღვრევენ წყალს. ამ საკითხში ჩვენ არ უნდა გვქონდეს მათი იმედი.
– ამ ფორმულირებაში მე ვერ გამოგყვებით. როდესაც ამბობთ, იქ ორივე გერმანია იყოო, აქ საქართველოა და აფხაზეთსა და ცხინვალში არ არის საქართველო?
– საქართველოა, მაგრამ…
– საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრების მიხედვით რომ მივუდგეთ საკითხს, სწორი არ არის. აქაც საქართველოა და იქაც საქართველოა, მაგრამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ. ეს არის მოცემულობა, ამას ვერსად გავექცევით.
– გერმანიაში თვითონ აღმოსავლეთ გერმანელებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი. ჩვენ აფხაზური და ოსური საზოგადოებების იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ ისინი ჩვენთან გაერთიანებას მოინდომებენ? 
– აგაშენათ ღმერთმა. ამაზე მე მყარად ჩამყალიბებული პოზიცია მაქვს. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რა არის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლის დაკარგვის მიზეზი.
ამ ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვის პირველი მიზეზი არის სახელმწიფო გადატრიალება, რომლის პირდაპირი და უშუალო შედეგია ომის გაჩაღება აფხაზეთში, ადგილობრივი ელემენტების მეშვეობით. მათ შორის, ქართველი ელემენტების ხელშეწყობით, რომლებიც იმ მოცემულობაში ცენტრალური არალეგიტიმური ხელისუფლების წისქვილზე ასხამდნენ წყალს, მოიწვიეს რა არალეგიტიმური სამხედრო ფორმირებები აფხაზეთის ტერიტორიაზე და ხელი შეუწყვეს ომის გაჩარებას..
– გასაგებია, მაგრამ ახლა ვისაუბროთ იმაზე, რასაც დღევანდელი სტატუს ქვო გვეუბნება.
– სანამ ამას საქართველო არ იტყვის, ჩვენ აფხაზეთში მომხრეებს ვერ გავიჩენთ. აფხაზეთში ჩვენ მომხრეები რომ გავიჩინოთ, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ თავისი პოზიცია უნდა დაფიქსიროს საქართველოში მომხდარ გადატრიალებასთან დაკავშირებით.
თქვენ თუ იცით, ბოლო დროს გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნადარაიამ (რომელსაც 100 ქართველი ჰყავს მოკლული და აფხაზეთის გმირია) რა განაცხადა? რაც ჩვენ უნდა გვეთქვა, იმ ავაზაკმა თქვა.
ნადარაიამ თქვა: აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო იმან, ვინც საქართველოში ცენტრალური კანონიერი ხელისუფლება დაამხო. ვინც კანონიერი ხელისუფლება დაამხო, ის მთელი ქართველი ხალხი არ იყო. კანონიერი ხელისუფლება კი დაამხო ერთმა ჯგუფმა შევარდნაძის მეთაურობით და აფხაზეთში ომი დაიწყო.
ეს არის მართალი. რაც ჩვენ უნდა გვეთქვა, ნადარაიამ თქვა.
– ეგ გასაგებია, მაგრამ როდესაც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი რიგ რეგიონებზე არ ვრცელდება, ჩვენ უფლება გვაქვს რომელიმე ტერიტორიის გარეშე სამხედრო ბლოკებში შევიდეთ და უარყოფითი კონტექსტით ვიმოძრაოთ? როცა იტყვი,  იმ ტერიტორიების გარეშე შედიხარ, არ იფიქრებენ, რომ მათ თმობ?
– ეს არის წამგებიანი მიდგომა ქვეყნის გაერთიანებისთვის. ნატოს წესდების მე-5 მუხლის შეჩერება მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და არა სამუდამოდ. ამიტომ საქართველო ნატოში შევა დანარჩენი ტერიტორიით, სადაც სამხედრო საწვრთნელი ბაზები განლაგდება. ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება, ყველა ქვეყანა, რომელიც ნატოში გაწევრიანდა, ეკონომიკურად გაცილებით სტაბილური და მიმზიდველი გახდა, მათ შორის, ინვესტიციებისთვის.
იმ ნაწილს, რომელსაც ჩვენ დე ფაქტო ვერ ვაკონტროლებთ, ყველანაირად უნდა აინტერესებდეს, მათ შორის, ცხოვრების დონის მხრივ, რომ მოგვბაძონ.
– ჩვენ ნატოში შესვლა იმიტომ გვინდა, რომ ნატოს დახმარებით ტერიტორიები დავიბრუნოთ.
– ნატის წესდების მე-5 მუხლი დროებით იმოქმედებს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ძალიან პატარა ბიჭი რომ ვიყავი და ვამბობდი, გერმანია გაერთიანდება, საბჭოთა კავშირი დაინგრევა-მეთქი, ყველას გიჟი ვეგონე. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რუსეთს აფხაზეთი და სამაჩაბლო შერჩება? მე ასე არ ვფიქრობ. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.
დღეს იქნება თუ ხვალ, ან ხელისუფლება შეიცვლება, ან პოლიტიკური მოცემულობა, ან რაღაც შეიცვლება და საქართველოს თავისი ტერიტორიები აუცილებლად დაუბრუნდება. ამაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. ჩვენ უნდა ვიაროთ წინ და არა – უკან.
უნდა შევიდეთ ნატოში იმ ტერიტორიებით, რომელთაც დღეს ვაკონტროლებთ, რათა ცოტა მოვძლიერდეთ, ყოველ 100 მეტრში რუსული საგუშაგო არ იდგეს და საზღვრები არ გადმოწიონ. რამდენიმე დღეში შეიძლება აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალი გადაგიკეტონ. ვინ არის წინააღმდეგობის გამწევი.
– თუ ნატოს საქართველო სჭირდება, მიგვიღოს გაეროს მიერ აღიარებული საზღვრებით და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მე-5 მუხლის მოქმედებას ნუ შეაჩერებს.
– მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რომ არ შეაჩეროს, ეს იქნება ნატოს პრინციპების ძირფესვიანი გადახედვა. ე.ი. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს პირდაპირ სამხედრო საფრთხეები ემუქრება, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი უნდა დაიწყოს.
ნატოში მიღების შემთხვევაში დათქმა იქნება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მე-5 მუხლი შეჩერდეს. დარწმუნებული ვარ, ტერიტორიული მთლიანობა 10-20 წლის განმავლობაში აღდგება. როგორც კი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, მერე ეს მუხლი იქაც ამოქმედდება.
– ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც რუსეთი ყველანაირად გვავიწროვებს და ვერაფერს ვაკეთებთ?
– ძალიან მკაფიოდ წარმომიდგენია, როგორც წარმომედგინა გერმანიის გაერთიანება და საბჭოთა კავშირის დაშლა.
– თქვენ რა, რუსეთის დაშლას წინასწარმეტყველებთ?
– ჩემი საქმე რუსეთის დაშლა არ არის. ნახევარი რუსეთი ჩინეთმა წაიღო, ციმბირი ნახეთ, რა დღეშია. ნახევარი ციმბირი გადაიწვა და გამკითხველი კაციშვილი არ იყო. ეგ ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ გეგმაზომიერად უნდა ვაკეთოთ საქმე. საქართველოში ძალიან ძლიერი ნატოს ძალები უნდა იყოს, რომლებიც ძირითადად ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით იქნება დაკომპლექტებული. კომინიკაციები დაცული უნდა იყოს.
თუ გვეღირსა, კარგად უნდა იყოს დაცული ანაკლიის პორტი. ეს იქნება სასტარტო პირობები. უნდა ვიმუშაოთ, პრორუსული ძალების, პატრიოტებისა და ასეთი პოლიტიკური ავაზაკების განეიტრალებაზე.
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ როგორც სახელმწიფო გავძლიერდეთ.
დღეს ნატოს უსაფრთხოების სისტემა საქართველოსთვის ოპტიმალური ვარიანტია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.