“ნოვოკაინის შეყვანაზე დაეწყო შოკი” – 19 წლის გოგონა რუსთავში ცხვირის ოპერაციის გაკეთებისას გარდაიცვალა – ვიდეო

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა.

ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია.

19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს მედიკამენტებზე შესაბამისი სინჯი ჩაუტარდა და შედეგები ოჯახის წევრებსაც გააცნეს.

საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, გოგონას რეანიმირებას 9 საათი ცდილობდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“სამწუხარო შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა 19 წლის გოგონა. გეგმურ ოპერაციაზე, ოპერაციის დაწყებამდე. ანესთეზიის შეყვანისთანავე განვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი. მდგომარეობიდან გოგონას გამოყვანა ვერ მოხერხდა მიუხედავად დიდი მცდელობისა. ოპერაცია დაწყებული არ იყო, წინასწარ სინჯი, რა თქმა უნდა, გაკეთდა. ოჯახის წევრებმაც იციან, რომ გაკეთდა. ნახეს თვითონაც, რომ არაფერზე რეაქცია არ ჰქონდა. სინჯის შედეგებს ვაჩვენებთ ხოლმე ყოველთვის ოჯახის წევრებს.

არ არსებობს გარანტია, რომ შოკი არ განვითარდება. ამის გარანტია რომ არსებობდეს, ეს დაავადება არ იარსებებს საერთოდ.

მე ექიმის გადაცდომას ვერ ვხედავ. დიდხანს გაგრძელდა რეანიმაცია, შედეგიც იყო შუალედში, მაგრამ ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და საბოლოოდ გული გაჩერდა.

უშუალოდ ნოვოკაინის შეყვანაზე დაეწყო შოკი. პირდაპირ ნემსის შეყვანისთანავე დაიწყო ეს ამბავი. პირველივე წვეთიდან. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა ეს ამბავი”, – განაცხადა დავით გოგოძემ.

გოგონას ბებია ფლორა შენგელია აცხადებს, რომ მის შვილიშვილს, ცხვირის ოპერაციამდე ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა და სრულიად ჯანმრთელი იყო.

„ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა. ექიმს უთქვამს, რომ ასეთი ჯანმრთელი ადამიანი ჩემთან არ შემოსულაო. მერცხალი გოგო იყო. არანაირი გულის პრობლემა არ ჰქონდა“, – განაცხადა ფლორა შენგელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ბებია ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზი ნარკოზის დიდი ოდენობით გაკეთება იქნებოდა.

„დიდი დოზა ნარკოზის ბრალია. ოპერაცია არ იყო დაწყებული, იქამდე გარდაიცვალა“, – განაცხადა ფლორა შენგელიამ.

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იპნ