პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე შეიძლება გამოძიება დაიწყოს – “შევისწავლით ფაქტებს”

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე შეიძლება გამოძიება დაიწყოს - "შევისწავლით ფაქტებს"გენერალური პროკურატურა შეისწავლის „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომლითაც პარტია პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწებას ითხოვს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას სწორედ ფაქტების შესწავლის შემდეგ მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ პროკურატურას გუშინ განცხადებით მიმართა და მოითხოვა, დაიწყოს გამოძიება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე.

კერძოდ, პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მიიღეს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული.